მინსკში მიმდინარე "ევროპის ღია ტურნირზე” ძიუდოში მედლების 14 კომპლექტიდან 7 უკვე გათამაშდა. საქართველოს ნაკრები კი შეჯიბრების მონაწილე 46 ქვეყნის ნაკრებს შორის იმ 23-ს შორისაა, რომლებსაც დღეს არათუ მედალი არ მოუპოვებიათ, გუნდურ ჩათვლაში გასაწევრიანებელი ქულაც რომ არ აუღიათ. სატურნირო განაცხადში შეყვანილი 17 ქართველი ძიუდოისტიდან საქმეში ჯერ 5 ჩაება და ყველა დილის პროგრამაშივე გამოეთიშა საპრიზო სამეულისთვის ბრძოლას.
ლუხუმ ჩხვიმიანმა მშობლიური წონითი კატეგორიის – 60 კილოგრამის ნაცვლად, ერთი წონით მაღლა – 66 კილოგრამში მოირგო კიმონო და ტურნირი რუსი ივან სპირინის ვაზარით ძლევით გახსნა. მერვედფინალში კი ვაზარითვე დამარცხდა მოლდოველ დენის ვიერუსთან.
ამავე წონაში, ტურნირის განთესილ ოთხეულში მყოფმა ლაშა გიუნაშვილმა პირველსავე მეტოქესთან – უკრაინის ნაკრების წევრ რობერტ ჰასანაგაევთან იპონით წააგო.
73 კილოგრამში საქართველოს სახელით კონკურენციაში ბექა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი ჩაებნენ. შავდათუაშვილმა შეჯიბრება რუს ოლეგ ვასილევთან დაჭიდებით და მეტოქისთვის შესრულებული სამი ვაზარით გახსნა. მეორე წრეში კი უკრაინელ არტემ ხომულასთან ვაზარით დამარცხდა.
გიგანი თანაგუნდელთა შორის ყველაზე მეტჯერ – სამჯერ გავიდა ტატამზე. ლიტველ რიგიმანტას რიბინასს სამჯერ შეუსრულა ვაზარი. ამერიკელ ალექსანდრ ტარნერს ოქროს დროში აჯობა იპონით. მერვედფინალში კი, რუსეთის ნაკრების წევრ ოლეგ ბაბგოევთან ხელის მტკივნეულით დამარცხდა.
მამაკაცთა შორის, 60 კილოგრამში სატურნირო ბადე საქართველოს ნაკრების წევრთა გარეშე შეივსო. თუმცა პოდიუმზე ორი ქართველი ძიუდოისტი მაინც ავიდა, ოღონდ უცხოეთის დროშის ქვეშ. ბექირ ოზლუსა და თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანი ჩემპიონი გახდა. ჰოლანდიის ნაკრების წევრი თორნიკე ჭკადუა კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
საქართველოს ქალთა ნაკრების წევრთაგან დღეს მხოლოდ მარიამ ჯანაშვილმა (57 კგ) იჭიდავა, მაგრამ პირველსავე მეტოქესთან – აზერბაიჯანელ საკინა ზაიროვასთან ვაზარით წააგო.
მედლების დარჩენილი შვიდი კომპლექტი ბელარუსულ ტატამზე ხვალ გათამაშდება. მამაკაცებში საპრიზო სამეულები 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსება. ქალებში კი 70, 78 და +78 კილოგრამებში. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: თამაზ კირაკოზაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ბექა დონღვანი (სამივე 81 კგ), უშანგი მარგიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნოდარ ბერიანი (სამივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ), ნინო ოძელაშვილი (70 კგ) და ელენე ქებაძე (+78 კგ).
ძიუდო
ევროპის ღია ტურნირი
მინსკი
22 ივლისი
კაცები
60 კგ
1 ბექირ ოზლუ (თურქეთი)
2 ჟოაკინ გომისი (ესპანეთი)
3 დანიელ ბენ დავიდი (ისრაელი)
3 თორნიკე ჭკადუა (ჰოლანდია)
66 კგ
1 ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)
2 არტურ ტე (ყირგიზეთი)
3 არამ გრიგორიანი (რუსეთი)
3 დმიტრი მინკოუ (ბელარუსი)
73 კგ
1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)
2 ოლეგ ბაბგოევი (რუსეთი)
3 იარომირ ჟეზეკი (ჩეხეთი)
3 ფერდინანდ კარაპეტიანი (სომხეთი)
ქალები
48 კგ
1 მარია სიდეროტი (პორტუგალია)
2 მილიცა ნიკოლიჩი (სერბეთი)
3 ჟოანა დიოგო (პორტუგალია)
3 ნატალია კომოვა (რუსეთი)
52 კგ
1 დარია სკრიპნიკი (ბელარუსი)
2 ალექსანდრა-ლარისა ფლორიანი (რუმინეთი)
3 აგატა პერენცი (პოლონეთი)
3 ეველინ ჩოპი (შვეიცარია)
57 კგ
1 ტელმა Mონტეირო (პორტუგალია)
2 ჯულია კაჯიანო (იტალია)
3 ანა ბოროვსკა (პოლონეთი)
3 ანასტასია კონკინა (რუსეთი)
63 კგ
1 აგატა ოზდობა (პოლონეთი)
2 ინბალ შემეში (ისრაელი)
3 მია ჰერმანსონი (შვედეთი)
3 დანიელა კაზანოი (ბელარუსი)