ფეხბურთი

14:25 | 27.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: "სუპერ არწივების" ამბიცია
ნიგერიის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 18 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე D ჯგუფის მონაწილეებს ვეცნობით - ნიგერიის ნაკრები.

მონაწილეობა – 6

ნიგერიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში მეექვსედ ითამაშებს. “სუპერ არწივები” პლანეტის პირველობაზე პირველად 1994 წელს გამოჩნდნენ და შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს მუნდიალი მათთვის დღემდე ყველაზე გამორჩეული იყო. გუნდი 1/8 ფინალამდე მივიდა. იგივე შედეგი 4 წლის შემდგომაც აჩვენა და 4 წლის უკანაც, ხოლო შეუალედში ორი წარუმატებელი მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. 2002 და 2010 წლებში ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

2002 წელს, იაპონიაში ნიგერიამ ქვეჯგუფში ერთი ქულა მოიპოვა და ბუნებრივია, რომ ბოლო ადგილს დასჯერდა. არგენტინასთან (0:1) და შვედეთთან (1:2) წაგებებს, ინგლისთან პრესტიჟის ფრე მოჰყვა (0:0). ნიგერიამ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა და 2010 წელს სამხრეთაფრიკაში დაბრუნდა, სადაც წარუმატებლად ითამაშა. აფრიკელთა მონაგარი ისევ 1 ქულა და ბოლო ადგილი აღმოჩნდა. ნიგერიამ პირველი მატჩი ისევ არგენტინასთან ჩაატარა და კვალავაც 0:1 წააგო. ამას მოჰყვა საბერძნეთთან მარცხი (1:2) და ბოლო ტურში შედეგიანი ფრე სამხრეთ კორეასთან – 2:2.

საუკეთესო შედეგი – 1/8 ფინალი (1994, 1998, 2014)

ნიგერიის ნაკრებმა მუნდიალზე ხუთჯერ იასპარეზა და სამჯერ მოახერხა ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ პლეი-ოფის პირველი სტადია მისთვის დღემდე მაქსიმუმია. სადებიუტი მუნდიალი ნიგერიამ აშშ-ში 1994 წელს ჩაატარა და დებიუტანტმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ჯერ ბულგარეთი დაამარცხა ადვილად (3:0), შემდეგ არგენტინასთან წააგო (1:2), მაგრამ ბოლო ტურში საბერძნეთის ნაკრებს აჯობა (2:0). მერვედფინალში ნიგერიას ნამდვილი დრამა გადახტა თავს. მეტოქე უპირობო ფავორიტი იტალია იყო, მაგრამ მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმო. მეტიც რამდენიმე წუთი დააკლდა მეოთხედფინალამდე. ამუნიკემ 25-ე წუთზე გახსნა ანგარიში და აფრიკელები სასურველ შედეგს 88-ე წუთზე ინარჩუნებდნენ. მანამ, სანამ რობერტო ბაჯომ არ გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა. იქ კი, 102-ე წუთზე ისევ ბაჯომ (პენალტით) “სკუადრა აძურას” გამარჯვებას ხელი მოაწერა.

ოთხი წლის თავზე ნიგერიამ ჯგუფში ისევ იპირველა, ისევ 6 ქულით. ყველაფერი ესპანეთის ნაკრების ძლევით დაიწყო (3:2), რასაც ბულგარეთის დამარცხებაც მოჰყვა (1:0). ორი ტურის თავზე ნიგერიელებს პირველი ადგილი უკვე განაღდებული ჰქონდათ და ამიტომაც თავი არ მოუკლავთ ბოლო ტურში პარაგვაისთან (1:3). მერვედფინალში ნიგერიისგან უფრო მეტს ელოდნენ, მაგრამ დანიამ იმ დღეს შეუდარებელი ფეხბურთი აჩვენა და “სუპერ არწივები” უშანსოდ იყვნენ – 1:4. ტიჯანი ბაბანგიდამ 78-ე წუთზე ოდენ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო.

და ბოლოს, 4 წლის წინ, ბრაზილიაში ნიგერიამ ისევ მოახერხა პლეი-ოფში გაღწევა, ოღონდ ამჯერზე მეორე ადგილით. პირველ ტურში აფრიკელები ირანს უგოლოდ დაშორდნენ, ხოლო მეორე ტურში პეტერ ოდემვინგეს გოლით ბოსნიის ნაკრებს სძლიეს. ბოლო ტურში ნიგერია მისთვის კარგად ნაცნობ არგენტინასთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა – 2:3. მერვედფინალში ნიგერიელები საფრანგეთის ნაკრებს გადააწყდნენ. მართალია მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ბოლოსკენ მაინც გატყდნენ. პოლ პოგბას 79-ე წუთზე და იოზეფ იობოს ავტოგოლით (90-ე წუთზე) ნიგერია 0:2 დამარცხდა.

