უეფას ერთა ლიგის გათამაშება გრძელდება. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო D დივიზიონის შესახებ უკვე გამცნეთ, ახლა უფრო მაღალ საფეხურზე შევიხედოთ.
ჰოლანდიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონი ბეჭებზე გააკრა და მორიგი ხმაურიანი შეხვედრა მოიგო, დანიამ ჯგუფში პირველობა გაინაღდა, ხოლო სლოვენია ყველაზე დაბალ დივიზიონში დაქვეითდა.
A დივიზიონი, A ჯგუფი
ჰოლანდიის ნაკრები დაბრუნდა. ერთი თვის გერმანიის განადგურების შემდეგ, ნარინჯისფერებმა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთიც ალემანთა გზას გაუყენეს. რონალდ კუმანის გუნდმა „მამლები“ ყველაფერში აშკარად დაჯაბნა და დამსახურებულად მოიგო. ერთი სიამოვნება იყო ჰოლანდიელთა თამაშის ცქერა, რასაც აბსოლუტურად ვერ ვიტყვით საფრანგეთის ნაკრებზე, რომელსაც შეტევაში ხეირიანი არაფერი შექუმნია და რომ არ განადგურდა, უგო ლორისს უნდა უმადლოდეს, რომელმაც არაერთხელ აშკარა გოლისგან იხსნა თავისიანები.
შედეგად, ბოლო მატჩის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ნაკრები B დივიზიონში გავარდა. ეს გარდაუვალია. თუმცა, უცნობია, ვინ ითამაშებს პლეი-ოფში. საფრანგეთს ქულით მეტი აქვს, მაგრამ ასპარეზობა უკვე დაასრულა, ხოლო ჰოლანდია გერმანიას ესტუმრება. საკითხი მარტივად დგას - ჰოლანდიელები ჯგუფში პირველ ადგილზე გავლენ თუ ალემანებთან არ წააგებენ. ფრეც მათ წისქვილზე დაასხამს წყალს (მოგება ხომ საერთოდ). დიდიე დეშამის შეგირდებს კი, ისღა დარჩენიათ, რომ გერმანიას უქომაგონ. სხვაგვარად, ჯგუფში მეორე ადგილით დაჯერება მოუწევთ.
ჰოლანდია - საფრანგეთი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ვეინალდუმი (44), 2:0 დეპაი (90, პენ)
მომდევნო ტური - 19 ნოემბერი
გერმანია - ჰოლანდია
1. | საფრანგეთი | 4 | 2 | 1 | 1 | 4:4 | 7 | |
2. | ჰოლანდია | 3 | 2 | 0 | 1 | 6:2 | 6 | |
3. | გერმანია | 3 | 0 | 1 | 2 | 1:5 | 1 |
B დივიზიონი, A ჯგუფი
აქ ყველაფერი გარკვეული იყო. უკრაინის ნაკრებმა საწყისი 3 თამაში მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გაიფორმა. შედეგად, სლოვაკეთის ნაკრებს არ გასჭირვებია უმოტივაციო მეტოქის ძლევა - 4:1.
თუ უკრაინელთათვის ეს თამაში სპარინგის ხასიათს ატარებდა, ასე არ იყო სლოვაკეთისთვის, რომელიც სცდილობს, რომ ჯგუფში ბოლო ადგილი არ დაიკავოს და შესაბამისად დივიზიონით არ დაქვეითდეს. ამისთვის, სლოვაკებს მეზობელ ჩეხეთში გამარჯვება დასჭირდებათ. ახლა ამ გუნდებს 3-3 ქულა აქვთ, მაგრამ ჩეხეთს ბრატისლავაში მოგებული (2:1) აქვს და ბოლო ტურში ფრეც მიიყვანს სასურველ მიზნამდე.
სლოვაკეთი - უკრაინა 4:1 (2:0)
გოლები: 1:0 რუსნაკი (6), 2:0 კუცკა (26), 2:1 კონოპლიანკა (47). 3:1 ჟრელაკი (52), 4:1 მაკი (61)
მომდევნო ტური - 19 ნოემბერი
ჩეხეთი - სლოვაკეთი
1. | უკრაინა | 4 | 3 | 0 | 1 | 5:5 | 9 | |
2. | ჩეხეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 3:4 | 3 | |
3. | სლოვაკეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 5:4 | 3 |
B დივიზიონი, D ჯგუფი
დანიის ნაკრებმა კარდიფში უშუალო კონკურენტი უელსი დაამარცხა და პირველი ადგილი გაიფორმა. სკანდინავიელები პლეი-ოფში არიან და ამასთან, მომდევნო ერთა ლიგაზე უმაღლეს დივიზიონში ითამაშებენ. უელსის ნაკრებს კი ფრე შანსს უტოვებდა, მაგამ რაიან გიგზის გუნდი გვიან გამოფხიზლდა და გარეთ ბეილის გოლი მხოლოდ პრესტიჟის ხასიათის გამოდგა.
ამ ჯგუფში ყველანაირი ინტრიგა მკვდარია ბოლო მატჩის წინ: დანია პირველია, უელსი მეორე, ირლანდია მესამე, რომელიც დაქვეითდა.
უელსი - დანია 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 იორგენსენი (42), 0:2 ბრაითვაითი (88), 1:2 ბეილი (89)
მომდევნო ტური - 19 ნოემბერი
დანია - ირლანდია
1. | დანია | 3 | 2 | 1 | 0 | 4:1 | 7 | |
2. | უელსი | 4 | 2 | 0 | 2 | 6:5 | 6 | |
3. | ირლანდია | 3 | 0 | 1 | 2 | 1:5 | 1 |
C დივიზიონი, D ჯგუფი
სამაგიეროდ ძალიან დაძაბული ვითარებაა C დივიზიონის D ჯგუფში. ბოლო ტურის წინ ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ სლოვენიის ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა და შესაბამისად, ყველაზე დაბალ დივიზიონში დაქვეითდა. სლოვენიელებს კვიპროსი 3 ქულით უსწრებს და თანაც ურთიერთშეხვედრებშიც სჯაბნის. შესაბამისად, ამ მხრივ ყველაფერი ცნობილია.
სამაგიეროდ უცნობია ის, ვინ მოიგებს ჯგუფს, ვინ აღზევდება და ვინ ითამაშებს პლეი-ოფში: ნორვეგია ან ბულგარეთი. მეექვსე ტურის წინ ყველაფერში თანაფარდობაა, 10-10 ქულა აქვთ და პირად შეხვედრებშიც ბალანსი თანაბარია. ამ ეტაპზე ნორვეგიელებს ბურთების უკეთესი ბალანსი აქვთ და მათი კოზირი ოდენ ესაა. შესაბამისად, ბოლო ტურში ორივე გუნდს ბოლომდე დახარჯვა მოუწევს.
კვიპროსი - ბულგარეთი 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ზაჩარიუ (24), 1:1 დიმიტროვი (89, პენ)
სლოვენია - ნორვეგია 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ვერბიჩი (9), 1:1 იონსენი (85)
მომდევნო ტური - 19 ნოემბერი
კვიპროსი - ნორვეგია
ბულგარეთი - სლოვენია
1. | ნორვეგია | 5 | 3 | 1 | 1 | 5:2 | 10 | |
2. | ბულგარეთი | 5 | 3 | 1 | 1 | 6:4 | 10 | |
3. | კვიპროსი | 5 | 1 | 2 | 2 | 5:7 | 5 | |
4. | სლოვენია | 5 | 0 | 2 | 3 | 4:7 | 2 |