ფეხბურთი

10:51 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

რა საჭიროა და რას უნდა ველოდეთ ერთა ლიგისგან? - ჯორჯო მარკეტის ინტერვიუ

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, 24 იანვარს, უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ეს ახალი ტურნირია, რომელიც სტარტს სექტემბერში აიღებს და რომელსაც ჩვენში განსაკუთრებულად ელოდებიან.

ერთა ლიგა შანსია ყველასთვის და მათ შორის, საქართველოს ნაკრებისთვის. ახლად შექმნილი გათამაშება ხომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის 4 საგზურს იძლევა. ერთა ლიგის ფორმატზე, საქართველოს ნაკრების დივიზიონზე აქამდე ბევრჯერ გვეწერა.

ახლა კი, უეფას ვიცემდივანის, ჯორჯო მარკეტის ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც მთლიანად ერთა ლიგას დაეთმო. იტალიელს Gazzetta Dello Sport-ი ესაუბრა.

- საჭიროა ახალი ტურნირი?

- დიახ, რადგან საერთაშორისო კალენდარში ბევრი თავისუფალი დღე გახლდათ. ვფიქრობდით, რამდენიმე ამხანაგური თამაშის ოფიციალურ მატჩებში გადაქცევას და მთავარი სპორტული და ეკონომიკური ინტერესი იყო. ამხანაგური შეხვედრები არ გაუქმდება, მაგრამ გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე აქამდე. გარდა ამისა, დიდი გუნდებისთვის სპარინგების ორგანიზება უფრო ადვილი იყო, ვიდრე პატარა გუნდებისთვის. ამ შემთხვევაში კი, ფეხბურთის თამაშს ყველა შეძლებს.

- ერთა ლიგა თითქოს უფრო მომხიბლავი, სწრაფი ტურნირია, მაგრამ უფრო რთული...

- რთული არაა. 55 ევროპული ნაკრები 4 სხვადასხვა კალათაშია განაწილებული და თითოეულში ოთხი ქვეჯგუფი შეიქმნება. ჯგუფების გამარჯვებულები აღზევდებიან, ხოლო დამარცხებულები – დაქვეითდებიან. და, ბოლოს, პირველი კალათას 4 ჯგუფის გამარჯვებულები ოთხთა ფინალში ითამაშებენ.

- ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზეც გადიან...

- ეს კიდევ ერთი საინტერესო მიზეზია. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი სექტემბერში აღარ დაიწყება, მაგრამ სტარტს მარტში აიღებს. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შედეგებიდან გამომდინარე შედგება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფებიც.

- კონკრეტულად?

- ერთა ლიგის პირველი კალათის საუკეთესი 10 ნაკრები პირველ კალათში მოხვდება, ხოლო ამავე კალათის ბოლო 2 გუნდი და მეორე კალათის საუკეთესო 8 ნაკრები შესარჩევი ტურნირის მეორე კალათაში გადანაწილდებიან და დანარჩენებიც, შესაბამისად. ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ტურნირიდან 20 ნაკრები გავა, დანარჩენი 4 ადგილი კი, ერთა ლიგიდან გათამაშდება. ერთა ლიგაში თითოეული დივიზიონის გამარჯვებულებს გარანტირებული არაფერი ექნებათ და პლეი-ოფი გაიმართება.

- მაგალითად იტალია იმ დივიზიონშია, სადაც 4 სამგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება. თამაშები გაიმართება სახლი-სტუმრად სისტემით. ანუ, გამოდის, რომ თითოეულ ნაკრებს 4 შეხვედრის ჩატარება მოუწევს. სწრაფი ტურნირია...

- ერთა ლიგა იქნება ლამაზი ტურნირი, როგორც საკლუბო ტურნირებია. ჯგუფური ეტაპი, პლეი-ოფის სისტემა, ფინალი...

- ჯგუფში ბოლო ადგილზე გასვლა ნიშნავს, რომ დაქვეითდი ერთი დივიზიონით...

- მეორე მხრივ ეს არის კლუბების ფილოსოფია, რომლებიც ერთი დივიზიონიდან მეორეში გადადიან. ეს სპორტული პრინციპია, რომელიც შეიცავს კატეგორიიდან დაქვეითების საფრთხეს. მაგრამ, ასევე შანსია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კიდევ ერთი ტიტულის მოგების.

- ერთა ლიგაში ვიდეორეფერი იქნება?

- უეფა ფიფას ექსპერიმენტს ინტერესით აკვირდება. უნდა დაველოდოთ შემდეგ გადაწყვეტილებების მიღებას, რამდენად იქნება ეს სრულყოფილი და თუ ეჭვები საბოლოოდ გაქრება. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთი გაუმჯობესდეს და სხვა რამედ გადაქცევის საფრთხის წინაშე არ დადგეს. ფეხბურთს სილამაზის უწყვეტი ნაკადი აქვს, რაც სხვა სპორტს არ გააჩნია. თუმცა, თუ ვიდეორეფერი გაამართლებს, უეფა მას აუცილებლად განიხილავს.

- 2019 წლის ივნისში როგორ დააჯილდოვებენ ჩემპიონებს?

- იტალიურმა კომპანიამ ლამაზი თასი დაამზადა. ის თითქმის ერთა ლიგის ლოგოს პლასტიკური რეალიზაციაა. წილისყრაზე ფართო საზოგადოებაც იხილავს.

აქვე, შეგიძლიათ იხილოთ წილისყრამდე ოთხივე დივიზიონის შემადგენლობა, კალათები და დეტალური ინფორმაცია ერთა ლიგაზე.

0.118114