ფეხბურთი

11:53 | 7.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

წარდგენა - დანიური დინამიტი
დანიის ნაკრები

დანიური დინამიტი - 1992 წელს, მეზობლად, შვედეთში აფეთქდა. დანიის ნაკრებმა ევრო 1992-ის შესარჩევი ციკლი წარმატებით ვერ გაიარა და იუგოსლავიას ჩამორჩა. შედეგად, სკანდინავიელები დასასვენებლად გაეშურნენ და ფეხბურთისგან დასვენებას აპირებდნენ, მაგრამ ვინ დააცადა. საომარი მოქმედებების გამო იუგოსლავია ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა და ფინალურ ეტაპზე სწორედ დანიამ ჩაანაცვლა.

დანიის ნაკრები ქვეჯგუფში შვედეთთან, საფრანგეთთან და ინგლისთან მოხვდა და ნახევარფინალში მასპინძელთან ერთად გავიდა. იქ კი, პეტერ შმეიხელის ლიდერობით ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხა პენალტებში და ფინალში გერმანიაც ზედ მიაყოლა. შედეგად, დანიური დინამიტი აფეთქდა - დანია ევროპის ჩემპიონი გახდა.

მას შემდეგ 26 წელი გავიდა და ახლა დანიის ნაკრები საქართველოს ნაკრების მეტოქეა. WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ ჩვენი მომავალი მეტოქეების წარდგენას. დავიწყოთ დანიის ნაკრებით, რომელიც ერთადერთია D ჯგუფში, რომელსაც ტიტული აქვს მოგებული.

მუნდიალი 2018

შორეულ წარსულში რომ არ გადავვარდეთ, ჯერ მსოფლიოს განვლილი ჩემპიონატი გავიხსენოთ, სადაც დანიამ მერვედფინალში გააღწია და ძალიან მცირედი დააკლდა უფრო შორს წასასვლელად.

ქვეჯგუფში სკანდინავიელებმა პერუ დაამარცხეს, რასაც ავსტრალიასთან და საფრანგეთთან ფრეები მოჰყვა. 5 ქულით აგე ჰარეიდეს გუნდი მერვედფინალში ხორვატიის ნაკრებზე გავიდა. ძალიან ახლოს იყო მომავალი ვიცე-ჩემპიონის ძლევასთან. მატიას იორგენსენმა და მარიო მანჯუკიჩმა გოლები საწყის 4 წუთში გაცვალეს და მეტი აღარ გასულა. პენალტების სერიაში კი, დანიელებმა ცუდად ითამაშეს. კრისტიან ერიკსენმა, ლასე შონემ და იმავე იორგენსენმა ვერ გაიტანეს. ასე დრამატულად დასრულდა დანიის ნაკრებისთვის გასული მუნდიალი.

ერთა ლიგა

დანია B დივიზიონის მეოთხე ჯგუფში მოხვდა. მეტოქედ კი ირლანდია და უელსი ერგო. სკანდინავიელებმა უელსს ორჯერ მოუგეს (შინ 2:0, სტუმრად 2:1), ხოლო ირლანდიასთან ორი ნულოვანი ფრე გაახერხეს. მოპოვებული რვა ქულით კი პირველ ადგილზე გავიდნენ. შედეგად, დანიამ მოიპოვა 2020 წელს A დივიზიონში და ამასთან, ერთა ლიგის ნახევარფინალურ პლეი-ოფში თამაშის უფლებაც.

ევროპის ჩემპიონატი

დანიას ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 8-ჯერ აქვს ნათამაშები და ყველაზე დიდ წარმატებაზე უკვე გიამბეთ. აი, სხვა მხრივ, დიდად დასამახსოვრებელი შედეგები არ აქვს. თუ არ ჩავთვლით ევრო 1984-ს, როდესაც საფრანგეთში მესამე ადგილზე გავიდა. ბოლოს კი, ფინალურ ეტაპზე 2012 წელს იმყოფებოდა და ჯგუფში ჩარჩა. პირველივე ტურში ჰოლანდიის ძლევა საკმარისი არ გამოდგა პლეი-ოფში გასასვლელად, რადგან შემდეგ მიყოლებით უქულოდ დარჩა პორტუგალიასთან (2:3) და გერმანიასთან (1:2). თუმცა, საგულისხმოა, რომ ორივე ხსენებულ მატჩში ბოლომდე იბრძოლა და ბოლო წუთებში გაუშვა გადამწყვეტი გოლები.

ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპი

აი, ბოლო ევროფორუმმა დანიის გარეშე ჩაიარა. შესარჩევ ეტაპს მეტოქეობას პორტუგალია, ალბანეთი, სერბეთი და სომხეთი უწევდნენ. საბოლოოდ, დანიის ნაკრბემა 8 მატჩში 12 ქულა დაგაროვა (3 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება) და მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა. თუმცა, შანსი მაინც ჰქონდა, რადგან პლეი-ოფში გადაინაცვლა. აი, იქ კი, შვედეთის ნაკრებთან ძალზე დრამატულ და დაძაბულ ორრაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა (1:2, 2:2).

მწვრთნელი

აგე ჰარეიდე - სპეციალისტი, რომელმაც სახელი პატარა გუნდებში წარმატებული მუშაობით გაითქვა. მაგალითად, მისი გაწვრთნილი „მალმე“ 2014-2015 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა.

65 წლის ნორვეგიელმა იქამდე მუშაობა ნორვეგიის ნაკრებშიც მოასწრო, მაგრამ განსაკუთრებული მიღწევის გარეშე (2003-2008). სხვა და სხვა დროს, „როსენბორგს“, „ბრონდბიუს“, „ვიკინგს“, „ჰელსინგბორგსა“ და „მიოლდეს“ წვრთნიდა. საინტერესოა, რომ მწვრთნელის რანგში სამი ქვეყნის ჩემპიონია - დანია (2002), ნორვეგია (2003) და შვედეთი (1999, 2014)

სხვათა შორის, ქართულ ფეხბურთთან მისი გზა აქამდეც გადაკვეთილა. 1996-1997 წლების სეზონში „მიოლდე“ უეფას თასზე „დინამოს“ დაუპირისპირდა. თბილისში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა კახი გოგიჩაიშვილისა და ლაექსანდრე იაშვილის გოლებით 2:1 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრაში გოლი არ გასულა და „დინამო“ შემდეგ ეტაპზე გავიდა. მოკლედ, ნორვეგიელს საქართველო მთლად კარგად არ უნდა ახსენდებოდეს.

სანამ მწვრთნელობას დაიწყებდა, იქამდე ფეხბურთელი გახლდათ და საკმაოდ წამრატებული კარიერაც ჰქონდა. ითამაშა „მანჩესტერ სიტისა“ და „ნორვიჩ სიტიში“, თუმცა კარიერის უმეტესი ნაწილი სწორედ „მიოლდეში“ გაატარა (1975-1981, 1984-1987). ნორვეგიის ნაკრების ღირსება კი 50 მატჩში დაიცვა და 5 გოლიც გაიტანა.

დანიის ნაკრების 2018 წელი

დანიამ 2018 წელს 14 თამაში ჩაატარა და ერთადერთხელ დამარცხდა. ისიც, სპარინგში, 5 სექტემბერს, სლოვაკეთთან 0:3. თუმცა, ახსნა ამასაც ჰქონდა. დანიის ნაკრებმა გადახალისებული, მეტიც, იმ შემადგენლობით ითამაშა, რომელიც არც მანამდე და არც მას მერე არ გამოუყენებია.

სტატისტიკა ასეთია: 14 მატჩი, 6 მოგება, 7 ფრე, 1 წაგება, 12:6 ბურთების ბალანსი. საინტერესოა, რომ ხსენებული მატჩებიდან კარი მშრალად 10 შეხვედრაში შეინახა, რაც ცალსახად მიანიშნებს, რომ დაცვაში ამ გუნდს თამაში არ ეშელება და ესწავლება.

ოფიციალურ თამაშებს თუ გადავხედავთ, საერთოდ არ წაუგია 2018 წელს. ერთა ლიგაზე, 4-დან 2 მოიგო, ორჯერაც ფრე ითამაშა, ხოლო მუნდიალზე ერთხელ იმარჯვა და სამჯერ ფრეს დასჯერდა (ხორვატიასთან პენალტებში დამარცხდა, რაც სტატისტიკაში წაგებად არ ითვლება).

