ფეხბურთი

11:55 | 12.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: ლაღი ფეხბურთით
კოლუმბიის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 2 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C, D, E, F და G ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე ბოლო, H ჯგუფის მონაწილეებს ვეცნობით - კოლუმბიის ნაკრები.

მონაწილეობა – 6

კოლუმბიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეექვსედ გამოჩნდება. პირველად “ტრიკოლორი” მუნდიალის ფინალურ ეტაპზე მეზობელ ჩილეში, 1962 წელს მოხვდა. თუმცა, დებიუტი წარუმატებელი გამოდგა ვინაიდან, ჯგუფში ჩარჩა. კოლუბიამ ჯერ ურუგვაისთან წააგო 1:2, ხოლო მერე საბჭოთა კავშირს დაუზავდა უხვგოლიან შეხვედრაში – 4:4. მაგრამ ბოლო ტურში იუგოსლავიასთან განადგურდა (0:5) და ტურნირი უსახელოდ დატოვა.

მომდევნო ფინალურ ეტაპამდე კი ლოდინისთვის 28 წელი დასჭირდა და 6 გათამაშება გამოტოვა. სამაგიეროდ, წარმატებულად გამოვიდა 1990 წელს, იტალიაში. კოლუმბია მესამე ადგილზე გავიდა ჯგუფში, მაგრამ საუკეთესო მესამეადგილოსნებში მაინც მოხვდა. ჯგუფურ ტურნირში სამხრეთ ამერიკელებმა არაბეთის გაერთიანებული საამიროები დაამარცხეს (2:0), რასაც იუგოსლავიასთან მარცხი მოჰყვა (0:1). მესამე ტურში კი დასავლეთ გერმანიას დაუზავდა (1:1) და პლეი-ოფში პირველად გავიდა. 23 ივნისს, ნეაპოლში, 90 წუთი უგოლოდ გაილია, ხოლო დამატებით დროში როჟე მილა ვერ გააჩერეს. კამერუნელმა დუბლი შეასრულა. მართალია, ბერნარდო რედინმა ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე კამერუნი გავიდა. მილამ ერთი გოლი კოლუმბიელთა კარის დარაჯის, რენე იგიტას უხეში შეცდომის შედეგად გაიტანა. აქედან მოყოლებული კოლუმბიის ნაკრებმა მიჯრით ორჯერ იასპარეზა ფინალურ ეტაპზე, თუმცა, ორჯერვე ჯგუფში ჩარჩა.

1994 წელს, აშში, რუმინეთთან წააგო 1:3, რასაც მასპინძელთან მარცხიც მოჰყვა (1:2). აღნიშნულ მატჩში კოლუმბიელმა ანდრეს ესკობარმა ავტოგოლი გაიტანა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ავტოგოლი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად დაფასდა. ეს მატჩი 22 ივნისს შედგა, ხოლო 2 ივლისს, მედელინის ერთ-ერთ ბარში ესკობარი ჩაცხრილეს და ასე დაასრულა 27 წლის ასაკში სიცოცხლე. მიზეზი კი, აშშ-სთან გატანილი ავტოგოლი იყო... მესამე ტურში კოლუმბიამ შვეიცარიას მოუგო (2:0), მაგრამ მხოლოდ პრესტიჟის 3 ქულა იყო.

სამი ქულა გამოდგა მაქსიმუმი კოლუმბიისთვის 1998 წელსაც. სამხრეთ ამერიკელებმა მეორე ტურში ტუნისი 1:0 დაამარცხეს, მაგრამ იქამდე რუმინეთთან (0:1) და მერე ინგლისთან (0:2) წააგეს და პლეი-ოფს მიღმა დარჩნენ. შემდეგ იყო სამი გამოტოვებული ფინალური ეტაპი 2002, 2006 და 2010 წლებში.

კოლუმბია მსოფლიოს ჩემპიონატს 2014 წელს დაუბრუნდა და ისტორიაში საუკეთესო შედეგიც ბრაზილიაში დააფიქსირა.

