ჩოგბურთი

0:03 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა ნადალთან ბრძოლაში წააგო

საქართველოს პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლეგენდარულ მოთამაშესთან, რაფაელ ნადალთან ამერიკის ღია პირველობის 1/8-ფინალში ბრძოლაში 3:6, 3:6, 7:6, 6:4 დამარცხდა. ნიკამ ნადალთან კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თუ არა, ლამაზი შეხვედრა ჩაატარა. ნიკოლოზმა შეტევითი ჩოგბურთი ითამაშა, ბევრი ლამაზი გათამაშება მოიგო და მაყურებლის ოვაციები დაიმსახურა. სტატისტიკურ მონაცემებში რომ ჩავიხედოთ, ქართველ ჩოგბურთელს რაფაელ ნადალთან ჰქონდა 56 „ვინერი“ (ანუ აქტიური თამაშით მოგებული ქულა), ხოლო ნადალს - 30. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ცუდი ისაა, რომ უნებლიე შეცდომა ბასილაშვილს 59 ჰქონდა, ხოლო ნადალს - 19.

რაფამ, პირველ რიგში, თამაში გამოცდილების ხარჯზე მოიგო და მნიშვნელოვან მომენტებში უფრო კონცენტრირებული იყო, თორემ ლამაზი ჩოგბურთის თამაშით ნიკამ ტოლი არ დაუდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველ სეტში ნიკამ თამაში აქტიურად დაიწყო და თავის ჩაწოდებებს იგებდა. ჩოგბურთლები 3:3-ზე ავიდნენ. 4:3-ზე კი ბასილაშვილმს ორი შეცდომა დაუშვა, რაც ნადალმა არ აპატია და ბრეიკი შეასრულა. ნადალს არანაირი სათამაშო უპირატესობა არ ჰქონდა, უბრალოდ გადამწყვეტ მომენტში ნიკამ ცუდად ითამაშა.

მეორე სეტის სტარტზე ნადალმა ბრეიკი შეასრულა. 3:1-ზე ნადალის ჩაწოდებაზე ბასილაშვილმა შეხვედრაში პირველად ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, თუმცა ვერ გამოიყენა. შემდეგ ესპანელმა მეორე ბრეიკიც დაამატა და პირველი სეტის მსგავსად 6:3 მოიგო.

მესამე პარტიაში ნადალი 1:0-ს იგებდა, ნიკას ჩაწოდებაზე კი 0:40 იყო და თითქოს ყველაფერი აქ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ამ გეიმში ქართველმა ჩოგბურთელმა ხუთი ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა. 1:1-ზე ბრეიკი თვითონ ნიკამ შეასრულა და 2:1 დაწინაურდა. ნიკამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ნადალი 3:1-ს იგებდა, ნიკამ მოახერხა და 3:3 გახადა. ბასილაშვილი 6:5 დაწინაურდა და სეტ-პოინტი მოიპოვა, ნადალმა 6:6 გახადა, თუმცა საბოლოოდ ქართველმა ჩოგბურთლმა 8:6 იმარჯვა და ნადალს ისტორიული სეტი მოუგო.

მეოთხე სეტში ნიკას დაღლილობა დაეტყო, აშკარა იყო, რომ ფიზიკურად ვეღარ უძლებდა. რაფამ სეტი ბრეიკით დაიწყო, ნიკა ისევ მდევრის როლში აღმოჩნდა და ყველასგან მოულოდნელად ანგარიში გაათანაბრა (3:3). მაგრამ ნიკამ წინ გასვლა ვეღარ მოახერხა და თავის ჩაწოდება დაკარგა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

1/8-ფინალში გასვლით ბასილაშვილმა 180 სარეიტინგო ქულა და 266 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ლაივ რეიტინგში ქართველი კიდევ უფრო დაწინაურდა და რეკორდულ 31-ე ადგილზე გადავა.

0.138666