ფეხბურთი

18:40 | 5.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ არა გადამწყვეტი"

“სტანიმირ სტოილოვი ჩემი მეგობარია, მაგრამ ამჯერად ჩვენ მეტოქეები ვართ. საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებები ქაღალდზე ფავორიტები არიან, თუმცა ყველაფერი მოედანზე დამტკიცდება” – ეს, ვლადიმირ ვაისის სიტყვებია, რომელიც “ასტანა არენის” საპრესკონფერენციო დარბაზში გააჟღერა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩაატარა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, ჯგუფში თითოეულ ქულას ოქროს ფასი ადევს.

შემადგენლობა - “შემადგენლობის შესახებ ახლა ვერ ვისაუბრებ. არის ერთი-ორი პოზიცია, სადაც გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიმიღია. მოედანზე მხოლოდ ის ფეხბურთელები გავლენ, რომლებიც 100%-ით მზად იქნებიან ბრძოლისთვის”.

დაბრუნება ყაზახეთში და სტანიმირ სტოილოვი - “კაირატში” სამი შესანიშნავი წელი გავატარე, მაგრამ ახლა აქ ჩამოვედი არა, როგორც მეგობარი, არამედ, როგორც მეტოქე. ვფიქრობ, სტანიმირ სტოილოვი დიდებული მწვრთნელია და ყაზახეთის ნაკრებში კარგად მუშაობს. მისი გუნდი ჭკვიანურ და აგრესიულ ფეხბურთს აჩვენებს. ის ჩემი მეგობარია, მაგრამ ამჯერად მოწინააღმდეგეა”.

იგივე სასტუმრო – “ნოსტალგია არ მაქვს. ამ სასტუმროს კარგად ვიცნობ, კარგი ატმოსფეროა და კარგი მომსახურე პერსონალი ჰყავს. თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. თუმცა, ამ ეტაპზე ჩემთვის სასტუმრო უმნიშვნელოა, რადგან ერთადერთი რაზეც ვფიქრობთ, ეს ხვალინდელი მატჩია”.

ხელოვნური საფარი – “მოედანი კარგ მდგომარეობაშია. ამ შემთხვევაში ამაზე კითხვები არ არსებობს. ყაზახეთს თავისი სტილი აქვს, ჩვენ – ჩვენი. ვნახოთ, ვინ აჯობებს. მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ ჯგუფში გადამწყვეტი არაა. ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, რადგან თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს”.

საქართველო ფავორიტია – “სტანიმირი ჭკვიანი მწვრთნელია. შანსი თანაბარია, 50%-50%-ზე. განსხვავებული გუნდები თამაშობენ და ორივეს თავისი სტილი გააჩნია. ქაღალდზე ყაზახეთი და ქართველო ჯგუფში ფავორიტები არიან, მაგრამ ლატვიასა და ანდორასაც აქვთ გამარჯვების ამბიცია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი და ამოცანა ჯგუფში გამარჯვებაა და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება, ვნახოთ, რა მოხდება. ნათელია, რომ სტადიონი სავსე და შესანიშნავი ატმოსფერო იქნება. ასე რომ, საინტერესო მატჩი გველოდება და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ”.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის მატჩი ხვალ, 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა “ასტანა არენაზე” გაიმართება.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ასტანიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131496