საუკეთესო შედეგი – 1/4 ფინალი (2014)

კოლუმბიის ნაკრები 4 წლის წინ მეტად ეფექტური თამაშით გამოირჩა. ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვით განვლო და 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ყველაფერი საბერძნეთის ნაკრების ძლევით დაიწყო, რომელაც არმეროს, გუტიერესისა და ხამესის გოლებით ადვილად აჯობა (3:0). მეორე ტურში კოლუმბიას კოტ დივუარის ნაკრებმა წინააღმდეგობა გაუწია: ხამესის და კინტეროს გოლებს ჟერვინიომ ერთი უპასუხა. ბოლო ტურში კი, კოლუმბიელებმა იაპონია დაჯაბნეს პრობლემების გარეშე – 4:1.

მერვედფინალში “ტრიკოლორემ” მეზობელი ურუგვაი დაამარცხა ასევე ადვილად. ხამეს როდრიგესმა თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა “სელესტეს” და კოლუმბია 1/4 ფინალში, ბრაზილიის ნაკრებზე გავიდა.

მასპინძელთან ბოლომდე იბრძოლა კოლუმბიამ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. ტიაგო სილვასა და დავიდ ლუისის გოლებს ხამესმა ბოლოსკენ გატანილი პენალტით უპასუხა – 1:2.

გზა რუსეთამდე

კოლუმბიის ნაკრებს რუსეთამდე ადვილი გზა ნამდვილად არ გაუვლია. ფინალურ ეტაპის საგზური ოდენ ბოლო ტურში, 2017 წლის 11 ოქტომბერს, პერუსთან საგარეო ფრის (1:1) შედეგად გაფორმდა.

საბოლოოდ, ხოსე პეკერმანის გუნდმა 18 თამაშში ასეთი შედეგი აჩვენა: 7 მოგება, 6 ფრე, 5 წაგება, 21:19 ბურთების ბალანსი, 27 ქულა და მეოთხე ადგილი.

რუსეთში გასავლელი გზა

19 ივნისი, 2018, სარანსკი. კოლუმბია – იაპონია

კოლუმბია მსოფლიოს ჩემპიონატს იმ გუნდთან მატჩით დაიწყებს, რომელთანაც 4 წლის წინ ჯგუფში უკვე ითამაშა - იაპონია. წინა მუნდიალზე სამხრეთ ამერიკელებმა 4:1 იმარჯვეს. საერთოდ კი, კოლუმბია წაუგებლად თამაშობს იაპონელებთან: 3 თამაში, 2 მოგება, 1 ფრე.

ზემოხსენებული 4:1 გარდა, 2007 წლის 5 ივნისს, სპარინგში უგოლოდ დაზავდნენ, ხოლო პირველი მატჩი 2003 წლის 22 ივნისით თარიღდება და გამარჯვება კოლუმბიას დარჩა, ჯოვანი ერნანდესის გოლით მოიგეს. 2014 წელს, იაპონელთაგან ერთადერთი გოლი შინჯი ოკაზაკიმ გაიტანა. საპასუხოდ კი, ხუან კუადრადომ, ჯექსონ მარტინესმა (დუბლი) და ხამეს როდრიგესმა გამოიჩინეს თავი.

24 ივნისი, 2018, ყაზანი. პოლონეთი – კოლუმბია

კოლუმბია ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს პოლონეთის ნაკრებთან ჩაატარებს, რომელსაც აქამდე 7-ჯერ შეხვედრია, თუმცა ყოველთვის ამხანაგურად. შესაბამისად, ისინი ოფიციალურ მატჩში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ისე კი, უპირატესობა სამხრეთ ამერიკელთა მხარესაა: 4 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება. პირველად მათი დაპირისპირება 1980 წელს შედგა და პოლონელებმა მოიგეს 4:1, ხოლო ბოლოს, 2006 წლის 30 მაისს. ამჯერზე კოლუმბია უფრო ძლიერი გამოდგა – 2:1.

28 ივნისი, 2018, სამარა. სენეგალი - კოლუმბია

კოლუმბია ჯგუფურ ეტაპის ბოლო შეხვედრას სენეგალთან გამართავს, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვედრია. 4 წლის წინ, 31 მაისს, გუნდები დაზავდნენ – 2:2.

მაშინ, სამხრეთ ამერიკელებმა ტაიმი ტეოფილო გუტიერესისა და კარლოს ბაკას გოლებით მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში აფრიკელებმა ორივე გოლი გაქვითეს პაპე მუსა კონატესა და ჩეიკ ნ’დოიეს ძალისხმევით.

