კალათბურთი

20:10 | 7.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილი ზაზა ფაჩულიას მადლობას უხდის

ზაზა ფაჩულიას განცხადებას სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც ზაზას კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ნაკრებში გატარებული 17-წლიანი კარიერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ზაზა ფაჩულიას მისი წარმატებული და განსაკუთრებული სპორტული კარიერისთვის როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე. ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის მანძილზე, ზაზა არაერთი გამარჯვების ავტორიც იყო, თანამონაწილეც, ლიდერიც და ვფიქრობ, რომ ის ყოველთვის დარჩება ჩვენი ნაკრების ლიდერად და საქართველოს ნაკრებს ყოველთვის გვერდში დაუდგება. რა თქმა უნდა, ყოველთვის სამწუხაროა, როდესაც ამ დონის კალათბურთელი გადაწყვეტს სანაკრებო კარიერის დასრულებას და მთელ მის ძალისხმევას მხოლოდ საკლუბო დონეზე მიმართავს. ეს რა თქმა უნდა, ყოველთვის მტკივნეულია ყველა დონის ნაკრებისთვის და მითუმეტეს საქართველოსთვის.

მჯერა, რომ მომავალში ზაზა აუცილებლად დარჩება ქართული კალათბურთის სამსახურში და სხვადასხვა ფორმით ყოველთვის იზრუნებს იმაზე, რომ ჩვენი კალათბურთი მაღალ დონეზე იყოს წარმოდგენილი როგორც ევროპის ისე მსოფლიოს მაშტაბით. კიდევ ერთხელ, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ზაზას ღირსეული კაპიტნობისთვის და მინდა მას წარმატება ვუსურვო საკლუბო დონეზე ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში." - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ზაზა ფაჩულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე გამორჩეული კალათბურთელია. მისი კაპიტნობით ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ ოთხ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა - 2011 წელს ლიტვაში, 2013 წელს სლოვენიაში, 2015 წელს ხორვატიაში და 2017 წელს ისრაელში. ფაჩულიამ ეროვნულ ნაკრებში თამაში 2000 წლიდან დაიწყო, 1999-2003 წლებში 211 სმ. სიმაღლის ქართველი ცენტრი სტამბულის „ულქერის" ღირსებას იცავდა, 2003 წლიდან კი საკლუბო კარიერა ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გააგრძელა, სადაც 5 სხვადასხვა გუნდში ითამაშა (ორლანდო „მეჯიქი", მილუოკი „ბაქსი", ატლანტა „ჰოუქსი", დალას „მავერიქსი", გოლდენ სტეიტ „უორიორზი") და პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც NBA-ს ჩემპიონის ტიტული მიპოვა - 2017 წელს „გოლდენ სტეიტთან" ერთად.

msy.gov.ge

0.126334