გზა რუსეთამდე

ნიგერიის ნაკრები რუსეთში საკმაოდ ადვილად მოხვდა. არადა, მეტად რთულ ქვეჯგუფში მოუწია თამაში. თავად განსაჯეთ, ნიგერიელთა მარადიული მეტოქე კამერუნი, საინტერესო ალჟირი და ზამბიის ნაკრები. მიუხედავად ამისა, ნიგერიამ ცალი ფეხით იპირველა, დააგროვა 13 ქულა (4 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება) და მეორეადგილოსან ზამბიას მთელი 5 ქულით აჯობა.

ნიგერიას სამი ტურის თავზე 9 ქულა ჰქონდა იმთავითვე ნათელი იყო, რომ მოპოვებულ უპირატესობას ხელიდან არ გაუშვებდა. აჯობა რა, ზამბიას (2:1), ალჟირს (3:1) და კამერუნს (4:0). ამას მოჰყვა იმავე კამერუნთან ფრე (1:1) და მეხუთე ტურში, 7 ოქტომბერს, შინ ზამბიის ძლევის (1:0) შედეგად ნიგერიამ ოფიციალურად მოიპოვა მუნდიალის საგზური.

რუსეთში გასავლელი გზა

16 ივნისი, 2018, კალინგრადი. ხორვატია – ნიგერია

ნიგერიის ნაკრები საქმეში 16 ივნისს, კალინგრადში ჩაერთვება და ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ბალკანელები და აფრიკელები ერთმანეთის წინაშე პირველად წარსდგებიან.

22 ინვისი, 2018, ვოლგოგრადი. ნიგერია – ისლანდია

მეორე შეხვედრა ვოლგოგრადში 22 ივნისსა ჩანიშნული. მეტოქე ისლანდიის ნაკრები იქნება. ევროპელებს აფრიკელებთან კარგი მოგონებები აკავშირებთ, რადგან აქამდე ერთხელ შეხვედრილან და დაუმარცხებიათ კიდეც. 1981 წლის 22 აგვისტოს სპარინგში ისლანდიამ ადვილად მოიგო (3:0).

26 ივნისი, 2018, სანქტ-პეტერბუგი. ნიგერია – არგენტინა

ნიგერია ჯგუფურ ეტაპს 26 ივნისს, არგენტინასთან მატჩით დაასრულებს.აფრიკელებს „ალბისელესტესთან“ არცთუ კარგი ბალანსი გააჩნია: 8 მატჩი, 2 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება.

პირველად ამ გუნდების გზები 1994 წლის მუნდიალზე გადაიკვეთა. 25 ივნისს, “ალბისელესტემ” კლაუდიო კანიჯას დუბლით მოიგო (2:1). შემდეგი დუელი ერთი წლის შემდეგ შედგა, ამჯერად კონფედერაციათა თასზე და გოლი არ გასულა. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც გუნდებმა ქულები გაიყვეს. მორიგი შეხვედრა უკვე 2002 წლის მუნდიალზე შედგა, ისევ ჯგუფურ ეტაპზე და გამარჯვება ისევ არგენტინას დარჩა. ერთადერთი გოლი გაბრიელ ბატისტუტამ გაიტანა.

იგივე ანგარიში დაფიქსირდა 2010 წელს, ისევ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე. ამჯერად გამარჯვების გოლი მე-6 წუთზე გაბრიელ ჰაინცემ შეაგდო. აქედან ზუსტად ერთი წლის თავზე, სპარინგში აფრიკელებმა პირველად აჯობეს მრისხანე მეტოქეს. თანაც, ხმაურიანი ანგარიშით – 4:1. სამ თვეში არგენტინამ რევანში აიღო და სპარინგში 3:1 გაიმარჯვა.

ეს გუნდები წინა მუნდიალზეც ერთ ჯგუფში იყვნენ. აფრიკელებმა ისევ დიდი წინააღმდეგობა დაატეხეს თავს მეტოქეს, მაგრამ მაინც ისევ დამარცხდნენ. ლიონელ მესიმ მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში. ერთ წუთში კი აჰმედ მუსამ გაათანაბრა. ტაიმის ბოლო წუთზე მესი დუბლს ასრულებს, რასაც მეორე ტაიმის სტარტზევე მუსა დუბლითვე პასუხობს. გამარჯვების გოლი 50-ე წუთზე მარკოს როხომ ჩაიწერა აქტივში.

ბოლო დაპირისპირება კი 2017 წლის 14 ნოემბრით თარიღდება. ამხანაგურ შეხვედრაში ნიგერიამ მოიგო – 4:2. ევერ ბანეგასა და კუნ აგუეროს გოლებით სამხრეთ ამერიკელები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ნიგერიელებმა მერე მთლიანად იგდეს სათამაშო უპირატესობა ხელთ. იენაჩომ და იდოვუმ თითოჯერ გაიტანეს, ხოლო აივობიმ დუბლი შეასრულა.

