ფეხბურთი

0:05 | 6.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ფურცელი!

ერთა ლიგა იმედია. ერთა ლიგა შანსია. ერთა ლიგა უნიკალური შანსია. დიახ, ეს, ის ტურნირია, რომელიც ჩვენს თვალწინ დაიწყებს სულდგმულობას და რომლის ისტორიაში პირველი შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს ნაკრები იქნება. მისი მეტოქე ყაზახეთია.

მგონი, ბევრი ახსნა-განმარტება არ სჭირდება იმას, რომ ერთა ლიგაზე ქართველი, გულ-მოკლული გულშემატკივარი უდიდეს იმედს ამყარებს და ეს იმედი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ჰიმნის გაჟღერებას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ გემოვნებაზე არ დაობენო ამბობენ, შესაძლოა, ვინმესთვის სადაო საკითხი იყოს, და მაინც, ვფიქრობ, საქართველოში სპორტი განსაკუთრებულად უყვართ. სპორტისადმი საოცარი ლტოლვაა და სპორტში მოპოვებული წარმატება ქვეყანას აერთიანებს. შესაძლოა, ეს უფრო მეტად სადაო იყოს, მაგრამ ფეხბურთში მიღწეული წარმატება უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ნებისმიერ სხვა პორტის სახეობაში. ფეხბურთი ჩვენში ძალიან უყვართ. უყვართ, მაგრამ გაუთავებელი წარუმატებლობების ფონზე იჩქმალება. ჰოდა, აი, ახლა, დღეს ან დღეიდან, მართლაც უნიკალური შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს თავისი და ქართული ფეხბურთის ისტორია დაწეროს. ჩვენ გვჯერა. გვჯერა, რადგან გვწამს, გვწამს, რადგან გვიყვარს.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგას იწყებს. იწყებს ალბათ ყველაზე საშიში მეტოქით. ყაზახეთში, ყაზახეთი საქართველოსთვის ხელწამოსაკრავი მოწინააღმდეგე საუბედუროდ კარგა ხანია არაა და ზოგადად, დღეს, თანამედროვე ფეხბურთში სუსტი მეტოქე არ არსებობს. უბრალოდ, ბიჭები უნდა გავიდნენ მინდორზე. დაიცვან თავიანთი ქვეყნის ღირსება და მოუტანონ სიხარული. მე უკვე მატჩის შემდგომ ფიქრებში ვარ – რა მოხდება ასტანური მატჩი რომ წამოვიღოთ?! სასიამოვნო გრძნობა მეუფლება და, არამც და არამც არ მინდა, სხვა სცენარის წარმოდგენა. ეს უბრალოდ, არ შეიძლება!

ერთა ლიგა უნიკალური შანსია – ეს სიტყვები ნიკა კვეკვესკირის ეკუთვნის და ვგონებ, მთელი ნაკრები ასე ფიქრობს. ჰოდა, ძალიანაც კარგი რომ ასე ფიქრობენ. ეს უკვე ერთი პატარა ნაბიჯია წარმატებისკენ. თუმცა, რთული იქნება, ადვილად არაფერი მოდის. უნდა ვირბინოთ, უნდა გავაგოროთ და უნდა მოვუგოთ!

საქართველოს ნაკრები “ასტანა არენის” ხელოვნურ საფარზე არ უნდა დაიბნეს, მაგრად უნდა დადგეს, ძალიან მაგრად. ჩვენ გვეშინია იქაური მინდვრის. არ ეშინია ვლადიმირ ვაისს. არც ეშინია და არც გასამართლებელ საბაბად აპირებს მის გამოყენებას. ესეც კარგია. ვაისს ჯერ არ მოუგია საქართველოს ნაკრებში ოფიციალურ თამაშში. კარგი იქნება ანგარიში დღეს თუ გაიხსნება. კარგიც და დროულიც, ჩვენთვის ეს მისწრება გამოვა, ეს გვჭირდება.

ვაისმა გუნდში მისთვის სასურველი თითქმის ყველა ფეხბურთელი გამოიძახა. იძულებით გიორგი მაკარიძეზე, ჯანო ანანიძეზე და ლაშა დვალზე მოუწია უარის თქმა. დანარჩენებზე თავად თქვა უარი.

ვაისი დღეს 11 კაცს გაიყვანს სამშობლოს სახელის დასაცავად მინდორზე და შეუძლია, მერე მიმდინარეობისას, სურვილისამებრ, სცენარისეულად, სამი კიდევ დაამატოს.

