ძიუდო

21:18 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

იაპონური სიმსუბუქე

ბუდაპეშტში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ინდივიდუალურ პირველობაზე მამაკაცთა და ქალთა შვიდ-შვიდი წონითი კატეგორიიდან თითოში შეივსო საპრიზო სამეულები. უნგრულ ტატამზე მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონ-პრიზიორები უმსუბუქეს წონებში გამოვლინდნენ და დარბაზში შეკრებილმა მაყურებელმა ორჯერ მოუსმინა იაპონიის ჰიმნს. ოქროს მედლებით ჯერჯერობით მხოლოდ ძიუდოს სამშობლოში ხარობენ.

მამაკაცთა შორის, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიო კონკურენციაში 59 ძიუდოისტი ჩაება. მათ შორის ამირან პაპინაშვილიც, რომელიც პირველ ნომრად იყო განთესილი. კარგადაც დაიწყო - საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და მონაკოელ ნეილ სიკარდის ორი ვაზარით სძლია. ორივე დაუსრულებელი შებოჭვით მოიპოვა.

მერვედფინალში პაპინაშვილი უზბეკ დიორბეკ უროზბოევს დაეჭიდა. მასთან რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და უნგრეთში რევანშის შანსი მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა. უროზბოევმა ხელის მტკივნეულით იმარჯვა და ქართველი მსუბუქწონოსანი სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას ნაადრევად გამოთიშა.

პირველი ქვეჯგუფიდან ნახევარფინალის საგზური სწორედ უზბეკმა ძიუდოისტმა მოიპოვა, მაგრამ ოქრო-ვერცხლისკენ გაწევა ვეღარ შეძლო – ნახევარფინალში ევროპის და მსოფლიოს პრიზიორთან, აზერბაიჯანელ ორხან საფაროვთან პირწმინდად დაიჩაგრა. სატურნირო ბადის მეორე მხრიდან კი ფინალის საგზური მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონმა – იაპონელმა ნაოჰისა ტაკატომ მოიპოვა და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ისევ ავიდა. გადამწყვეტ ბრძოლაში 26 წლის იაპონელმა საფაროვს ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი იპონზეც დააგდო.

ქალებში 48 კილოგრამში ჩემპიონატი წაუგებლად 22 წლის ფუნა ტონაკიმ ჩაამთავრა. ფინალში მან მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონს – მონღოლ ურანცეცეგ მუნხბატს აჯობა, რომელმაც იქამდე, ნახევარფინალში ტონაკიზე ტიტულოვანი იაპონელი – მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ამი კონდო დაამარცხა.

ხვალ მედლების მორიგი ორი კომპლექტი გათამაშდება. მამაკაცებში 66 კილოგრამში, ხოლო ქალებში – 52-ში. საქართველოს დროშის ქვეშ კი ტატამზე ევროპის შარშანდელი ჩემპიონი, 23 წლის ვაჟა მარგველაშვილი გავა.

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

ბუდაპეშტი

28 აგვისტო

მამაკაცები

60 კგ

1 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)

2 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

3 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

3 დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)

ქალები

48 კგ

1 ფუნა ტონაკი (იაპონია)

2 ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)

3 ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი)

3 ამი კონდო (იაპონია)

0.122631