ძიუდო

11:04 | 19.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ფინალი და ორი ონისეს ტრიუმფი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გასულ უქმეებზე, ავსტრიის ქალაქ ობერვარტში გამართულ ევროპის ღია ტურნირზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დაბალრეიტინგიან საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრები ლიდერების გარეშე ჩავიდა. არც სხვა ძლიერ ქვეყნებს დაუყენებიათ საბრძოლო შემადგენლობა, თუმცა შეჯიბრების სანახაობრივ მხარეს ტიტულოვანი სპორტსმენების არყოფნა არც დასტყობია. ქართულ განაცხადში სულ 20 ძიუდოისტი იყო. ორდღიანი პროგრამის პირველ დღეს მათგან ტატამზე 9 გავიდა, მაგრამ საპრიზო სამეულში შესვლა ვერც ერთმა შეძლო. მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა ომარ ნიაზაშვილს (73 კგ), რომელიც რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მე-5 ადგილს დასჯერდა.

მეორე დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა და ორში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ქართველები ავიდნენ. ევროპის ღია ტურნირი წაუგებლად ონისე სანებლიძემ (100 კგ) და ონისე ბუღაძემ (+100 კგ) ჩაამთავრეს. მძიმე წონის ფინალში სულაც ქართული დაპირისპირება შედგა და გიორგი ქავთარაძე ვერცხლის მედალს დაეუფლა. კიდევ ერთი მედალი – ბრინჯაო დავით ოზბეთელაშვილის (+100 კგ) ანგარიშზეა. გიგა გიგაური (81 კგ) და გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ) კი "ბრინჯაოს ფინალში” დამარცხდნენ. მათ გარდა, საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ: ამირან დარბაისელი, თემურ ნოზაძე, ლაშა ჩადუნელი (სამივე 60 კგ), ლაშა გიუნაშვილი, გიორგი ქალდანი, ზვიად ხუბულური, ნიკო ჭიკაიძე (ოთხივე 66 კგ), ფრიდონ გიგანი (73 კგ), ნოდარ ბერიანი, თორნიკე ჯუღელი (90 კგ), იასონ ნემსაძე (100 კგ), გუგა კიბორძალიძე და გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ).

ევროპის ღია ტურნირზე მონაწილეობა 42 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო. საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე აზერბაიჯანი გავიდა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით. საქართველომ კი მეორე ადგილი დაიკავა.

0.128192