კონტიგენტი

ნიგერიის ნაკრების შემადგენლობა მაინც და მაინც ვერ ბრწყინავს. მართლაც, ეს არაა სეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, როგორიც მაგალითად ნვანკვო კანუ ან ჯეი ჯეი ოკოჩა იყვნენ. თუმცა, რამდენიმე საინტერესო ფიგურა მაინც არის.

განსაკუთრებით ნახევარდაცვასა და შეტევაში: კაპიტანი ჯონ ობი მიკელი, ვიქტორ მოსესი, ვილფრედ ნდიდი, აჰმედ მუსა, ოდიოდ იგალო, კელეჩი იენაჩო, ალექს აივობი.

ამის ფონზე მეტად უფერულად გამოიყურება ნიგერიელთა დაცვის ხაზი და მეკარის პოზიცია. აფრიკელებს ამ ორ პოზიციაზე პრობლემები მართლაც არ აკლიათ.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

ნიგერიის ნაკრების შემადგენლობას ვარსკვლავური ნამდვილად არ ეთქმის. ბევრი ვიფიქრეთ, ვისთვის შეიძლებოდა ეს სტატუსტი მოგვენიჭებინა. ჯონ ობი მიკელი, ვიქტორ მოსესი თუ აჰმედ მუსა. რეალურად რომ ვთქვათ, სამივე მათგანის კარიერის საუკეთესო წლები ჩავლილია. აი, კელეჩი იენაჩოს კი წესით ყველაფერი წინ უნდა ჰქონდეს.

სწორედ ამიტომ, “მანჩესტერ სიტის” საკუთრებაში და “ლესტერ სიტიში” მოთამაშე ფორვარდი შევარჩიეთ. 21 წლის ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2016 წლის 25 მარტს ეგვიპტესთან ჰქონდა (1:1). იქედნა მოყოლებული ნაკრების სისტემატური წევრია და დღემდე 14 შეხვედრაში საკმაოდ შედეგიანად ირჯება – 8 გოლი. ეს ნამდვილად არაა ცუდი შედეგი. სადებიუტო გოლი 2016 წელს მალის ნაკრებს გაუტანა. აი, აფრიკის შესარჩევ ციკლში კი ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ორჯერ გამოიჩინა (ზამბიასთან და კამერუნთან). ვნახოთ, გააგრძელებს თუ არა კელეჩი შედეგიან თამაშს მუნდიალის ფინალურ ეტაპზეც.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას – 2016-2017 წლების სეზონი “მანჩესტერ სიტიში” გაატარა და პრემიერლიგაში 20 მატჩში 4 გოლი შეაგდო. “ქალაქელებმა” ახალგაზრდა ნიგერიელი “ლესტერში” გაანათხოვრეს. აწ დასრულებულ სეზონში იენაჩომ 28 მატჩში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. განსაკუთრებით კარგად ინგლისის ასოციაციის თასზე გაისარჯა – 5 მატჩი, 4 გოლი.

მწვრთნელი

ნიგერიის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანელმა გერნოტ რორმა მიიყვანა, რომელმაც სუპერ არწივები” 2016 წელს ჩაიბარა. 64 წლის სპეციალისტი განსაკუთრებული კარიერით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის და ძირითადად სწორედ აფრიკის კონტინეტზე აქვს ნამუშევარი. აფრიკაში რორმა გეზი 2010 წელს აიღო, როდესაც გაბონის ნაკრები ჩაიბარა. ორი წლის შემდეგ უკვე ნიგერის ნაკრების თავკაცი გახდა, 2015 წელს ბურკინა ფასო ჩააბარეს, ხოლო 2016 წლიდან ნიგერიაში დაიწყო მუშაობა.

სამწვრთნელო კარიერა კი 1990 წელს დაიწყო ფრანგული “ბორდოდან”, რომელიც მისთვის ყველაზე ახლობელი კლუბი იყო. სხვადასხვა დროს ასევე თავკაცობდა “ნიცასა” და “ნანტს”.

რაც შეეხება ფეხბურთელის კარიერას – რორი 1972-1974 წლებში მიუნხენის “ბაიერნის” წევრი გახლდათ, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ირჯებოდა. შემდეგ ითამაშა “მანჰეიმსა” და “ოფენბახში”, ხოლო 1977 წელს საფრანგეთში გადაინაცვლა და “ბორდოში” კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა. 1977-1989 წლებში გერმანელმა მცველმა ჟირონდელთა რიგებში 352 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

ნიგერია – ტიტულები

აფრიკის ჩემპიონი (3): 1980, 1994, 2013

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114118