126 ქვეყნის 731 სპორტსმენი! ძიუდოში 2017 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრება - მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. დღეიდან 3 სექტემბრის ჩათვლით, ბუდაპეშტში მსოფლიო ძიუდო ახლებურად დაინომრება. ზუსტად ერთკვირიანი ჩემპიონატის პირველი ექვსი დღე ინდივიდუალურ პირველობას დაეთმობა. ბოლოს კი, ტრადიციულად, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატით დაგვირგვინდება.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს კონკურენციაში 12 სპორტსმენით ჩაებმება. მამაკაცთა გუნდის სამწვრთნელო შტაბმა მონაწილეთათვის დაწესებული რაოდენობრივი ქვოტა რა თქმა უნდა სრულად გამოიყენა. ქალთა ნაკრების სახელით კი უნგრულ ტატამზე 3 ქართველი გავა. ამ სპორტსმენების გარდა, გუნდური ჩემპიონატისთვის ქართულ განაცხადს კიდევ სამი ძიუდოისტი დაემატება.
დღეს, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა და ქალთა თითო უმსუბუქეს წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი პირველი საქმეში ამირან პაპინაშვილი (60 კგ) ჩაერთვება. ევროპის 2013 წლის ჩემპიონი მსოფლიოს პირველობაზე, თავისი წონის 59 მონაწილეს შორის პირველ ნომრადაა განთესილი და პირდაპირ მეორე წრით დაიწყებს, სადაც ავსტრალიელი ჯოშუა კაცისა და მონაკოელი იან სიკარდის წყვილიდან გასულს დაეჭიდება. მერვედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, უზბეკეთის ნაკრების წევრი დიორბეკ უროზბოევი უნდა გამოვარჩიოთ, რომელთანაც პაპინაშვილი სწორედ ოლიმპიადის რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა.
თუ ქართველი მსუბუქწონოსანი ორ წრეს გაივლის და მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს, დიდი შანსია, იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას, მონღოლ ბოლდბაატარ განბატს, ფრანგ ვალიდ ხიარს ან ბექირ ოზლუსა და თურქეთის ნაკრების სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანს დაუპირისპირდეს. ნახევარფინალის შესაძლო მოწინააღმდეგეთაგან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - ყაზახი იელდოს სმეტოვი, აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი და ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე უნდა გამოვარჩიოთ. სატურნირო ბადის მეორე მხარეს კი ფავორიტი მსოფლიოს 2013 წლის იაპონელი ჩემპიონი ნაოჰისა ტაკატოა, რომელიც ბუდაპეშტში მეორე ნომრადაა განთესილი.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები
მამაკაცები
60კგ - ამირან პაპინაშვილი
66კგ - ვაჟა მარგველაშვილი
73კგ - ლაშა შავდათუაშვილი
81კგ - ზებედა რეხვიაშვილი
90კგ - ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი
100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ - გურამ თუშიშვილი და ადამ ოქრუაშვილი
ქალები
57კგ - მარიამ ჯანაშვილი
70კგ - ნინო ოძელაშვილი
+78კგ - ელენე ქებაძე
გუნდურ ჩემპიონატზე ნაკრებს დაემატებიან: ლაშა გიუნაშვილი (66 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ) და ესტერ სტამი (70 კგ).
პროგრამა
28 აგვისტო -60კგ, -48კგ
29 აგვისტო -66კგ, -52კგ
30 აგვისტო -73კგ, -57კგ
31 აგვისტო -81კგ, -63კგ
1 სექტემბერი -90კგ, -70კგ, -78კგ
2 სექტემბერი 100კგ, +100კგ, +78კგ
3 სექტემბერი - გუნდური შეჯიბრი