ფეხბურთი

14:23 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავით მუჯირი: “ტოტის კარიერის დასრულების შემდეგ პირველად “დინამო არენაზე” ნახავთ”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დღეს, სასტუმრო “ბილტმორში” პრესკონფერენცია გამართა და ფეხბურთის მოყვარულებს სასიამოვნო ინფორმაცია ამცნო. მისი თქმით, 29 სექტემბერს, საქართველოში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები ჩამოვლენ და მონაწილეობას მიიღებენ საქველმოქმედო მატჩში, რომლის შემოსავალი სრულად მოხმარდება მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას.

“აგვისტოში განვითარებული მოვლენები ყველას კარგად მოგეხსენებათ. მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ხანძრის ლოკალიზებაში. თქვენც კარგად იცით, რომ საქართველოსა და ირლანდიის მატჩზე გაყიდული ბილეთები მთლიანად ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდა. სწორედ მაშინ გაჩნდა ახალი იდეაც, რომ ჩაგვეტარებინა საქველმოქმედო თამაში. ჩვენ გვერდში დაგვიდგნენ ვი თი ბი ბანკი და ლუდი “აისი”, რომლებსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.

დიდი სურვილი გვაქვს, რომ კახი კალაძემაც ითამაშოს ამ შეხვედრაში. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ჩვენ ასე მოკლე დროში შევძელით ასეთი ვარსკვლავური შემადგენლობის შეკრება. ჩვენი მხრიდან კახი მოწვეულია მატჩზე და ჩამომსვლელი ფეხბურთელების მოთხოვნაა, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მათთან ერთად ითამაშოს. ჩვენც ჩვენი მხრიდან ბოლომდე ვიტოვებთ იმედს.

რაც შეეხება ჩამონათვალს, ჯერ რამდენიმე ფეხბურთელთან კიდევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და აუცილებლად დაემატებიან, თუმცა ამ ეტაპზე ისინი ვინც სიაში არიან, აუცილებლად ჩამოვლენ.

თქვენ პირველებს შეგეძლებათ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ “რომას” ყოფილ კაპიტანს, ფრანჩესკო ტოტის თბილისში, “დინამო არენაზე” მიადევნოთ თვალი.

ჯენარო გატუზო, მოგეხსენებათ, რომ მწვრთნელია და მას ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს. ამის გამო ვერ ახერხებს ჩამოსვლას, თუმცა ვნახოთ რა იქნება”, - განაცხადა დავით მუჯირმა.

თბილისში ჩამომსვლელ ვარსკვლავთა სია ასეთია: ფრანჩესკო ტოტი, რივალდო, პაოლო მალდინი, კარლეს პუიოლი, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი.

საქველმოქმედო მატჩი 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება. თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე www.tkt.ge - ზე დღეს, 19 სექტემბერს 15:00-ზე დაიწყება. ბილეთების ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარი იქნება, ასევე გაყიდვაშია 10,15 და 25 ლარიანი ბილეთები.

0.119131