ისტორია დაიწერა - ისტორია შეიცვალა, ისტორია 24 წლის შემდეგ პირველად - მადრიდის „რეალმა“ შეძლო ის, რაც აქამდე ვერავინ. ჩემპიონთა ლიგაზე ტიტული დაიცვა და სავსებით დამსახურებულადაც.
არავის დასცდება, რომ „სამეფო კლუბმა“ მიმდინარე სეზონის ტრიუმფით დასრულება არ დაიმსახურა. ზინედინ ზიდანის გუნდმა იმდენი მოახერხა, რომ „იუვენტუსის“ კარში 4 გოლი გაიტანა. იმ „იუვენტუსის“, რომელმაც აქამდე 12 შეხვედრაში მხოლოდ სამი ბურთი გაუშვა. მოკლედ, ფინალი შედგა, თუმცა ბრძოლა - არა.
კარდიფში, „მილენიუმის“ დიდებულ არენაზე, დიდებული ფეხბურთი ვიხილეთ. თავისი დრამატიზმით - ორი განსხვავებული ტაიმიც ვნახეთ, რადიკალურად განსხვავებული. თავიდან „ბებერი ქალბატონი“ ეკვეთა მეტოქეს. იტალიელებმა ისეთი შემართებით დაიწყეს თამაში, თითქოს „რეალი“ უშანსოდ იყო. კეილორ ნავასს საწყის წუთებში სამჯერ მოუწია ოსტატობის გამოვლენა. განსაკუთრებით კი, მირალემ პიანიჩის დარტყაა აღსანიშნი, თუმცა კოსტა რიკელმა დროულად მოახერხა რეაგირება. საპასუხოდ, მადრიდელებს ხეირიანი არაფერი გამოსდიოდათ, და მაინც, მეოცე წუთზე „რეალი“ დაწინაურდა: პაულო დიბალამ და დანი ალვეშმა მეტოქის საჯარიმოსთან ბურთი ვერ გაიყვეს და იმის მაგივრად, რომ „იუვეს“ მწვავე იერიში გვენახა, ესპანელთა კონტრშეტევა დაიწყო - ყველაფერი კი, კრიშტიანუ რონალდუს ზუსტი დარტყმით დასრულდა. ჯიჯი ბუფონი უშანსოდ იყო, ლეონარდო ბონუჩიც ვერ გაერკვა დროულად სიტუაციაში და - 1:0. თუმცა, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მობილიზება მალევე მოახერხა და ამან შედეგიც გამოიღო: ალექს სანდრომ გონსალო იგუაინი მოძებნა, რომელმაც მარიო მანჯუკიჩს გადააწოდა. ხორვატი არცთუ ისე მომგებიან სიტუაციაში იყო, თუმცა ბალკანელმა ფანტასტიკური რამ გააკეთა - ბურთი მკერდზე მიიღო და მაკრატელა დარტყმით ნავასის ზურგს უკან ჩაუშვა ბურთი. ულაპარაკოდ დიდებული გოლი იყო, ფინალს რომ შეშვენოდა ისეთი - 1:1.
საერთოდ, „იუვენტუსმა“ პირველი ტაიმი ბევრად ნაყოფიერად ჩაატარა და რომ არა, ერთი შეცდომა, ანტრაქტზე დაწინაურებული გავიდოდა. სამაგიეროდ, მეორე 45 წუთში სხვა თამაში ვიხილეთ. თითქოს, მოედანზე იტალიის ჩემპიონი არც გამოსულა. ყოველშეთხვევაში, „იუვემ“ ძალზე ინერტულად დაიწყო მეორე ნახევარი და ცხადი გახლდათ, რომ ადრე თუ გვიან „რეალი“ გაიტანდა. გაიტანა კიდეც - კაზემირომ შორი დისტანციიდან დაარტყა, სამი ხედირას შეეხო ბურთი და ბუფონი ისევ უძლური იყო. „რეალს“ მეორე გოლის ზეიმი არ ჰქონდა დასრულებული, მესამე რომ გაიტანა - ამჯერად უკვე კარვახალისა და ლუკა მოდრიჩის კომბინაციას წერტილი რონალდუმ დაუსვა - „იუვეს“ სანაქებო დაცვა სტატისტის როლში იყო. სხვათა შორის, რონალდუ გახდა პირველი, ვინც ჩემპიონთა ლიგის სამ ფინალში გაიტანა გოლი. აქვე გეტყვით, რომ მარიო მანჯუკიჩისთვის მეორე ფინალური გოლი იყო.
მესამე გოლის შემდეგ ნათელი იყო, რომ „ბებერი ქალბატონი“ მარცხს შეეგუა - „იუვეს“ აღარც ძალა და აღარც ხასიათი ჰქონდა სათამაშოდ. ამასობაში, შეცვლაზე შუსელმა მარკო ასენსიომ წერტილი დასვა და „ბლანკოსმა“ „იუვენტუსზე“ დაგროვილი შური ერთიანად ამოანთხია - 4:1.
მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ექვსი ფინალიდან ექვსი მოიგო, გახდა პირველი, ვინც ზედიზედ ორჯერ იჩემპიონა, კრიშტიანუ რონალდუ კლარენს ზეედორფს გაუტოლდა ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლებით - 4. და „იუვენტუსი“?! - ტურინელებმა ზედიზედ მეხუთე (!), მთლიანობაში კი, მეშვიდე ფინალი წააგეს, ჯიჯი ბუფონმა ისევ დამწუხრებულმა ჩაუარა სანუკვარ თასს.
ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონი კიმ ისტორიის კუთვნილება გახდა. ღირსეული ფინალი იყო, ღირსეული ჩემპიონითა და ღირსეული ფინალისტით. სექტემბრიდან ახალი ვნებათაღელვა გველის - ვინ იქნება შემდეგი?..
„იუვენტუსი“ – „რეალი“ 1:4 (1:1) VIDEO
კარდიფი, „მილენიუმ სთედიუმი“
მაყურებელი: 65 842
„იუვენტუსი“ (3-4-2-1): ბუფონი; ბარძალი (კუადრადო 66), ბონუჩი, კიელინი; დანი ალვეში, პიანიჩი (მარკიზიო 71), ხედირა, ალექს სანდრო; დიბალა (ლემინა 78), მანჯუკიჩი; იგუაინი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
„რეალი“ (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; კროოსი (მორატა 89), კაზემირო, მოდრიჩი; ისკო (ასენსიო 82), ბენზემა (ბეილი 77), რონალდუ
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
გოლები: 0:1 რონალდუ (20), 1:1 მანჯუკიჩი (27), კაზემირო (61), 1:3 რონალდუ (64), 1:4 ასენსიო (90)
გაფრთხილება: დიბალა (12), პიანიჩი (66), ალექს სანდრო (70), კუადრადო (72, 84) - რამოსი (31), კარვახალი (42), კროოსი (53), ასენსიო (90)
გაძევება: კუადრადო (84)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 18 (5) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 1:1 თამაშაგარე: 3:1
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)