სპარინგი: დანია - პანამა 1:0 (სისტო)

სპარინგი: დანია - ჩილე 0:0

სპარინგი: შვედეთი - დანია 0:0

სპარინგი: დანია - მექსიკა 2:0 (პოულსენი, ერიკსენი)

მუნდიალი 2018: პერუ - დანია 0:1 (პოულსენი)

მუნდიალი 2018: დანია - ავსტრალია 1:1 (ერიკსენი)

მუნდიალი 2018: დანია - საფრანგეთი 0:0

მუნდიალი 2018: ხორვატია - დანია 1:1 (პენ: 3:2) (მ. იორგენსენი)

სპარინგი: სლოვაკეთი - დანია 3:0

ერთა ლიგა: დანია - უელსი 2:0 (ერიკსენი, ერიკსენი)

ერთა ლიგა: ირლანდია - დანია 0:0

სპარინგი: დანია - ავსტრია 2:0 (ლერაგერი, ბრაითვაითი)

ერთა ლიგა: უელსი - დანია 1:2 (ნ. იორგენსენი, ბრაითვაითი)

ერთა ლიგა: დანია - ირლანდია 0:0

კონტიგენტი

დანიის ნაკრების შემადგენლობა საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და დაბალანსებულიცაა. გუნდის ბირთვის შეადგნენ, როგორც შიდა ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, ისე ლეგიონერები – იტალიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან.

გუნდის უდაო ლიდერი კრისტიან ერიკსენია, თუმცა ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ. იქამდე სხვები ვახსენოთ. მაგალითად, სიმონ კიაერი, რომელიც დაცვის ხაზის ლიდერად მიიჩნევა და კაპიტანია. საინტერესო ფიგურაა ახალგაზრდა ანდრეას კრისტენსენი, რომელიც ლონდონის “ჩელსის” ღირსებას იცავს. იანიკ ვესტერგაარდი კი, “გლადბახის” ძირითადი შემადგენლობის წევრია. დანიელებს პრობლემა არც მეკარის პოზიციაზე აქვთ. მთლად მამის დონეს ვერ მიაღწია კასპერ შმეიხელმა, მაგრამ ურიგო კიპერი სულაც არ გახლავთ და ეს გასულ მუნდიალზე კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ნახევარდაცვაში ერიკსენის ლიდერობით უნდა გამოვყოთ პიონე სისტო, დანიელ ვასი, ტომას დელანი „დორტმუნდიდან“. არაფერი დაეწუნება ლასე შონეს “აიაქსიდან”. რაც შეეხება შეტევას – კასპერ დოლბერგი „აიაქსიდან“, აქვეა იუსუფ პოულსენი, რომელიც “ლაიფციგში” ირჯება, კენეტ ზოჰორე “კარდიფ სიტიდან” და ანდრეას კორნელიუსი “ბორდოდან”. მოკლედ, დანიის ნაკრებს კომპლექტაციის მხრივ საფიქრალი ნამდვილად არ აქვს.

ვარსკვლავი

დანიის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი ცალსახად კრისტიან ერისკენია. 26 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც ბობოლა გუნდების რიგები უდგას. ერიკსენს დანიის ნაკრებში დებიუტი 2010 წელს ჰქონდა. ეს მარტში ავსტრიის ნაკრებთან სპარინგში მოხდა. მორტენ ოლსენმა ერიკსენი სამხრეთ აფრიკაშიც იახლა და 2010 წლის მუნდიალზე ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახლდათ. კრისტიანმა მუნდიალზე ორ მატჩში ითამაშა, ჰოლანდიასთან და იაპონიასთან, თუმცა დანია ჯგუფში ჩარჩა.

მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ეტაპი დანიამ წარმატებით რომ ჩაატარა, ეს დიდწილად ერიკსენის დამსახურებაა. პლეი-ოფში ირლანდიასთან ჰეთ-თრიქი გაიფორმა, ჯამში კი 12 მატჩში 11-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები. მთლიანობაში 26 წლის ნახევარმცველის აქტივში დანიის ნაკრების მაისურით 85 თამაში და 25 გოლია. 2010 და 2018 წლის მუნდიალების გარდა, 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ითამაშა.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას – 2013 წლამდე “აიაქსის” რიგებში ირჯებოდა და ევროპაში ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტადაც სამართლიანად მიიჩნეოდა. 2013 წლის ზაფხულში კი “ტოტენჰემმა” 12 მილიონ ევროდ შეიძინა. “დეზების” ლიდერად ჩამოყალიბება ერიკსენს არ გასჭირვებია. გასულ სეზონში დანიელმა პრემიერლიგაში 37 მატჩში 10 გოლი გაიტანა, რასაც ჩემპიონთა ლიგაზე 6 თამაში და 2 გოლი დაუმატა.

