ძიუდო

20:52 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო – ევროპის ჩემპიონატზე ქართული ფინალი შედგა

ძიუდოში ევროპის 2017 წლის ინდივიდუალური პირველობა ქართული ფინალით დაგვირგვინდა. მძიმე წონაში, ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ევროპის 2015 წლის ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი და ეროვნული ნაკრების დებიუტანტი გურამ თუშიშვილი დაუპირისპირდნენ. უმაღლესი სინჯის მედალს თუშიშვილი დაეუფლა.

საქართველოს მამაკაცთა ნაკრებმა წინა წლების კონტინენტური ჩემპიონატებისგან განსხვავებით, პოლონურ ევროპირველობაზე ერთობ მოკრძალებული შედეგი აჩვენა – სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილს დასჯერდა. თუშიშვილისა და ოქრუაშვილის გარდა, ევროპოდიუმზე ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) ავიდა.

ქართველმა მძიმეწონოსნებმა პირველ წრეში დაისვენეს. ევროკონკურენციაში მერვედფინალიდან ჩაებნენ და ფინალამდე იპონ-იპონ მივიდნენ.

განსაკუთრებით შთამბეჭდავად თუშიშვილმა იჭიდავა. 22 წლის ძიუდოისტი, რომელმაც 100 კილოგრამიდან მძიმე წონაში გასულ სეზონში აინაცვლა და უმალ ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრდა, ვარშავურ ტატამზე პირველი მეტოქე - პოლონელი კამილ გრაბოვსკი 42 წამში დააგდო იპონზე. მეოთხედფინალში ევროპის 2-გზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს (100 კილოგრამში), ჩეხ ლუკაშ კრპალეკს 47 წამი აკმარა. ნახევარფინალში კი 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონს (2012) ჰოლანდიელ როი მეიერს წუთსა და 25 წამში მოუმთავრა საქმე.

ადამ ოქრუაშვილმა ჩემპიონატი ლიტველ მარიუს პასკევიჩუსთან დაჭიდებით გახსნა და უილეთოდ იმარჯვა – საფინალო გონგამდე 2 წამით ადრე პასკევიჩუსს გაფრთხილებების ლიმიტი ამოეწურა.

მეოთხედფინალში ოქრუაშვილმა უკრაინელი იაკივ ხამო მესამე წუთის ბოლოს შებოჭა. ნახევარფინალში კი ევროპირველობის მასპინძელთა ჯილა – მაციეჟ სარნაცკი ორი ვაზარით დაამარცხა.

ქართული ფინალის საწყისი სამი წუთი უილეთოდ გაილია. ამასთან, ორივე მძიმეწონოსანმა ორ-ორი გაფრთხილება მიიღო. მეოთხე წუთის დაწყებისთანავე კი თუშიშვილმა ეფექტური გდებით ვაზარი მოიპოვა და ილეთს უმალ ხელის მტკივნეული მიაყოლა. შემდეგ კი თანაგუნდელისადმი პატივისცემის გამომხატველი ჟესტებით დარბაზს კიდევ უფრო მეტად მოაწონა თავი.

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების წევრები ფინალში ერთმანეთს აქამდე არასოდეს დასჭიდებიან. Uახლესი ისტორია პოლონეთში დაიწერა.

ჭაბუკებს, ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე დიდი ხანია, ეროვნული ნაკრების წევრია და უფროსებს შორის საერთაშორისო არენაზეც არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია, მაგრამ უმთავრეს შეჯიბრებებზე აქამდე პოდიუმზე ერთხელაც არ ასულა. ნავსი დღეს გატყდა – ღვინიაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა.

21 წლის ქართველი ძიუდოისტი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და უკრაინელ ქუენჯაუ ნჰაბალისთან ჯერ ვაზარით დაწინაურდა. მესამე წუთის ბოლოს კი მეტოქე საფირმო მოგვერდით ბეჭებზე დაანარცხა. მერვედფინალში იტალიელ ნიკოლას მუნგაის სამწუთნახევარში მოუმთავრა საქმე, შებოჭვით. იქამდე მეტოქეს ვაზარი შეუსრულა.

ძირითად ბადეში გამოსვლა ღვინიაშვილმა რუსეთის ნაკრების წევრ ხუსენ ხალმურზაევთან მარცხით დაასრულა - საჭიდაოდ განკუთვნილი დროის ამოწურვამდე ერთი წუთით ადრე ვაზარიზე დაეცა და ბრძოლის სათავისოდ შესატრიალებლად ძალა არ ეყო.

ბრინჯაოს გზაზე კი ორი მეტოქე ჩამოიშორა. რეპეშაჟის ნახევარფინალში სერბი ნემანია მაიდოვი ვაზარიზე დააგდო და იქვე შებოჭა. ანალოგიურად აჯობა გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ვარლამ ლიპარტელიანი ჩაება. ნაკრების ყველაზე უხვტიტულა წევრს 2009 წლიდან მოყოლებული, ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ 8 მედალი ჰქონდა მოპოვებული. აქედან სამი ოქროსი. პოლონეთში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა, ოღონდ შარშანდელი ტიტული, ისევე, როგორც ევროპირველობის დანარჩენი შვიდი მედალი, 90 კილოგრამში მოიგო. მიმდინარე სეზონში კი ახალ წონაში აინაცვლა და დებიუტი სასურველი შედეგით ვერ დააგვირგვინა.

ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორთან – ფრანგ სირილ მარესთან მარცხით. შეხვედრის ბოლო წუთზე ქართველი ძიუდოისტი შებოჭვაზე მოჰყვა.

მარესთან დაჭიდებამდე ლიპარტელიანმა სამი მეტოქე ჩამოიშორა. იტალიელი ჯულიანო ლოპორჩიო ჯერ ვაზარით ჩამოიტოვა, საფინალო გონგამდე 20 წამით ადრე კი იპონზეც დააგდო. მეორე წრეში ბელგიის ნაკრების წევრ ტომა ნიკიფოროვთან ორი ვაზარით დაწინაურდა. მერე ერთი ვაზარი მეტოქემ შეუსრულა კონტრ-ილეთით. შეხვედრის ბოლოს კი ჩვენებურს დაღლა დაეტყო და ორი შიდო მიიღო, მაგრამ უპირატესობა მაინც შეინარჩუნა.

მერვედფინალში ვარლამ ლიპარტელიანი ბრიტანელ ბენჯამინ ფლეჩერთან ვაზარით ჩამორჩა, მაგრამ სწრაფადვე აღადგინა წონასწორობა. საფინალო გონგამდე ზუსტად ერთი წამით ადრე კი მოწინააღმდეგეს სუფთად მოუგო.

ბრინჯაოს ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი რუსეთის ნაკრების წევრ კაზბეკ ზანკიშევს დაეჭიდა, მესამე წუთის ბოლოს ბეჭებზე დავარდა და ევროპის ჩემპიონატი მე-7 ადგილით დაასრულა.

დღესვე, საპრიზო სამეულები ქალთა შორის, ორ უმძიმეს წონით კატეგორიაში – 78 და +78 კილოგრამებში შეივსო. საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ელენე ქებაძე (+78 კგ) ჩაება, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში, ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილ თურქ კაირა საიტს დაუპირისპირდა და მეორე წუთის დასაწყისში იპონზე დაეცა.

ევროპის ჩემპიონატი ხვალ, გუნდური შეჯიბრებით დასრულდება. საქართველოს მამაკაცთა ნაკრები ტატამზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში გავა.

ძიუდო

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი

ვარშავა

20-22 აპრილი

მამაკაცები

60 კგ

1 რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)

2 იანისლავ გერჩევი (ბულგარეთი)

3 ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)

3 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

5 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ

1 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)

2 ადრიან გომბოცი (სლოვენია)

3 მატეჟ პოლიაკი (სლოვაკეთი)

3 ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)

73 კგ

1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

2 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)

3 ტომი მაციაში (შვედეთი)

3 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)

81 კგ

1 ალან ხუბეცოვი (რუსეთი)

2 დომინიკ რესელი (გერმანია)

3 დომინიკ დრუზეტა (ხორვატია)

3 ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი)

5 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

90 კგ

1 ალექსანდრ კუკოლი (სერბეთი)

2 აქსელ კლერჟე (საფრანგეთი)

3 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

3 ხუსენ ხალმურზაევი (რუსეთი)

100 კგ

1 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)

2 სირილ მარე (საფრანგეთი)

3 კირილ დენისოვი (რუსეთი)

3 კაზბეკ ზანკიშევი (რუსეთი)

7 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

+100 კგ

1 გურამ თუშიშვილი (საქართველო)

2 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

3 როი მეიერი (ჰოლანდია)

3 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)

ქალები

48 კგ

1 დარია ბილოდიდი (უკრაინა)

2 ირინა დოლგოვა (რუსეთი)

3 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)

3 მონიკა უნგურეანუ (რუმინეთი)

52 კგ

1 მაილინდა კელმენდი (კოსოვო)

2 ალესია კუზნეცოვა (რუსეთი)

3 ჯოანა რამოსი (პორტუგალია)

3 ეველინ ჩოპი (შვეიცარია)

57 კგ

1 პრისცილა ნეტო (საფრანგეთი)

2 ტერეზა შტოლი (გერმანია)

3 ელენ რესევო (საფრანგეთი)

3 ნორა გიაკოვა (კოსოვო)

63 კგ

1 ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია)

2 მარგო პინო (საფრანგეთი)

3 ალის შლეზინგერი (ბრიტანეთი)

3 კეტრინ უნტერვურზახერი (ავსტრია)

70 კგ

1 სანი ვან დიკი (ჰოლანდია)

2 ჯოვანა სკოკიმარო (გერმანია)

3 მარი ევ გაიე (საფრანგეთი)

3 ბარბარა მატიჩი (ხორვატია)

78 კგ

1 ოდრი ჩომეო (საფრანგეთი)

2 გუუსი სტენჰუისი (ჰოლანდია)

3 აბიგელ იო (უნგრეთი)

3 ნატალი პოუელი (ბრიტანეთი)

+78 კგ

1 მარინა სლუცკაია (ბელარუსი)

2 სვეტლანა იარომკა (უკრაინა)

3 ლარისა ჩერიჩი (ბოსნიაჰერცეგოვინა)

3 კაროლინ ვეისი (გერმანია)

გუნდური ჩათვლა. კაცები

V VII
1 რუსეთი 2 1 4 0 2
2 აზერბაიჯანი 2 0 3 2 0
3 საქართველო 1 1 1 3 1
4 უკრაინა 1 0 0 0 2
5 სერბეთი 1 0 0 0 1

0.146682