ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრად გამართავს “ყარაბაღის” წინააღმდეგ. ეს, ის შემთხვევაა, როდესაც იმედიც კი არ არსებობს. ერთი კვირის წინ 0:5 მარცხის შემდეგ ძნელია, შანსზე ვისაუბროთ.
ბაქოში გამართულმა მატჩმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ქართული ფეხბურთი რეგრესი გრძელდება. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ აღნიშნულ რეგრესს დასასრული არ უჩანს და მეტიც, უფრო და უფრო ღრმავდება.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს – ილუზიების შექმნა საჭირო არაა. ამას “სამტრედიას” მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე და კაპიტანი გიორგი დათუნაიშვილიც აღიარებენ. უბრალოდ, დღეს საქართველოს ჩემპიონს მთავარი და ერთადერთი მიზანი გააჩნია – მატჩი მოიგოს და რეაბილიტაცია ოდნავ მაინც მოახერხოს, როგორც საკუთარი გულშემატკივრის, ისე ქვეყნის წინაშე. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ “გაბალასთან” 5:1 წაგების შემდეგ, იმერლებმა ეს მოახერხეს და საკუთარ მოედანზე მაინც შეძლეს გამარჯვება (2:1).
დღევანდელი მატჩით კი, დიდი ალბათობით ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი დასრულდება. ძნელია უკვე დასასრულზე საუბარი, როდესაც ნორმალურად არც გახურებულა, მაგრამ რას ვიზამთ – მძიმე რეალობა ასეთია.
“დინამო არენაზე” გამასამართ მატჩში “სამტრედიას” რიგებში მატებაა – დღეს გია ცეცაძის განკარგულებაში პირველად იქნება კოტ დივუარელი შემტევი ინტერს გუი და საინტერესო იქნება მისი საქმეში ნახვა. სხვა მხრივ, დანაკლისი იმერლებს არ აქვთ და წესით, თითქმის იდენტური შემადგენლობა უნდა ვიხილოთ, რაც “ტოფიკ ბახრამოვის” არენაზე იყო ერთი კვირის წინ. რაც შეეხება “ყარაბაღს” – ცვლილებებს არც გურბანოვ გურბანოვი გეგმავს და აღნიშნულის შესახებ უკვე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად დიდი ანგარიშით გამარჯვებისა, “სამტრედია” პატივის სცემას იმსახურებს და გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაფერია. თუმცა, ეს სიტყვები აზერბაიჯანელის მხრიდან უფრო დიპლომატიური ჟესტი იყო, ვიდრე რეალურად ნააზრევი.
შეხვედრას სერბი არბიტრები განსჯიან, ხოლო მთავარი მსაჯი სრდან იოვანოვიჩი იქნება. თამაში კი, 21:00 საათზე დაიწყება – დასწრება თავისუფალია.
აქვე: გურბან გურბანოვის პრესკონფერენცია