მიმდინარე სეზონს რაც შეეხება - ამ დროისთვის პრემიერლიგაში 10 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 4 მატჩში თავი 2-ჯერ გამოიჩინა.

დანია საქართველოსთან

დანიის ნაკრებისა და საქართველოს გზები პირველად 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე გადაიკვეთა. ისტორიაში სადებიუტო თამაში კი 2004 წლის 17 ნოემბერს თბილისში შედგა და ერთადერთი შემთხვევაა დღემდე, როდესაც სკანდინავიელებთან საქართველო არ დამარცხებულა.

„მიხეილ მესხზე“ იტალიური „მილანის“ შემტევი იონ და ლ ტომასონის შეჩერება ალენ ჟირესის გუნდისთვის რთული საკითხი გამოდგა. დანიელმა ფორვარდმა მე-7 და 64-ე წუთებზე ორჯერ გაიტანა. თუმცა, „ჯვაროსნებმა“ ორივე გოლი გაქვითეს. ჯერ გიორგი დემეტრაძემ 33-ე წუთზე, ხოლო მერე მალხაზ ასათიანმა 76-ე წუთზე. განსაკუთრებით ეფექტური სწორედ ასათიანის გოლი გამოდგა...

იმავე შესარჩევ ეტაპზე გაიმართა საპასუხო მატჩიც, რომელშიც ჩვენთვის კარგი არაფერი მომხდარა. 2005 წლის 7 სექტემბერს, კოპენჰაგენში დანიელებმა 6:1 გაიმარჯვეს... მასპინძელთაგან კლაუს იენსენმა, კრისტიან პოულსენმა, დანიელ აგერმა, იონ დალ ტომასონმა და სორენ ლარსენმა (დუბლი) გაიტანეს. ქართველთაგან კი თავი გიორგი დემეტრაძემ 37-ე წუთზე გამოიჩინა და იმ დროისთვის 1:2 გახადა ანგარიში...

ბოლო დაპირისპირება კი ამხანაგური ხასიათის გახლდათ და 2013 წლის 5 ივნისს, ოლბორგში გაიმართა. ამჯერად, თემურ ქეცბაიას ფორმაციის გუნდმა გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს, მაგრამ მაინც დამარცხდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველო დაწინაურდა. 52-ე წუთზე თავი ირაკლი ძარიამ გამოიჩინა. დანიელებმა შეხვედრა ბოლოში შემოატრიალეს. ნიკლას პედერსენმა 77-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე, კრისტიან ერიკსენმა დიდებული საჯარიმო დარტყმით დანიას მოაგებინა.

კალენდარი

IV ტური, 10 ივნისი. დანია - საქართველო

V ტური, 8 სექტემბერი. საქართველო დანია

ზოგადი ინფორმაცია

ტიტულები

ევროპის ჩემპიოინი (1992), კონფედერაციათა თასი (1995)

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში

პეტერ შმეიხელი (1987-2001) – 129 თამაში, 1 გოლი

დენის რომედალი (2000-2013) – 126 თამაში, 21 გოლი

იონ დალ ტომასონი (1997-2010) – 112 თამაში, 52 გოლი

ტომას ჰელვეგი (1994-2007) – 108 თამაში, 2 გოლი

მიქაელ ლაუდრუპი (1982-1998) – 104 თამაში, 37 გოლი

საუკეთესო ბომბარდირები

იონ დალ ტომასონი (1997-2010) – 112 თამაში, 52 გოლი

პოლ ნილსენი (1910-1925) – 38 თამაში, 52 გოლი

პაული იორგენსენი (1925-1939) – 47 თამაში, 44 გოლი

ოლე მადსენი (1958-1959) – 50 თამაში, 42 გოლი

პრებენ ელკიაერ ლარსენი (1977-1988) – 69 თამაში, 38 გოლი

სამწვრთნელი შტაბი

მთავარი მწვრთნელი: აგე ჰარეიდე

მწვრთნელის ასისტენტი: იონ დალ ტომასონი

მეკარეების მწვრთნელი: ლარს ჰიოგი

თავდამსხმელების მწვრთნელი: იონ დალ ტომასონი

ფიფას რეიტინგი: მე-10 ადგილი

0.112122