ვაისის არჩევანი

მეკარე – ვაისმა თქვა: მიუხედავად უთამაშებლობისა, გიორგი ლორიას ვენდობითო. შესაბამისად, 32 წლის კიპერს დღეს საკუთარ თავზე გადახტომა მართებს და დამტკიცება, რომ სლოვაკი არ სცდებოდა. ისე, ცოდვა გამხელილი სობს და არ აქვს პატივცემულ ვლადიმირს ამ პოზიციაზე ფართო არჩევანი. ლაზარე კუპატაძე გამოუცდელია ასეთ პრინციპულ მატჩში სათამაშოდ. გამოცდილია, მაგრამ სანაკრებო დონეზე მაინც გამოუცდელია როინ კვასხვაძე. მას კარგი პერიოდი უდგას “ტორპედოში”, მაგრამ ნაკრებში იშვიათად ეძლეოდა შანსი. გვესმის ვაისის – ეს არაა რიგითი მატჩი, არც გადამწყვეტი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მატჩია, რომელსაც შეუძლია მალე გადამწყვეტ შეხვედრამდე მიგვიყანოს. მოკლედ, გიორგი ლორია.

დაცვა – ვაისი დაცვის ხაზში უკვე კარგა ხანია ჩამოყალიბებულია და ექსპერიმენტებს რომ არ ჩაატარებს, ყველამ იცის. კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი. ეს ოთხეული გაამაგრებს საჯარიმოს მისადგომებს. ამ ოთხეულმა ბურთი ჩვენს კარამდე რაც შეიძლება ნაკლებად უნდა მიუშვან ან საერთოდ არ მიუშვან, არ ვიქნებით წინააღმდეგნი. იყო ვარაუდი, რომ დავით ხოჭოლავას დაეწყო შეხვედრა. მას კარგად მისდის საქმეები “შახტარში” და ალბათ, ობიექტურად, “შახტარი” ყველაზე კარგი გუნდია, სადაც ამჟამინელი ლეგიონი გვყავს წარგზავნილი. თუმცა, სანაკრებო დონეზე გამოცდილების ნაკლებობას უჩივის. მაგრამ, ორი ძალზე გამოცდილი კონკურენტი ჰყავს. კვირკველია ალბათ, საუკეთესოა, კაშია – ლიდერია. შესაძლოა, გურამის საუკეთესო წლები უკან დარჩა, მაგრამ მოედანზე ლიდერია. ის კარნახობს, ის ხელმძღვანელობს, ის აფხიზლებს, ის შეუძახებს. მოკლედ, ვაისს დღეს მოედანზე სჭირდება.

ნახევარდაცვა – ორი საყრდენი ნახევარმცველი ვაისის ფორმაციის საქართველოს ნაკრებში ჩვეულებრივი მოვლენაა. დღესაც ასე იქნება. ყაზახებისთვის ნაცნობი და ჩვენი კაპიტანი ჯაბა კანკავა. ის დაცვას დაეხმარება. დაცვას დაეხმარება, მაგრამ პასებიც უნდა დაარიგოს და თუ საჭირო გახდა შეტევაშიც წავიდეს, დაარტყას, მოატყუოს, კრეატივი შექმნას – ეს ვაკო გვილიაა და მასაც ველოდებით მოედანზე. ნიკა კვეკვესკირი და გიორგი აბურჯანია თადარიგიდან შანსს დაელოდებიან.

ფორვარდს უკან – სამი შემტევი ნახევარმცველი, ორი ფლანგიდან, ერთი ცენტრიდან, “ტრეკვარტისტად”. აქ მძიმე დანაკლისია, არ არის ჯანო. ჯანო ლიდერია და ჯანოს შეუძლია თამაში წაიყვანოს. ჯანოს შეუძლია ერთი პასით სამი მცველი “მოკლას”, ჯანოს ბევრი რამ შეუძლია და ვაისის საყვარელი ფეხბურთელიცაა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯანო არაა. ტრავმა, რომელიც თავს არ ანებებს. ახლა უნდა გავიჭირვოთ და მის გარეშე გავიდეთ ფონს.

