საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დღეს დასრულებულ "ევროპის ღია ტურნირზე” ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი ჩემპიონი გახდა. 81 კილოგრამში კი, ნუგზარ ტატალაშვილს პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე ფინალის მოგება დააკლდა.
ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) საქმეში მეორე წრიდან ჩაება და რუს ალექსეი კაზაჩკოვს ვაზარით მოუგო. ჩილელ ტომას ბრიჩენოს 2 ვაზარით აჯობა. მეოთხედფინალში ებრაელი პეტერ პალჩიკი დამატებით დროში, მეორე წუთზე დაანარცხა ბეჭებზე. ნახევარფინალში უკრაინელ ანტონ სავიცკის დაუპირისპირდა და ვაზარის უპირატესობა იკმარა. საჩემპიონო ბრძოლაში კი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ჰოლანდიელ მიხაელ კორელს მეორე დამატებულ წუთზე სძლია იპონით.
ნუგზარ ტატალაშვილს (81 კგ) უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვებაში ხელი რუსმა დენის კალინინმა შეუშალა. ფინალურ დაპირისპირებაში, მან საყრდენ ფეხზე შესრულებული ამოსმულით მოიპოვა ოქროს მედალი.
დილის პროგრამაში ტატალაშვილმა ხუთი მეტოქე ჩამოიშორა. ტურნირი შვეიცარიელი მიშელ კისტლერისთვის მეოთხე წუთზე შესრულებული სუფთა გდებით გახსნა. უკრაინელ დანიელ საფინს წუთი და 18 წამი აკმარა. რუს ალუ ბოჩკაევს საფინალო გონგამდე 25 წამით ადრე აღებული ვაზარით სძლია. ვაზარითვე აჯობა მეოთხედფინალში ყაზახ ბეკჟან აბდუალიევს და ნახევარფინალში სომეხ ანდრანიკ ჩაპარიანს. ოღონდ ჩაპარიანთან, გადამწყვეტი ილეთი "ოქროს დროში” შეასრულა.
სატურნირო ბადეში, ტატალაშვილის საპირისპირო მხარეს თამაზ კირაკოზაშვილმა იჭიდავა და ქართულ ფინალსაც ვიხილავდით, მისთვისაც კალინინს რომ არ ეჯობნა. შეხვედრა ნახევარფინალში შედგა და კირაკოზაშვილი საფინალო გონგამდე ნახევარი წუთით ადრე ბეჭებზე დავარდა.
კალინინთან დაპირისპირებამდე ქართველმა ძიუდოისტმა სამი ეტაპი დაძლია. ჩეხ ივან პეტრს წუთსა და 13 წამში, ზებედა რეხვიაშვილის საფირმო ილეთით – მიხტომით ხელის მტკივნეულით მოუგო. სლოვაკ მატუშ მილიჩოვსკისაც მტკივნეულით სძლია, ოღონდ მეორე დამატებულ წუთზე. პორტუგალიელ დიოგო ლიმასთან შეხვედრაში კი მომგებიანი ვაზარი მე-7 წუთზე შეასრულა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში თამაზ კირაკოზაშვილი პორტუგალიელ ჟოაო მარტინოს დაეჭიდა და უილეთო ძირითადი დროის შემდეგ, პირველი დამატებული წუთის მიწურულს იპონზე დავარდა.
ამავე წონაში საქართველოს ნაკრების სახელით კონკურენციაში ბექა დონღვანიც ჩაერთო, მაგრამ პირველსავე წრეში, ლიტველ არტურას მაიბოროდასთან იპონით წააგო.
ფინალურ ბლოკში, ლიპარტელიანის, ტატალაშვილისა და კირაკოზაშვილის გარდა ლაშა ტაველურმაც იჭიდავა და კირაკოზაშვილის მსგავსად საპრიზო სამეულამდე მასაც ერთი ნაბიჯი დააკლდა.
პირველი მეტოქე - ბელარუსი პაველ კლუჩნიკაუ წუთსა და 41 წამში გააკრა ბეჭებით ტატამს. მოლდოველ დენის ტაჩის სამ წუთში სძლია - ჯერ ორი ვაზარი აართვა, შემდეგ კი შებოჭა. მერვედფინალში, ერთ-ერთ ფავორიტთან - რუსეთის ნაკრების წევრ ადლან ბისულტანოვთან ვაზარის აგებდა და საფინალო გონგამდე 20 წამით ადრე მეტოქე შებოჭა.
