ფეხბურთი

22:47 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ცრემლნარევი სკუდეტო (+VIDEO)

ტურინის “იუვენტუსმა” სკუდეტო ჩაიბარა. პიემონტის დედაქალაქში ზეიმი გაჩაღდა, თუმცა ბევრი ცრემლიც დაიღვარა. “ბებერი ქალბატონის” რიგებში გენიალური ჯანლუიჯი ბუფონის ეოპქა დასრულდა და ეს ამბავი სხვაგვარად ვერ ჩაივლიდა.

“იუვენტუსის” ბოლო მეტოქე აწ უკვე დასრულებულ სეზონში გავარდნილი “ვერონა” იყო. “იუვე” დიდ უპირატესობას ფლობდა და გამარჯვებით დაასრულა 2017-2018 წლების სეზონი. მეორე ტაიმის სტარტზე ჯერ დანიელე რუგანიმ გახსნა ანგარიში, მერე მირალემ პიანიჩმა ჩინებული ჯარიმა გაიტანა.

63-ე წუთზე კი თითქოს დრო გაჩერდა. “ალიანც სთედიუმი” ასეთი აღელვებული, ემოციური და ნაღვლიანი ბოლოს 6 წლის წინ, 2012 წლის 13 მაისს იყო, როდესაც ალესანდრო დელ პიეროს დაემშვიდობნენ. ნაკლები ამბავრი არც ახლა ყოფილა. ჯიჯის მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა. ჯიჯი “იუვენტუსიდან” წავიდა, მაგრამ ფეხბურთში რჩება. სად, ეს ჯერ უცნობია. ბუფონის მოედნიდან გასვლის შემდეგ მატჩისთვის თითქმის არავის ეცალა და ყველა მას შეჰყურებდა. ლეგენდარულმა კაპიტანმა სტადიონს წრე დაარტყა, ტიფოზებს ჩაეხუტა, საჩუქრები მიიღო, ცრემლი გაუცვალა და უთხრა – ნახვამდის!

6 111 დღეს, 17 წელი. 9 სკუდეტო, 5 იტალიის სუპერთასი, 4 იტალიის თასი. 656 მატჩი (301 მშრალი მატჩი). ჯანლუიჯი ბუფონი “იუვენტუსის” ფეხბურთელი აღარაა. ბუფონმა უამრავი რეკორდი დაამყარა. სერია A-ში მეკარეებს შორის ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული – 640. საერთოდაც, აბოლუტური რეკორდსმენი გახდებოდა, რომ არა დეკემბერში მიღებული ტრავმა, რის გამოც ორი თვე იუქმა. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ პაოლო მალდინის აქვს (647 თამაში). ბუფონმა 2015-2016 წლების სეზონში 974 წუთი არ გაუშვა გოლი და ესეც კალჩოს ისტორიაში საუკეთესო მშრალი სერიაა. ჯიჯი 39 წლის ასაკში მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდა. მოკლედ, ბუფონი “იუვენტუსისთვის” უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მეკარე, ვიდრე უბრალოდ კაპიტანი. 656 მატჩით კი, “ბებერი ქალბატონის” ისტორიაში მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს ჩამორჩება (705 თამაში). თუმცა, თუ მოედანზე გატარებულ თამაშებს წუთებში გადავიყვანთ, აქ ბუფონი ისტორიაში ლიდერია. და საერთოდ, პროფესიონალურ კარიერაში 1052 (!) მატჩი ჩაატარა. იტალიის ნაკრებში 176 და 80 კაპიტნის რანგში (ეს ორივე რეკორდია). საოცარი ციფრებია მეგობრებო. ვნახოთ, როგორ და სად გაგრძელდება ჯანლუიჯი ბუფონის კარიერა. მას ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია, მაგრამ ეს არამც და არამც არ აკნინებს მის საოცარ კარიერას. ჯიჯი უსათუოდ მოიგებდა ევროპის უპრესტიჟულეს ტიტულს, 2006 წელს საყვარელ გუნდს ქვედა ლიგაში რომ არ ჩაჰყოლოდა. ეს ხომ ცხადზე ცხადია?!