და ვინ შეუტევს? თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე. სავარაუდოდ, ასე იქნება. ვაკო ჩინებულ ფორმაშია. ვაკო სტაბილურია და ვაკოს გვეიმედება. მას შეუძლია გოლის შექმნა. გვეიმედება გიორგი ჩაკვეტაძის და თან როგორ?! არაა სანაკრებო ბატალიებში გამოცდილი, მაგრამ ფორმაშია, მაგარ ფორმაში. ჩაკვეტაძე “გენტის” სული და გულია და ბელგიელ მცველებს სისხლს უშრობს. იგივე უნდა გააკეთოს დღესაც, ეს აუცილებელია და არგვგონია, რომ ყაზახი მცველები ბელგიელ მცველებს კლასით აღემატებოდნენ. ალბათ, მას ფეხებშიც მოარტყამენ, ეს იარაღია, ბინძური, მაგრამ მაინც იარაღია და ყაზახეთი ალბათ მიმართავს. უნდა გაუძლოს. და, თორნიკე ოქრიაშვილი. ოქრიაშვილი დიდი ხნის უთამაშებელია, თუმცა ვაისს სჭირდება, სხვა შემთხვევაში ჯერ არ გამოიძახებდა. თორნიკე ფიქრობს, რომ მზადაა და ესეც კარგია. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. მასაც შეუძლია, შეტევა შექმნას, რომელიც გოლამდე მიგვიყვანს.

ფორვარდი – აქ არ გვილხინს. გიორგი ქვილითაიამ ორ თამაშში, 10 წუთში ორი გოლი გაიტანა, მაგრამ გიორგი 90 წუთისთვის მზად ვერ იქნება. მასაც ტრავმა ჰქონდა, ცოტა ხნის წინ მოირჩინა. სავარაუდოდ, მაინც ის დაიწყებს, დანარჩენს თამაში უკარნახებს ვაისს. რომ იყოს ალტერნატივა გასაგებია, მაგრამ არაა. ლევან მჭედლიძე ძალიან დიდი ხანია უთამაშებელია, მას კიდევ უფრო მძიმე ტრავმა ჰქონდა. ნიკა კაჭარავას სლოვაკი ამხანაგურ მატჩებშიც არ სწყალობდა დიდად და ახლა მთლად საუკეთესო ფორმაში ვერაა. მოკლედ, აქ ქვილითაიას ველოდებით.

საერთოდ, ვაისს ორი სტილის ფეხბურთელები სჭირდება: ტექნიკურები და მებრძოლები. ერთგან ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, გვილია, ჩაკვეტაძე და მეორეგან კანკავა, კაშია, ქვილითაია, კვირკველია. მთავარია, ბალანსი ვიპოვოთ და არ დაირღვეს. მთავარია კონცენტრაცია არ დაიკარგოს 1 წამითაც. ეს მნიშვნელოვანია.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი; კანკავა, გვილია; ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე; ქვილითაია

ლაზარეთი

ლაზარეთი როგორც იქნა ცარიელია. ვაისის სიაში მოხვედრილნი ამ წუთამდე ჯანმრთელად არიან. სხვა საქმეა, რომ ჯანო ანანიძისა და გიორგი მაკარიძის სახით დიდი ძალა დაგვაკლდა. თუმცა, ეს ძველი ამბავია. მთავარია, მათ რიგებს არავინ შეემატოს.

წარსული მეტოქესთან

4 მატჩი, 1 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება – ასეთია ყაზახეთის ნაკრებთან საქართველოს ნაკრების წარსული. ათვლის წერტილი 2005 წლის 17 აგვისტო იყო, როდესაც 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში გიორგი დემეტრაძის დუბლით “ჯვაროსნებმა” სამი ქულის მოპოვება შეძლეს. მას შემდეგ 13 წელი გავიდა და ალბათ, მართლაც მოვიდა დრო, ყაზახეთის ნაკრებთან მოუგებელი სერია რომ შევწყვიტოთ. ხსენებულ 13 წელიწადში იყო სამი თამაში. იმავე, 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე, თბილისში, გოლი არცერთ კარში გასულა. ეს 2005 წლის, 8 ოქტომბერს.

აი, 2013 წლის 14 აგვისტოს კი, სპარინგში, “ასტანა არენაზე” სერგეი ხიჟნინჩეკოს გოლი ერთადერთი გამოდგა და დავმარცხდით.

ბოლო შეხვედრა 2016 წლის 29 მარტით თარიღდება. ისევ სპარინგი, ვლადიმირ ვაისის სადებიუტო მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. აზატ ნურგალიევის 36-ე წუთზე გატანილი გოლი ორ წუთში თორნიკე ოქრიაშვილმა გაქვითა. მეორე ტაიმში გოლი არ გასულა.

მეტოქე

ყაზახეთის ნაკრები ევროპაში სახელის დამკვიდრებას ჯერ კიდევ სცდილობს. ამ ქვეყნის ფედერაცია უეფაში 2004 წელს გაწევრიანდა და შესაბამისად, სწორედ მაშინ დაიწყო ევროპის ზონაში თამაში. ვერ ვიტყვით, რომ განვლილმა წლებმა ყაზახებს წარმატება მოუტანა. მეტიც, როგორც ჩვენთვის შანსია ერთა ლიგა, ისეა მათთვისაც.