ძირითად ბადეში გამოსვლა ტაველურმა მეოთხედფინალში დაასრულა, ბრიტანელ ბენჟამინ ფლეჩერთან მარცხით - "ოქროს დროში” თავის წამოწყებულ გდებაზე ვაზარიზე დაეცა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო. იქ ბელარუს მიკიტა სვირიდს სამ წუთში მოუმთავრა საქმე.
"ბრინჯაოს ფინალში კი უკრაინელ ანტონ სავიცკისთან დამატებით დროში ვაზარიზე დაეცა.
ბელარუსული ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ინტრიგა საერთაშორისო არენაზე ავთანდილ ჭრიკიშვილის დაბრუნება იყო. ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი (81 კილოგრამში) ახლა ერთი წონით მაღლა – 90 კილოგრამში ცდილობს დამკვიდრებას, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდის.
ლამის ნახევარწლიანი უქმობის შემდეგ, ჭრიკიშვილმა ტურნირზე დღეს იჭიდავა და პირველ შეხვედრაში ლიტველ მანტას კლიმასაუკასს ორ წუთში აჯობა. მეორე მეტოქეს – ებრაელ ლი კოჩმანს კი ვეღარაფერი მოუხერხა. საფინალო გონგამდე 40 წამით ადრე ვაზარიზე დაეცა და შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
ამავე წონაში, ნოდარ ბერიანიც ორჯერ გავიდა მინსკურ ტატამზე. უკრაინელი ვადიმ სინიავსკი ჩამოიშორა. მონტენეგროელ მარკო ბუბანიასთან კი დამარცხდა.
შედარებით შედეგიანად 90 კილოგრამში უშანგი მარგიანმა იჭიდავა. ძირითად ბადეში, ბელარუსი არტურ ჰაურილავეცისა და რუსეთის ნაკრების წევრ რუსტამ ამირმეტოვის იპონ-იპონ ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში ბელარუს იაჰორ ვარაპაიეუსთან მტკივნეულით დამარცხდა და ბრინჯაოს გზაზე გადაერთო. იქ კი აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს დაეჭიდა, "ოქროს დროში” ვაზარით დამარცხდა და მე-7 ადგილს დასჯერდა.
უმძიმეს წონაში საქართველოს სახელით ბელარუსულ ტატამზე ნაკრების გამოცდილი წევრები ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი გავიდნენ. რომელიც უკეთ წარმოაჩენდა თავს, სავარაუდოდ მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრასაც ინაღდებდა, მაგრამ ორივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა.
ადამ ოქრუაშვილმა რუს ნიკიტა დიბრინთან შეხვედრის მეორე წუთზე, პარტერში ჭიდაობისას, ერთი შეხედვით აბსოლუტურად უხიფათო სიტუაციაში, მეტოქის მახრჩობელას ვერაფერი მოუხერხა.
ლევან მატიაშვილმა კი უკრაინელ ოლექსანდრ გორდიენკოსთან უილეთოდ გალეული 4 წუთის შემდეგ, "ოქროს დროში” გაფრთხილებით წააგო.
დღესვე, ქალთა შორისაც გათამაშდა მედლების სამი კომპლექტი. საქართველოს ქალთა ნაკრების წევრთაგან კი კონკურენციაში ნინო ოძელაშვილი (70 კგ) და ელენე ქებაძე (+78 კგ) ჩაებნენ და ორივე დილის პროგრამაშივე გამოეთიშა შეჯიბრებას.
სამბოში ევროპის 2-გზის ჩემპიონმა ნინო ოძელაშვილმა ერთადერთი ბრძოლა ჩაატარა – უკრაინელ ირინა ხრიაშჩევსკას მეორე წუთზე შეეკრა და ბეჭებზე დაეცა.