კონტიგენტი

კოლუმბიის ნაკრების შემადგენლობას წუნს ნაკლებად თუ მოვუძებნით. კარს გამოცდილი დავიდ ოსპინა იცავს და დაცვაშიც არ არიან ამას მოკლებული მოთამაშეები: კრისტიან ძაპატა, იერი ინა, დევინსონ სანჩესი, სანტიაგო არიასი.

ნახევარდაცვაში გუნდის ლიდერი იმოქმედებს – ხამეს როდრიგესი, რომელსაც ხუან კუადრადო, ხუან კინტერო და კარლოს სანჩესი დაეხმარებიან.

შეტევაც სოლიდურია. კაპიტანი რადამელ ფალკაო გოლებს ისევ მოწყურებულია და კონკურენციაც არ აკლია – კარლოს ბაკა, ლუის მურიერი, ხოსე იზკუერდო.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

კოლუმბიის ნაკრებს ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა ერთი განსაკუთრებულია – ხამეს როდრიგესი. კოლუმბიის ნაკრებში დებიუტი 2011 წლის 29 სექტემბერს, ბოლივიასთან ჰქონდა და იქედან მოყოლებული ეროვნულ გუნდს 62 მატჩში 21 გოლით შეეწია.

მათ შორის, 6 გოლი 2014 წლის მუნდიალზე გაიტანა. საერთოდაც, ხამესი 4 წლის წინ გაბრწყინდა და მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა! იმავე ზაფხულს, “მონაკოდან” მადრიდის “რეალში” გადავიდა. გასულ შესარჩევ ციკლშიც დიდი როლი ითამაშა ნაკრების წარმატებაში – 13 თამაში, 6 გოლი.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას – ყველაფერი მშობლიური “ენვიგადოდან” დაიწყო, ხოლო 2008 წელს, 17 წლის ასაკში არგენტულ “ბანფილდში” აღმოჩნდა. 2010-2013 წლებში “პორტუს” ლიდერობდა, ხოლო მერე ერთი სეზონი “მონაკოში” დაჰყო.

2014 წლის მუნდიალზე დიდებულმა გარჯამ კი, მას “რეალში” მოუტანა ადგილი, სადაც, კარლო ანჩელოტის ყოფნის დროს ყველაფერი კარგად მიდიოდა. თუმცა, ზინედინ ზიდანისთვის ხამესი ნაკლებად იყო დასაყრდენი და გასულ ზაფხულს “ბაიერში” გაანათხოვრეს. “სამეფო კლუბში” კი ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.

“რეკორდმაისტერის” მაისურით გასულ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 39 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მათ შორის, ერთი ჩემპიონთა ლიგაზე, სწორედ “რეალის” კარში. ამასთან, ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა. ახლა ხამესი უკვე მუნდიალზე ფიქრობს. მეორე მუნდიალს ბომბარდირის წოდებით ხვდება...

მწვრთნელი

კოლუმბიის ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებები ხოსე ნესტორ პეკერმანის სახელთან ასოცირდება. არგენტინელმა სპეციალისტმა “ტრიკოლორე” 2012 წლის იანვარში ჩაიბარა და ზედიზედ ორჯერ გაიყვანა მუნდიალის ფინალურ ეტაპზე. პირველად მეოთხედფინალშიც გაიყვანა და ვნახოთ ახლა რას მიაღწევს.

საერთოდ, ეს პეკერმანისთვის მესამე მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება. 2014 წელზე უკვე იცით და 2006 წელს, არგენტინის ნაკრების სათავეში იყო. მაშინ, “ალბისელესტემ” ასევე მეოთხედფინალს უწია. გარდა ამისა, უმუშავია არგენტინის 20 წლამდე ნაკრებში, “ტოლუკასა” და “ტიგრესში”.

68 წლის არგენტინელი ტიტულებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ოდენ არგენტინის 20 წლამდე ნაკრებს მოაგებინა სამჯერ შესაბამისი კატეგორიის მსოფლიოს ჩემპიონატი – 1995, 1997 და 2001 წლებში.

პეკერმანს არც საფეხბურთო კარიერა ჰქონია გამორჩეული. 1970-1974 წლებში “არგენტინოს ხუნიორსის”, ხოლო 1974-1977 წლებში მედელინის “ინდეპენდიენტეს” ღირსებას იცავდა.

კოლუმბია – ტიტულები

კოპა ამერიკა (1): 2001

0.131128