ფეხბურთი

22:05 | 9.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილის "სარაგოსას" დრამა: ბოლო წუთზე დაკარგული ლა ლიგაში გადასვლის შანსი

“სარაგოსასა” და გიორგი პაპუნაშვილის ლა ლიგის ოცნება მომავლისთვის გადაიდო. საქმე ისაა, რომ არაგონული გუნდი პლეი-ოფის ნახევარფინალურ სტადიაზე დამარცხდა და შესაბამისად, მომავალ სეზონში ისევ ლა ლიგა 2-ში მოუწევს თამაში.

მეტოქე “ნუმანსია” იყო, რომელსაც სამი დღის წინ სტუმრად დაუზავდა (1:1). იმ შეხვედრაში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და გიორგის გოლის გატანაც შეეძლო. მანამდე, აშკარა პენალტიც არ დაინიშნა, როდესაც საჯარიმოში წააქციეს...

“ლა რომარედაზეც” “სარაგოსა” უმეტეს დროს შეტევაში ატარებდა და ორჯერ ქართველ შემტევს შეეძლო გატანა, როდესაც ანგარიში საყაიმო გახლდათ – 0:0.რეალური საგოლე მომენტები ჰქონდა გიორგის, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოიყენა. 64-ე წუთზე კი პერესმა “ნუმანსია” დააწინაურა და არაგონელებს გოლი აუცილებლად უნდა გაეტანათ და გაიტანეს კიდეც.

მე-80 წუთზე ცენტრალურმა მცველმა გონსალესმა ანგარიში გაათანაბრა როგორც დღევანდელ, ისე ორმატჩიან დუელში. და მაინც, ყველაფერი დრამატულად დასრულდა: მსაჯის კომპენსირებულ დროში სენეგალელმა პაპე მალი დიამანკამ მეორედ დაამწუხრა მასპინძლები და “ნუმანსიამ” მოიგო – 1:2 (ორი მატჩის ჯამში 2:3). რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალში ითამაშებს. 22 წლის ჩვენებური აღნიშნულ შეხვედრაში 90 წუთი იყო მოედანზე.

“სარაგოსამ” და პაპუნაშვილმა კი სეზონი დაასრულეს. გიორგიმ თავისი სადებიუტო ესპანური სეზონი 28 მატჩითა და 7 გოლით დაასრულა, რასაც ესპანეთის სამეფო თასზე 3 შეხვედრა და 1 გოლიც დაუმატა.

0.078502