ელენე ქებაძემ (+78 კგ) ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, ბელარუს მარინა სლუცკაიასთან წაგებით იპონით წაგებით. იქამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა უკრაინელი გალინა ტარასოვა დამატებით დროში შესრულებული ვაზარით ჩამოიშორა. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი ლიტველ სანტა პაკენიტესთან ვაზარით წააგო და საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ ბელარუსის დედაქალაქში უძლიერესი შემადგენლობა ჩაიყვანა. მაგრამ სატურნირო განაცხადში ყველა წონის ლიდერი არ ჩაუწერია. ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) მხოლოდ საერთო სანაკრებო შეკრებაში ჩაებმებიან, რომელიც მინსკში ხვალ დაიწყება და კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ექვსეულს ერთ თვეში, ბუდაპეშტში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შემადგენლობაში მოხვედრა დიდი ალბათობით განაღდებული აქვს. დარჩენილი სამი ადგილი კი ცირეკიძემ მინსკში ნაჭიდავებ ძიუდოისტებს შორის გასაკეთებელი არჩევანით უნდა შეავსოს.
ძიუდო
ევროპის ღია ტურნირი
მინსკი
22-23 ივლისი
კაცები
60 კგ
1 ბექირ ოზლუ (თურქეთი)
2 ჟოაკინ გომისი (ესპანეთი)
3 დანიელ ბენ დავიდი (ისრაელი)
3 თორნიკე ჭკადუა (ჰოლანდია)
66 კგ
1 ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)
2 არტურ ტე (ყირგიზეთი)
3 არამ გრიგორიანი (რუსეთი)
3 დმიტრი მინკოუ (ბელარუსი)
73 კგ
1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)
2 ოლეგ ბაბგოევი (რუსეთი)
3 იარომირ ჟეზეკი (ჩეხეთი)
3 ფერდინანდ კარაპეტიანი (სომხეთი)
81 კგ
1 დენის კალინინი (რუსეთი)
2 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
3 ჟოაო მარტინო (პორტუგალია)
3 ვლადიმირ ზოლოევი (ყირგიზეთი)
5 თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო)
90 კგ
1 იაჰორ ვარაპაიეუ (ბელარუსი)
2 ლი კოჩმანი (ისრაელი)
3 დავიდ კლამერტი (ჩეხეთი)
3 კომრონსოხ უსტოპირიონი (ტაჯიკეთი)
7 უშანგი მარგიანი (საქართველო)
100 კგ
1 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
2 მიხაელ კორელი (ჰოლანდია)
3 ბენჟამინ ფლეჩერი (ბრიტანეთი)
3 ანტონ სავიცკი (უკრაინა)
+100 კგ
1 ულადისლაუ ციარპიტსკი (ბელარუსი)
2 უშანგი კოკაური (აზერბაიჯანი)
3 ოლექსანდრ გორდიენკო (უკრაინა)
3 ნიკიტა დიბრინი (რუსეთი)
ქალები
48 კგ
1 მარია სიდეროტი (პორტუგალია)
2 მილიცა ნიკოლიჩი (სერბეთი)
3 ჟოანა დიოგო (პორტუგალია)
3 ნატალია კომოვა (რუსეთი)
52 კგ
1 დარია სკრიპნიკი (ბელარუსი)
2 ალექსანდრა-ლარისა ფლორიანი (რუმინეთი)
3 აგატა პერენცი (პოლონეთი)
3 ეველინ ჩოპი (შვეიცარია)
57 კგ
1 ტელმა Mონტეირო (პორტუგალია)
2 ჯულია კაჯიანო (იტალია)
3 ანა ბოროვსკა (პოლონეთი)
3 ანასტასია კონკინა (რუსეთი)
63 კგ
1 აგატა ოზდობა (პოლონეთი)
2 ინბალ შემეში (ისრაელი)
3 მია ჰერმანსონი (შვედეთი)
3 დანიელა კაზანოი (ბელარუსი)
70 კგ
1 სზაუნდრა დიდრიხი (გერმანია)
2 ანა ბერნჰოლმი (შვედეთი)
3 ჰილდე იაგერი (ჰოლანდია)
3 ლინ მოსსონგი (ლუქსემბურგი)
78 კგ
1 მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია)
2 ბეატა პაკუტი (პოლონეთი)
3 ალბინა ამანგელდიევა (ყაზახეთი)
3 იარდენ მაიერსონი (ისრაელი)
+78 კგ
1 ლარისა ჩერიჩი (ბოსნია Hერცეგოვინა)
2 მარინა სლუცკაია (ბელარუსი)
3 ელიზავეტა კალანინა (უკრაინა)
3 ირინა კინძერსკა (აზერბაიჯანი)
7 ელენა ქებაძე (საქართველო)