ფეხბურთი

22:50 | 7.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდიამ პოლონეთში ისევ გაიტანა (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 30-ე ტურში ლუკა ზარანდიას “არკა” სტუმრად “ლეხიასთან” 2:4 დამარცხდა. თუმცა, ქართველმა შემტევმა გოლის გატანა მოახერხა. სტუმრებმა პირველი ტაიმი 0:4 წააგეს და მხოლოდ მეორე ნახევარში მოახერხეს ანგარიშის შემცირება. ლუკამ თავი 67-ე წუთზე გამოიჩინა. აქვე გეტყვით, რომ ზარანდიამ 4 დღის წინ პოლონეთის თასზეც შეძლო გოლის გატანა. “არკას” 40 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზე იმყოფება.

“კორონა” სტუმრად დაუზავდა “სლასკს” – 1:1. სტუმართა ქართველმა ფორვარდმა ნიკა კაჭარავა ძირითად შემადგნელობაში არ ყოფილა და 58-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში. “კორონას” 45 ქულით მეექვსე პოზიცია უკავია.

ლაშა დვალის “პოგონი” ვარშავაში, “ლეგიასთან” უშანსოდ დამარცხდა (0:3). ქართვლმა მცველმა 77-ე წუთამდე ითამაშა. “პოგონი” 31 ქულით მეთორმეტეა.

ჰოლანდიის ერედივიზიონის 30-ე ტურში მორიგი მარცხი განიცადა “ვიტესმა”, რომელიც სტუმრად “ბრედასთან” დარჩა უქულოდ (0:1). გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელ ბარათს გამორჩა. არნემელები კი, მეშვიდე ადგილზე არიან 42 ქულით.

უკრაინის პრემიერლიგაში “ვორსკლამ” შინ “მარიუპოლს” სძლია (1:0). პოლტაველთა ძირითადში ორი ქართველი იყო – სანდრო კობახიძე და ანდრო გიორგაძე. ახალგაზრდა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კობახიძე 68-ე წუთამდე იყო მოედანზე. “ვორსკლა” 41 ქულით მესამეა, მხოლოდ კიევის “დინამოსა” და დონეცკის “შახტარს” ჩამორჩება.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 34-ე ტურში “სარაგოსამ” “უესკა” დაამარცხა (1:0). გიორგი პაპუნაშვილი 55-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. არაგონელებს 55 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციას ამაგრებენ.

რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში “უფა” ტულის “არსენალთან” დამარცხდა (1:2). სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა ჯიმი ტაბიძემ, ხოლო “არსენალის” განაცხადში არ ყოფილა გია გრიგალავა. “უფას” 34 ქულით მეშვიდე, ხოლო “არსენალს” 35 ქულით მეექვსე ადგილი უკავია.

აქვე გეტყვით, რომ დღეს გოლები გაიტანეს ჯაბა კანკავამ, გიორგი ქვილითაიამ და დავით ხოჭოლავამ.

0.118343