იყო დრო ეს წყვილი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს ამშვენებდა, მაგრამ ეს 15 წლის წინ. ახლა, იტალიის თასის ფინალში მოუწევთ შერკინება: “იუვენტუსი” – “მილანი”.
დღეს, რომის “სტადიო ოლიმპიკოზე” იტალიური ფეხბურთის ორი მეტრი სატიტულოდ გაეჯიბრებიან ერთურთს. ორივე გუნდი მოტივირებულია და ბუნებრივია მოედანზე გამარჯვებისთვის გავლენ. სანამ, სხვა დეტალებს ჩავუღრმავდებოდეთ, გეტყვით, რომ ორივე გუნდს იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ საზეიმოდ უმასპინძლა.
მაგალითად, “იუვენტუსი” ძალიან ახლოსაა ზედიზედ მეოთხე დუბლთან. და, თუ ამას მოახერხებს, გახდება პირველი იტალიური გუნდი, რომელმაც ისტორიაში ექვსჯერ შეასრულა საშინაო დუბლი (სკუდეტო, იტალიის თასი). მოკლედ, მასიმილიანო ალეგრის გუნდს უმძიმეს სეზონში პირველი ტიტულის მოგების შანსი აქვს.
თავის მხრივ, “მილანიც” არ უჩივის მოტივაციის ნაკლებობას. “როსონერის” კაპიტან ლეონარდო ბონუჩის დავესესხოთ, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ფინალს მოიგებენ და ეს გამარჯვება გადაარჩენს “მილანისთვის” ამ სეზონს და გახდება სამომავლო წარმატებების დასაბამი. სხვათა შორის, “როსონერი” თასის აღმართვის შემთხვევაში ევროპა ლიგის საგზურს, პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე გაინაღდებს. აი, სხვა შემთხვევაში კი, დიდი შანსია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოუწიოს ჩართვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯენარო გატუზოს ბიჭებს მოკლე შვებულება გამოუვათ და მათთვის სეზონი ივლისის დასაწყისში დაიწყება.
მიმდინარე სეზონში “იუვენტუსმა” “მილანი” ორჯერ დაამარცხა. ჯერ “სან სიროზე” აჯობა გონსალო იგუაინის დუბლით, ხოლო შემდეგ ტურინში – 3:1. ეს ერთდერთი გოლი ლეონარდო ბონუჩიმ გაიტანა, რომელმაც გოლი ემოციურად აღნიშნა და ამას პირადი სიხარული უწოდა. გოლის კიდევ გატანის შემთხვევაში გაიმეორებს თუ არა იგივეს, ბონუჩი არ დაკონკრეტებულა. დასძინა, ვნახოთ, რა სიტუაცია იქნებაო.
თავის მხრივ, ორი წლის წინ იტალიის თასის ფინალში “იუვენტუსმა” ალვარო მორატას 116-ე წუთზე გატანილი გოლის სძლია “მილანს” და ტიტულის გარეშე დატოვა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში, სუპერთასზე უკვე “როსონერიმ” იმძლავრა, რომელმაც პენალტების სერიაში აჯობა მეტოქეს.
საერთოდაც, “ბებერი ქალბატონისა” და “როსონერის” დაპირისპირებებში, რომლებიც ფინალების ეგიდით შედგა, ხშირია პენალტების სერია, რაშიც ახლა თავად დარწმუნდებით:
იტალიის თასი, 1941-1942 წლების სეზონი.
“მილანი” – “იუვენტუსი” 1:1
“იუვენტუსი” – “მილანი” 4:1
იტალიის თასი, 1973 წელი
“მილანი” – “იუვენტუსი” 1:1 პენ: 5:2
იტალიის თასი, 1990 წელი
“იუვენტუსი” – “მილანი” 0:0
“მილანი” – “იუვენტუსი” 0:1
ჩემპიონთა ლიგა, 2003 წელი
“იუვენტუსი” – “მილანი” 0:0 პენ: 2:3
იტალიის სუპერთასი, 2003 წელი
“იუვენტუსი” – “მილანი” 1:1 პენ: 5:3
იტალიის თასი, 2016 წელი
“იუვენტუსი” – “მილანი” 1:0 დ.დ
იტალიის სუპერთასი, 2016 წელი
“იუვენტუსი” – “მილანი” 1:1, პენ: 4:5
როგორც ხედავთ, ეს გუნდები ფინალებში ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ და აქედან ოთხჯერ პენალტების სერიაში, ერთხელ დამატებით დროში გამოვლინდა გამარჯვებული. ძირითად დროში გამარჯვებული მხოლოდ ორ ფინალში გაირკვა და ისიც მაშინ, როდესაც ჩემპიონი ორმატჩიან დუელში ვლინდებოდა. ერთმატჩიანი ფინალები კი 5-ჯერ შედგა და ძირითად დროში არცერთი არ დასრულებულა.
უშუალოდ იტალიის თასს რაც შეეხება, 4 ფინალიდან, “იუვემ” სამი მოიგო, ხოლო “მილანმა” ერთხელ უწია წარმატებას.
საერთოდაც, “ბებერ ქალბატონს” კოპა იტალია 12-ჯერ აქვს მოგებული და ეს რეკორდია, ხოლო “როსონერის” მუზეუმს ოდენ 5 იტალიის თასი ამშვენებს, მათ შორის, ბოლო გამარჯვება 2003 წლით თარიღდება. “იუვენტუსი” და “მილანი” აქამდე იტალიის თასზე 24-ჯერ შეხვედრილან. ტურინელებმა 10 მატჩი მოიგეს, 7 მილანელებმა, ხოლო 7 ფრედ დასრულდა.
დღევანდელი ფინალი კი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ერთი საინტერესო ფაქტი: იტალიის თასის ფინალში 1999 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ჯიჯი ბუფონი. მართალია, “იუვეს” ზედიზედ სამი ფინალი აქვს მოგებული, მაგრამ ბუფონი მოედანზე არცერთხელ გასულა. ასე და ამრიგად, კოპა იტალიის ბოლო ფინალი ლეგენდარული მეკარისთვის 19 წლით უკან თარიღდება. გუნდების სავარაუდო შემადგენლობები კი ასეთია:
“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; კუადრადო, ბენატია, ბარძალი, ასამოა; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; დიბალა, იგუაინი, დუგლას კოშტა
“მილანი” (4-3-3): დონარუმა; კალაბრია, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი; კესიე, ლოკატელი, ბონავენტურა; სუსო, კუტრონე, ჩალჰანოღლუ