ფეხბურთი

15:52 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი: “მინდა კახა კალაძის გზა გავიარო”

აწ უკვე თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი კიევის “დინამოში” რომ გააგრძელებს კარიერას, ამაზე გუშინ გიამბეთ. 19 წლის ქართველი მცველი უკვე კიევშია და ახალ კლუბთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

ლოჩოშვილი თავდაპირველად “დინამოს” დუბლებში მოემზადება, მაგრამ თავს თუ გამოიჩენს, მთავარ გუნდში დაწინაურდება. ჩვენებურს უკრაინული გრანდის ვებგვერდმა პირველი ინტერვიუც ჩამოართვა – ლოჩოშვილს უნდა, რომ კახა კალაძის გზა გაიაროს!

აღნიშნულ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

- დღეს ჩემთვის ბედნიერი დღეა, გავხდი დიდი კლუბის ფებხურთელი – კიევის “დინამოს”, აქ სრულიად განსხვავებული დონეა, დიდი და ნათელი ისტორიით. ვიყავი სტადიონზე, ბაზაზე, სადაც ყველანაირი პირობაა სამუშაოდ შექმნილი. “დინამოში” მოვედი, რომ გავიზარდო როგორც ფეხბურთელი და მოვიგო ტიტულები. რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება, რადგან აქ სხვა დონეა, მაგრამ მზად ვარ ყველაფერი გავიღო.

- ვინ იყო “დინამოში” თქვენი გადაყვანის ინიციატორი და რამდენ ხანს გრძელდებოდა დაკვირვება?

- თბილისის “დინამოს” უკრაინელი ვიაჩესლავ გროზნი წვრთნიდა და სწორედ მან გამიწია რეკომენდაცია კიევში. ვიცი, რომ მერე სელექციონერები მაკვირდებოდნენ საქართველოს ჩემპიონატის და ახალგაზრდული ნაკრების თამაშებზე. როდესაც, შემოთავაზება მივიღე, დიდ ხანს არ მიფიქრია. ასევე, მადლობელი ვარ ჩემი მშობლიური გუნდის, თბილისის “დინამოს” – ეს არის კლუბი, სადაც გავიზარდე, გავხდი პროფესიონალი ფეხბურთელი და დიდ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გადავდგი.

- უკვე ესაუბრეთ კიევის “დინამოს” ხელმძღვანელობას და რომელ გუნდთან ერთად დაიწყებთ მზადებას?

- ვესაუბრე პრეზიდენტ იგორ სურკისს და მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ ხაცკევიჩს. მათ სჯერათ ჩემი, კონტრაქტი ხანგრძლივი ვადით გამიფორმეს და ყველანაირ პირობას მიქმნიან პროგრესისთვის. როგორც მითხრეს, თავიდან ვარჯიშს ახალგაზრდულ გუნდში დავიწყებ და ჩემი თამაშით უნდა დავამტკიცო, რომ პირველ გუნდში გადასვლას ვიმსახურებ.

- კიევში ტრავმირებული ჩამოხვედით. რა დროში შეძლებთ თამაშს?

- იმედია, საგანგაშო არაფერია. აგვისტოს დასაწყისში ბარძაყის ტრავმა მივიღე. ამჟამად რეაბილიტაციას გავდივარ, ხოლო ვარჯიში სამ კვირაში უნდა დავიწყო.

- აღდგენა კიევში მოხდება?

- ახლა თბილისში დავბრუნდები რამდენიმე დღით, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს დავემშვიდობები. 5 სექტემბრიდან კიევში დავბრუნდები.

- ცენტრალური მცველი – ეს თქვენი ძირითადი პოზიციაა მოედანზე?

- დიახ. ამ პოზიციაზე ვთამაშობდი, როგორ თბილისის “დინამოში”, ისე, საქართველის ასაკობრივ ნაკრებებში.

- თქვენ არ ხართ პირველი ქართველი, რომელიც კიევის “დინამოში” აღმოჩნდა. რა იცით, წინამორბედების შესახებ?

- პირველ ყოვლისა, მახსოვს კახა კალაძე. ჩვენი ქვეყნისთვის ის ნამდვილი ლეგენდაა და ვამაყობთ მისი წარმატებებით. რა თქმა უნდა, მსურს მისი გზა გავიარო – გავხდე საუკეთესო “დინამოში” და გავაგრძელო პროგრესი. კახამ აჩვენა, რომ შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ, უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და ძალიან, ძალინ ბევრი უნდა იშრომო.

0.115113