ფეხბურთი

16:25 | 30.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი კიევის “დინამოში” გადავიდა

19 წლის ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი კიევის “დინამოში” გადავიდა. ამის შესახებ დღეს შევიტყვეთ და გადავამოწმეთ თბილისის “დინამოს” პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველთან, ლევან სალუქვაძესთან. ლევანმა ინფორმაცია დაგვიდასტურა.

ლოჩოშვილი კიევშია, თუმცა დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ვერ ივარჯიშებს ტრავმის გამო. სამწუხაროდ, მან 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა, გამოჯანმრთელების შემდეგ “სამტრედიასთან” გასვლითი მატჩის საწყის წუთებში ისევ დაშავდა. საშიში არაფერია და ლუკა დაახლოებით ორ თვეში შესძლებს სრული დატვირთვით ვარჯიშს.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, ლოჩოშვილი კიევის “დინამოს” ძირითად გუნდში იქნება თუ სარეზერვოში. ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიჩენს თავს ფეხბურთელი.

“ზოგადად, თბილისის “დინამო” ცდილობს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ძლიერ გუნდებში გაუშვას. დაგვეთანხმებით, კიევის “დინამო” დიდი ისტორიისა და სახელის მქონე კლუბია. ამასთან, კონტრაქტში უფლებას ვიტოვებთ, ფეხბურთელის შემდგომი ტრანსფერიდანაც გვქონდეს დაინტერესება. ანუ, ლოჩოშვილი კიევის “დინამოდან” თუ გაიყიდება, თბილისის “დინამოსაც” შეხვდება თანხა” – გვითხრა სალუქვაძემ.

19 წლის მცველი თბილისიდან კიევის “დინამოში”... ასეთი შემთხვევა ერთხელ იყო და მიხვდებით, ვისაც ვგულისხმობთ. ღმერთმა ქნას, ლოჩოშვილს კახა კალაძის დარი კარიერა ჰქონდეს.

0.118508