მხოლოდ ბუფონი არ გაუცლებიათ “იუვენტუსიდან”. სტეფან ლიხშტაინერმაც დატოვა “ბებერი სინიორა”. შვეიცარიელსაც ბევრი აპლოდისმენტი ერგო. 2011 წლიდან “ექსპრესმა” 7-ჯერ მოიგ სკუდეტო და ამ გუნდის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. სხვათა შორის, 85-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, ბურთთან ლიხშტაინერი მივიდა. სიმბოლური იქნებოდა გოლით დამშვიდობება, მაგრამ შვეიცარიელმა საკუთარ თავს საჩუქარი ვერ გაუკეთა და პენალტი ვერ გამოიყენა. მერე, 90-ე წუთზე, როდესაც ალეგრის სამივე შეცვლა გაკეთებული ჰქონდა, მოედანი ფეხბურთელთა მოთხვნით მაინც დატოვა, რომ თავისი წილი აპლოდისმენტები პუბლიკისგან მაინც მიეღო... წავიდა კვადვო ასამოაც (6 სკუდეტოს კაცი). ის “ინტერში” მიდის.

"იუვენტუსმა" ბოლოსკენ გოლი გაუშვა ალესიო ჩერჩისგან, მაგრამ ეს ვიღას ადარდებდა. ისე, ამ გოლმა მაინც დააკრგვინა ტურინულ გრანდს ერთი რეკორდი. საქმე ისაა, რომ მიმდინარე სეზონში 22 მშრალი მატჩი ჩაატარა და ანალოგიური შედეგი აჩვენა 2015-2016 წლების სეზონში, ასევე 22 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი "მილანმა" 1993-1994 წელბის სეზონში და ეს რეკორდია. ანუ, გამოდის, რომ "იუვეს" გოლი რომ არ გაეშვა სეზონში 23 მშრალი მატჩი დაუგროვდებოდა და ეს იქნებოდა აბსოლუტური რეკორდი... მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კი სეზონი დაასრულა. ზედიზედ მეოთხედ შეასრულა დუბლი და ახალი სეზონიდან ახალ მწვერვალებს შეუტევს. ოღონდ ჯიჯი ბუფონის გარეშე. 2001 წლის 2 ივლისიდან პირველად ბუფონი და “იუვენტუსი” ერთმანეთთან აღარ ასოცირდება.

ტურინშ ზედიზედ მეშვიდე (34-ე ჯამში), მაგრამ ცრემლნარევი სკუდეტო აღნიშნეს...

“იუვენტუსი” – “ვერონა” 2:1 (0:0) VIDEO

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

მაყურებელი: 40 380

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი (პინსოლიო 63); ლიხშტაინერი, რუგანი, ბარძალი, ალექს სანდრო; მარკიზიო, პიანიჩი, სტურარო (ბენტანკური 44); დიბალა, მანჯუკიჩი, დუგლას კოშტა (იგუაინი 66)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ვერონა” (4-4-2): ნიკოლასი; რომულო, კარაჩოლი (ბეარძოტი 46), ფერარი, სუპრაიენი; აარონსი (ფ. ძუკულინი 62), ფოსატი, დანცი, ფარეში; მატოსი (პეტკოვიჩი 81)

მწვრთნელი: ფაბიო პეკია

გოლები: 1:0 რუგანი (49), 2:0 პიანიჩი (52), 2:1 ჩერჩი (76)

გამოუყენებელი პენალტი: ლიხშტაინერი (85, მეკარე)

გაფრთხილება: ფარეში (51), ფოსატი (58)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (14) – 4 (3) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 10:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: რიკარდო პინცანი

თეგებისერია A
0.459258