ძიუდო

21:27 | 6.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ცირეკიძემ ევროგანაცხადი შეავსო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. 20-23 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გასამართ ევროპირველობაზე პირველი სამი დღე ინდივიდუალურ შეჯიბრებას დაეთმობა და ქართული გუნდი ტატამზე 9 სპორტსმენით გავა.

ცირეკიძემ არჩევანი წონითი კატეგორიების ლიდერებსა და ბოლო საერთაშორისო ტურნირებში თავგამოჩენილ ძიუდოისტებზე შეაჩერა. შვიდი წონითი კატეგორიიდან ორში: 60 და +100 კილოგრამებში საქართველოს ნაკრებს ორ-ორი მონაწილე ეყოლება. უმსუბუქეს წონაში ტატამზე ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი გავლენ. უმძიმეს წონაში – ადამ ოქრუაშვილი და გურამ თუშიშვილი. 66 კილოგრამში ევროკონკურენციაში ვაჟა მარგველაშვილი ჩაებმება. 73-ში – ლაშა შავდათუაშვილი, 81-ში – ზებედა რეხვიაშვილი, 90-ში – ბექა ღვინიაშვილი, 100-ში კი ვარლამ ლიპარტელიანი.

დასკვნით დღეს, ტრადიციულად გუნდური ჩემპიონატი შედგება და მასზე საქართველოს ნაკრების უკვე ნაჭიდავებ წევრებს კიდევ ოთხი ძიუდოისტი დაემატებათ: ლაშა გიუნაშვილი (66 კგ), ფრიდონ გიგანი (73 კგ), ამბაკო ავალიანი (81 კგ) და უშანგი მარგიანი (90 კგ).

წინასაჩემპიონატო სამზადისს ქართველი ძიუდოისტები ყვარლის შეკრებით დაასრულებენ.

ევროპის შარშანდელ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 6 მედალი მოიპოვა. ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) ჩემპიონები გახდნენ. ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილს (81 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და ვერცხლის პრიზიორობას დასჯერდნენ. ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. ევროპირველობა გუნდური ჩემპიონატით და საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დაგვირგვინდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11526