"საბურთალო 2”-ის მთავარმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ უეფას ახალგაზრდული ლიგის კენჭისყრის დასრულების შემდეგ მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად რომ გამოვიდეს.
"მეტოქედ თურქეთის ჩემპიონი "ბურსასპორი" გვერგო. სუსტი გუნდი ვერ იქნება, რადგან თურქეთის ფეხბურთი პროგრესს განიცდის. სავარაუდო მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ ლატვიის "ლიეპაია", ბელორუსიის სოლიგარსკის "შახტიორი", "კრასნოდარი", მაკაბი", სერბეთის "ბროდარაცი" და ალმაატის "კაირატი", მაგრამ კენჭისყრამ მეტოქედ „ბურსასპორი“ გვარგუნა. მოვიძიებთ მოწინააღმდეგეზე ინფორმაციას, გავაანალიზებთ თამაშს და ვეცდებით ღირსეულად გამოვიდეთ საერთაშორისო ასპარეზზე.
რაც შეეხება პირველი თამაშის ფაქტორს - ამას დრო აჩვენებს, კარგია თუ არა პირველი შეხვედრის მეტოქის მოედანზე ჩატარება. თუმცა, როდესაც ორმატჩიან დუელში უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული, ვფიქრობ უმჯობესია პირველი შეხვედრა მოწინააღმდეგის მოედანზე გამართო", - აღნიშნა კლუბის პრესსამსახურთან რევაზ გოცირიძემ.
საბურთალოელები უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველი ეტაპის სასტარტო შეხვედრას 27 სექტემბერს თურქეთში გამართავენ, საპასუხო მატჩი კი თბილისში 18 ოქტომბერს ჩატარდება. „საბურთალო“-„ბურსასპორის“ წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე ისრაელის “მაკაბისა” და სერბულ “ბროდარაცს” შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
"საბურთალო 2“-ის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა საქართველოს ასაკობრივი ლიგის შესახებაც, სადაც ხვალ მეორე წრე იწყება:
"თვენახევრის წინ განვაახლეთ ვარჯიში, ამ ხნის განმავლობაში 7 ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ. ჩვენი მიზანია დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ჩემპიონები გავხდეთ, ამის კარგი შესაძლებლობა გვაქვს.
პირველი წრის მერე სიახლეა ის, რომ უცხოეთში გააგრძელებს კარიერას გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალა იყო. თუმცა, ვინც მის ადგილს დაიკავებს, ვფიქრობ ღირსეულად შეცვლის ქოჩორაშვილს. დავიმატეთ "იბერია"-2010-დან მათოზაშვილი, რომელიც მჯერა მალე გაივლის ადაპტაციას და დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში".