ლონდონის „ჩელსი“ ინგლისის პრემიერლიგაში „ლივერპულს“ ხვდება და ეს თამაში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. საინტერესოა, რომ სამი დღის წინ „ენფილდ როუდზე“ „ლურჯებმა“ „წითლები“ 2:1 დაამარცხეს და ინგლისის ლიგის თასიდან გამოთიშეს.
აღნიშნულ მატჩში ედენ აზარმა გამარჯვების გოლი გაიტანა, რომელიც უბრალოდ ფანტასტიკური სილამაზის გამოდგა. სწორედ ბელგიელის შესახებ ისაუბრა ლონდონელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ:
„არ ვიცი ედენი მსოფლიოს საუკეთესოა თუ არა, მაგრამ საუკეთესოებში ნამდვილად შედის. დარწმუნებული ვარ, ბელგიელი საკუთარ თამაშს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. მისი პოტენციალის მხოლოდ 70-80% ვნახეთ, ტექნიკურად საუკეთესოა, გენიოსია, ერთადერთია“, - განაცხადა სარიმ.
გარდა ამისა, სარიმ ბუნებრივია „ლივერპულთან“ შეხვედრაზეც გააკეთა კომენტარი:
„ოთხშაბათის გამარჯვება არანაირ პრივილეგიას არ გვანიჭებს. მეტოქე ძალიან ძლიერია და წელს ტიტულის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ჰყავს დიდებული მწვრთნელი იურგენ კლოპი, რომელიც საუკეთესოებში შედის. რას ვურჩევ „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის? - დარწმუნებული ვარ, უკვე იციან, როგორ ითამაშონ „ლივერპულის“ წინააღმდეგ“, - აღნიშნა იტალიელმა.
„ჩელსისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.