ყაზახეთის ნაკრები მთლიანად შიდა ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. უფრო სწორად, მეტწილად, ორი გუნდიდან – “კაირატი” და “ასტანა”. არიან “ტობოლიდანაც”. არის ერთი ლეგიონერიც: 18 წლის იერკებულან საიდაჰმეტი, რომელიც ყაზახური ფეხბურთის მომავლად მიიჩნევა. ის რუსულ “უფაში” ჯიმი ტაბიძის თანაგუნდელია, თუმცა სათამაშო პრაქტიკას მოკლებული. ნაკრებში 2 თამაშში 1 გოლიც აქვს გატანილი. სხვა მხრივ, დღევანდელი ფორმაციის გუნდში საუკეთესო ბომბარდირი იური ლოგვინენკოა 4 გოლით. ის მცველია... გუნდში სამი მეკარეა და ჯამში სამივეს 5 მატჩი აქვთ ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული. აქედან ორი ნატურალიზებულია სერბი ნენად ერიჩი და უკრაინელი დმიტრო ნეპოგოდოვი. არის, ვლადიმირ პლოტნიკოვიც. ბოლო სამი მატჩიდან ორი ერიჩმა ჩაატარა, ერთი – პლოტნიკოვმა.

დაცვაში ლოგვინენკო და დმიტრო შომკო უნდა გამოვყოთ, ხოლო ნახევარდაცვაში გეორგი ჟუკოვი, ისლამბეკ კუატი და ბაკტიარ ზაინუტდინოვი. შეტევაში უკვე ნახსენები საიდაჰმეტი.

საერთოდ, ყაზახეთის ნაკრების მთავარი პლიუსი სტანდარტული მდგომარეობებია და ამას უნდა ვერიდოთ, ვუფრთხილდეთ. ყაზახეთის ნაკრები უკვე 1 კვირაა ემზადება და შეთამაშების პრობლემა ამ გუნდში ნაკლებად იგრძნობა. ყაზახეთის არ უჭირს ფიზიკურ კონდიციებშიც და სავსე ტრიბუნებიც გაამხნევებს – “ასტანა არენა” 32 ათას მაყურებელს იტევს და ანშლაგს ელოდებიან.

ყაზახეთის ნაკრებს გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს – სტანიმირ სტოილოვი. მან “ასტანა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა და ყაზახეთში დიდ პატივს სცემენ. სახელი იქამდეც ჰქონდა მოხვეჭილი. სოფიის “ლევსკიც” ჰყავდა ლიგის ჯგუფში თავის დროზე. მერე იყო ბულგარეთის ნაკრებში.

სტოილოვს ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიმდინარე წლის მარტში საშველად უხმო და სწორედ აქედან დაიწყო გუნდმა მოგება. დიდებული დებიუტი გამოვიდა: გამარჯვება სპარინგში უნგრეთის ნაკრებთან (3:2). მერე იყო დაძაბულ ბრძოლაში ბულგარეთთან მარცხი ბოლო წუთზე (1:2) და ბოლოს ზუსტად სამი თვის წინ, აზერბაიჯანის ადვილად დამარცხება (3:0). ესაა სტოილოვის მონაგარი ყაზახეთის ნაკრებში.

არადა, სანამ ის ჩაუდგებოდა სათავეში, ყაზახები კოშმარულ პერიოდს განიცდიდნენ: 2016 წლის ივნისიდან 2018 წლის მარტამდე გამარჯვება არ ჰქონდათ მოპოვებული – 12 თამაში, 3 ფრე და 9 წაგება.

საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდი

ბოლოს, სამი თვის წინ, ლუქსებურგთან სპარინგში წავაგეთ. ეს ცუდია, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ვაისის გუნდმა ძალზე გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. იმ გუნდიდან დღეს მოედანზე გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია იქნებიან. მოკლედ, შეიძლება ვთქვათ, სხვა გუნდით ვიყავით.

მანამდე კი იყო სამი მოგებული სპარინგი გოლგაუშვებლად. ლიტვასთან (4:0), ესტონეთთან (2:0) და მალტასთან (1:0). განსაკუთრებით პირველ-ორ თამაშში მაღალი ხარისხის ფეხბურთი იყო და იმედი გაჩნდა. საქართველომ სწორედ ამ მატჩებში ისწავლა პირველ ნომრად თამაში და დღეს იგივეს ველოდებით. ბურთი უნდა გვქონდეს და მეტოქეს თამაში უნდა ვუკარნახოთ.

და კიდევ, დღეს, ქართული ფეხბურთის ისტორიის დაწერა ახალი, სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს...

0.155934