საქართველოს ჩემპიონ “სამტრედიას” კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გამოცდილი ნახევარმცველის განცხადებით, რთულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ, რომ “ყარაბაღს” საპასუხო თამაში მაინც მოუგონ.
დათუნაიშვილი მიიჩნევს, რომ ეს სამტრედიელი გულშემატკივრების გამო უნდა გააკეთონ.
“რა თქმა უნდა ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი და თითქმის გადაწყვეტილია ყველაფერი. თუმცა, ხვალ ვეცდებით გავიმარჯვოთ. კონცენტირებულები ვართ, ვემზადებით. შარშანაც, “გაბალასთან” ასეთ მდგომარეობაში ვიყავით და საპასუხო თამაშის მოგება მოვახერხეთ. იმედი მაქვს, ამჯერადაც ასე მოხდება. ჩვენ ყველანი იმედგაცრუებულები ვართ. მინდა გამოვხატო პატივისცემა სამტრედიელი გულშემატკივრის მიმართ, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვიდგანან და ვეცდებით ხვალ ისინი გავახაროთ”, - თქვა დათუნაიშვილმა.
“სამტრედიასა” და “ყარაბაღის” შეხვედრა 18 ივლისს, 21:00 საათზე “დინამო არენაზე” გაიამრთება. აქვე შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი აზერბაიჯანის ჩემპიონმა 5:0 მოიგო.