ფეხბურთი

23:53 | 7.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრები პირველ კალათაშია

უეფამ ერთა ლიგის მონაწილე ნაკრებები კალათების მიხედვით ოფიციალურად გადაანაწილა. აქამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები D ლიგაში ითამაშებდა, სადაც ვლადიმირ ვაისის გუნდი პირველ კალათაში აზერბაიჯანის, მაკედონიისა და ბელარუსის ნაკრებებთან ერთად იქნება.

შესაბამისად, “ჯვაროსნები” ხსენებულ სამ გუნდთან ქვეჯგუფში ვერ მოხვდებიან. სანამ, უშუალოდ ერთა ლიგის ფორმატზე ვისაუბრებდეთ, მანამდე გავეცნოთ D ლიგის ოთხივე კალათას:

D ლიგა

I კალათა: აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელარუსი, საქართველო

II კალათა: სომხეთი, ლატვია, ფარერები, ლუქსემბურგი

III კალათა: ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, მალტა

IV კალათა: ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი

რაც შეეხება წესებს – უეფას ერთა ლიგა 2018 წლის სექტემბერში დაიწყება. D ლიგის 16 ნაკრები ოთხ, 4-გუნდიან ქვეჯგუფებში გადანაწილდებიან და თითოეული ჯგუფის გამარჯვებული 2020 წლის ერთა ლიგაში ერთი დივიზიონით დაწინაურდება. ანუ, 4 ნაკრები D ლიგიდან C ლიგაში აღზევდება. რაც ყველაზე საინტერესოა, ერთი ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

კერძოდ, ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები 2020 წლის მარტში პლეი-ოფის სისტემით გაითამაშებენ ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის საგზურს.

აქვე გეტყვით, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ნაკრებები ერთ ქვეჯგუფში ვერ მოხვდებიან. გარდა ამისა, შესაძლო ხანგრძლივი მგზავრობის გამო ერთ ჯგუფში მხოლოდ ერთი წყვილი იქნება შესაძლებელი შემდეგი ქვეყნებიდან: ანდორა და ყაზახეთი, ფარერები და ყაზახეთი, გიბრალტარი და ყაზახეთი, გიბრალტარი და აზერბაიჯანი.

და ბოლოს, დანარჩენი სამი ლიგის კალათებსაც გაგაცნობთ:

A ლიგა

I კალათა: გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი

II კალათა: საფრანგეთი, ინგლისი, შვეიცარია, იტალია

III კალათა: პოლონეთი,, ისლანდია, ხორვატია, ჰოლანდია

A ლიგაში ოთხი სამგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება. პირველადგილოსნები 2019 წლის ივნისში უეფას ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ და გამოვლინდება ტურნირის გამარჯვებული. ფინალური ეტაპის მასპინძელი ქვეყანა 2018 წლის დეკემბერში დასახელდება.

ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული ნაკრებები 2020 წლის ერთა ლიგაში ერთი დივიზიონით დავქეითდებიან და B ლიგაში ითამაშებენ.

ჯგუფური ეტაპის ოთხი საუკეთესო გუნდი კი 2020 წლის მარტში პლეი-ოფის სისტემით ევრო 2020-ის საგზურს გაითამაშებს.

B ლიგა

I კალათა: ავსტრია, უელსი, რუსეთი, სლოვაკეთი

II კალათა: შვედეთი, უკრაინა, ირლანდია, ბოსნია

III კალათა: ჩრდ. ირლანდია, დანია, ჩეხეთი, თურქეთი

B ლიგაში შეიქმნება ოთხი სამგუნდიანი ჯგუფი. რუსეთისა და უკრაინის ნაკრებები ერთ ქვეჯგუფში ვერ მოხვდებიან.

ჯგუფის გამარჯვებული ოთხი ნაკრები 2020 წლის ერთა ლიგაში ერთი დივიზიონით დაწინაურდებიან და A ლიგაში გადაინაცვლებენ. გარდა ამისა, ხსენებული 4 ნაკრები ევრო 2020-ის საგზურისთვისაც იბრძოლებენ 2020 წლის მარტში პლეი-ოფის სისტემით.

ჯგუფში ბოლო ადგილზე ოთხი ნაკრები კი B ლიგას დატოვებს და C ლიგაში მოუწევთ 2020 წლისთვის თამაში.

C ლიგა

I კალათა: უნგრეთი, რუმინეთი, შოტლანდია, სლოვენია

II კალათა: საბერძნეთი, სერბეთი, ალბანეთი, ნორვეგია

III კალათა: მონტენეგრო, ისრაელი, ბულგარეთი, ფინეთი

IV კალათა: კვიპროსი, ესტონეთი, ლიტვა

C ლიგაში შეიქმნება ერთი სამგუნდიანი და სამი ოთხგუნდიანი ჯგუფი. კლიმატური პირობების გამო ერთ ჯგუფში ნორვეგია, ფინეთი, ესტონეთი და ლიტვასგან მხოლოდ ორი გუნდის მოხვედრა იქნება შესაძლებელი.

ჯგუფის ოთხი გამარჯვებული ნაკრები მომდევნო ერთა ლიგისთვის ერთი დივიზიონით აღზევდება. გარდა ამისა, ისინი 2020 წლის მარტში პლეი-ოფის სისტემით ევრო 2020-ის ერთ საგზურს გაითამაშებენ.

ჯგუფების ოთხი ბოლოადგილოსანი კი C ლიგას დატოვებს და D ლიგაში დაქვეითდებიან.

აქვე, უეფას ერთა ლიგის კალენდარი:

პირველი ტური: 6-8 სექტემბერი, 2018 წელი

მეორე ტური: 9-11 სექტემბერი, 2018 წელი

მესამე ტური: 11-13 ოქტომბერი, 2018 წელი

მეოთხე ტური: 14-16 ოქტომბერი, 2018 წელი

მეხუთე ტური: 15-17 ნოემბერი, 2018 წელი

მეექვსე ტური: 18-20 ნოემბერი, 2018 წელი

ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება 2018 წლის დეკემბერში.

ფინალური ეტაპი ჩატარდება 2019 წლის 5 ივნისიდან 9 ივნისამდე.

ევრო 2020-ის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართება 2019 წლის 22 ნოემბერს.

ევრო 2020-ის საპლეი-ოფო მატჩები გაიმართება 2020 წლის 26 მარტიდან 31 მარტამდე.

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2018 წლის 24 იანვარს, ლოზანაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117411