იტალიის ნაკრებისა და „ტორინოს“ თავდამსხმელი ანდრეა ბელოტი განაგრძობს საოცარ ასპარეზობას და საფეხბურთო საზოგადოების გაკვირვებას. „ტორინოს“ თავდამსხმელმა ამჯერად ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს მიღწევა გაიმეორა.
საქმე ისაა, რომ ბელოტიმ მიმდინარე სეზონში 24 გოლის გატანა შეძლო და 1999-2000 წლების სეზონის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში ხსენებული რაოდენობის გოლები გაიტანა და ასაკით 24 წელს არ აღემატება. ბოლოს ასეთი რამ, სწორედ უკრაინელმა გააკეთა „მილანის“ მაისურით. ისიც ნიშანდობლივია, რომ ანდრეას წინ კიდევ შვიდი შეხვედრა აქვს და თუ ერთხელ მაინც მოახერხებს თავის გამოჩენას, შევჩენკოს რეკორდი დაემხობა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ანდრეა ბელოტიმ ცოტა ხნის წინ, უკრაინელი თავდამსხმელის კიდევ ერთი მიღწევა გააუმჯობესა - საქმე ეხება ყველაზე სწრაფ ჰეთ-თრიქს იტალიის ჩემპიონატში.
გარდა ამისა - საინტერესოა, რომ ბელოტი ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში საუკეთესოა თავით თამაშის კომპონენტში. იტალიელს მიმდინარე სეზონში სხეულის ზემოხსენებული ნაწილით 10 გოლი აქვს გატანილი და ასეთი შედეგი არავის აქვს. მეტიც, იგი უახლოეს მდევრებს მთელი ოთხი გოლით უსწრებს: სერხიო რამოსმა, მარიო გომესმა და მაიკლ ანტონიომ თავური დარტყმით წლეულს 6-6 გოლის გატანა შეძლეს.