ფეხბურთი

2:12 | 7.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ჟოზე მოურინიო პატარა და ყალბი ადამიანია"

ანტონიო კონტესა და ჟოზე მოურინიოს სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. ფაქტობრივად, არცერთი მწვრთნელის პრესკონფერენცია ისე არ სრულდება, რომ ერთმანეთის მიმართ სკანდალური განცხადებები არ გააკეთონ.

ამჯერად, მოურინიოს კონტემ უპასუხა. საქმე ეხება პორტუგალიელს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ანტონიო გარიგებულ თამაშებში იყო მხილებული.

ყველაფერი კი, იმით დაიწყო, რომ "განსაკუთრებულმა" კონტეს მასხარა უწოდა...

“რთულია პასუხი გასცე გარკვეულ განცხადებებს. როდესაც მწვრთნელი შეურაცხყოფას აყენებს ან შეტევას ახორციელებს კოლეგაზე, ის პატარა ადამიანია. მოურინიო პატარა ადამიანი იყო წარსულში, ახლაც პატარაა და მომავალშიც ასეთი იქნება. ყველა ვიცნობთ, ყოველთვის ჩვეულებრივია.

როდესაც საუბრობ გარკვეულ ფაქტებზე, ინფორმირებული უნდა იყო – მე გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით უდანაშაულო ვიყავი და ეს დამტკიცდა კიდეც!

მახსოვს, კლაუდიო რანიერის ინგლისური ენის გამო დასცინოდა. შემდეგ, როდესაც რანიერი “ლესტერიდან” გაათავისუფლეს, მისი მაისური ჩაიცვა. მოურინიო ყალბი ადამიანია”, - განაცხადა “ნორვიჩთან” მატჩის შემდეგ იტალიელმა.

კონტესა და მოურინიოს ურთიერთობა ბოლო დროს ძალზე დაიძაბა. ყველაფერი კი 2016 წლის ოქტომბერში, “ჩელსი” – “მანჩესტერის” (4:0) მატჩით დაიწყო. მაშინ, “განსაკუთრებულმა” კოლეგას ემოციების ზედმეტად გამოხატვა დაუწუნა.

ცალსახაა, რომ კონტეს უკანასკნელ განცხადებას, ჟოზე უპასუხოდ არ დატოვებს (ყოველშემთხვევაში ბოლოდროინდელი ფაქტები ამაზე მიგვანიშნებს) და საინტერესოა, რა იქნება მოურინიოს პასუხი...

0.11434