ძიუდო

21:08 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოთხი სამეული ქართველების გარეშე

ხვავრიელი დასაწყისის შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრის მეორე დღე უმედლოდ ჩაამთავრა. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში საპრიზო სამეულები მამაკაცთა და ქალთა ორ-ორ წონით კატეგორიაში შეივსო. ტატამზე სულ 10 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ მათგან ცხრა, მედლისთვის ბრძოლას დილის პროგრამაშივე გამოეთიშა. ფინალურ ბლოკში მონაწილეობა მხოლოდ 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტატო გრიგალაშვილმა მიიღო.

17 წლის გრიგალაშვილს ამ რანგის შეჯიბრებაზე აქამდე არასოდეს ეჭიდავა. საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გრან პრის განაცხადში ქვეყნის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კარგი ჭიდაობის და ოქროს მედლის მოპოვების გამო შეიყვანა. მწვრთნელების არჩევანმა აშკარად გაამართლა. მართალია დებიუტი უმედლო გამოდგა, მაგრამ ტატო გრიგალაშვილი ულაპარაკოდ, მთელი საჭიდაო დღის ერთ-ერთი მშვენება იყო.

პირველი მეტოქე - 10 წლით უფროსი ლიტველი იგნას გიედრაიტისი საფინალო გონგამდე 4 წამით ადრე შებოჭა. იქამდე კი ორი ვაზარიც მოუსწრო. მეორე წრეში, 23-წლამდელთა შორის ევროპის ვერცხლის პრიზიორს – ებრაელ ტოჰარ ბუტბულს "ოქროს დროში” შესრულებული ვაზარით აჯობა. შემდეგ, ტიუმენის გრან სლემისა და ქინგდაოს გრან პრის რუსი ჩემპიონი, 27 წლის უალი კურჟევი წუთსა და 24 წამში დასცა ბეჭებზე. არადა გადამწყვეტ ილეთამდე ვაზარით აგებდა.

ნახევარფინალში გრიგალაშვილი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ შვედ ტომი მაციაშს დაეჭიდა და წინა შეხვედრის მსგავსად, ისევ ვაზარით ჩამორჩა, მაგრამ კურჟევისგან განსხვავებით, მაციაშს ბრძოლა ვერ შემოუტრიალა და ბოლო წუთზე რისკი თავად დაუჯდა იპონად. რეპეშაჟის ფინალშიც ანალოგიურად დამარცხდა ყაზახ ჟანსაი სმაგულოვთან და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. ამასთან, პირველი სარეიტინგო ქულებიც (252) გამოიმუშავა და მსოფლიოს რეიტინგსიაში პირდაპირ პირველ ასეულში დამკვიდრება გაინაღდა.

73 კილოგრამში, გრიგალაშვილის გარდა საქართველოს სახელით ფრიდონ გიგანმა, გიგა გიგაურმა და ომარ ნიაზაშვილმაც იჭიდავეს, მაგრამ მეოთხედფინალამდე დამარცხდნენ და საპრიზო სამეულისთვის ბრძოლასაც უმალ გამოეთიშნენ.

გიგანმა პირველ წრეში, ირანელ მოჰამად მოჰამადი ბერიმანლუსთან ვაზარის უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – საფინალო გონგამდე 50 წამით ადრე ბეჭებზე დავარდა. გიგაური ყაზახ ბეკადილ შაიმერდენოვის ვაზარით ძლევის შემდეგ, ტომი მაციაშთანაც ვაზარით იყო წინ, მაგრამ იპონით წააგო. ნიაზაშვილმა კი შეჯიბრება კოლუმბიელ ხუან ტელოსთან 44 წამში, ფეხით შესრულებული შებოჭვით გახსნა და კანადელ არტურ მარჯელიდონთან თავად მოჰყვა შებოჭვაზე.

დილის პროგრამაში დაკარგეს საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი ნუგზარ ტატალაშვილმა, ამბაკო ავალიანმა, გიორგი პაპუნაშვილმა და კობა მჭედლიშვილმა (ოთხივე 81 კგ).

ტატალაშვილი პირველსავე მეტოქესთან – პორტუგალიელ ჟოაო მარტინოსთან, მე-2 დამატებულ წუთზე ვაზარიზე დაეცა. 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი მჭედლიშვილიც "ოქროს დროში” გაშვებული ვაზარით გამოეთიშა გრან პრის, ირანელ საეიდ მოლაეისთან მარცხით, ოღონდ ტატალაშვილისგან განსხვავებით, მეორე წრეში. იქამდე კი კობამ უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევის იპონით ძლევა მოასწრო.

ავალიანი და პაპუნაშვილი ძირითად ბადეში მეოთხედფინალამდე მივიდნენ, მაგრამ ფინალურ ბლოკში მოსახვედრად ორივეს თითო გამარჯვება დააკლდა და საბოლოოდ მე-7 ადგილს და 182 ქულას დასჯერდნენ.

ავალიანმა ირანელი სობჰან რასული ვაზარით ჩამოიშორა, უზბეკი დავლატ ბობონოვი - გაფრთხილებების ლიმიტის ამოწურვით და ძირითად ბადეში გამოსვლა რუს დენის კალინინთან ვაზარით წაგებით დაასრულა. "ბრინჯაოს ნახევარფინალში” კი ვაზარითვე დამარცხდა ბრიტანელ ოუენ ლევსისთან.

პაპუნაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და აზერბაიჯანელ აფიგ საფარლის 2 ვაზარით აჯობა. მეოთხედფინალში, რუსეთის ნაკრების წევრ ალან ხუბეცოვთან გაშვებულ ვაზარის ვეღარაფერი მოუხერხა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ვაზარითვე წააგო ყაზახ აზიზ კალკამანულისთან.

დღეს გრან პრიზე მედლები ქალთა 63 და 70 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა. კიმონოები საქართველოს ნაკრების წევრებმა ნინო ოძელაშვილმა და თეა სუხიტაშვილმაც მოირგეს. ორივე 70 კილოგრამში გამოვიდა და ორივე პირველსავე წრეში დამარცხდა, რუს მეტოქესთან. ოძელაშვილი ალიონა პროკოპენკოს გვარიანად გაუძალიანდა – მე-6 წუთზე დავარდა ვაზარიზე. სუხიტაშვილი კი 26 წამში მსაჯმა მოხსნა, სახიფათო ვარდნისთვის.

თბილისის გრან პრი ხვალ დასრულდება. მედლები მამაკაცებში 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ხოლო ქალებში – 78 და +78 კილოგრამებში. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: არჩილ გოგოლაშვილი, ნიკა სიდამონიძე, უშანგი მარგიანი, ნოდარ ბერიანი (ოთხივე 90 კგ), ლაშა ტაველური, იასონ ნემსაძე, ონისე სანებლიძე, ალექსანდრე ზაალიშვილი (ოთხივე 100 კგ), ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი, გუგა კიბორძალიძე, ონისე ბუღაძე (ოთხივე +100 კგ) და ელენე ქებაძე (+78 კგ).

წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 11:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი – 17:00-ზე.

ძიუდო

გრან პრი

თბილისი

1 აპრილი

კაცები

73 კგ

1 გიოსჟონ ბობოევი (უზბეკეთი)

2 ტომი მაციაში (შვედეთი)

3 უალი კურჟევი (რუსეთი)

3 ჟანსაი სმაგულოვი (ყაზახეთი)

5 ტატო გრიგალაშვილი (საქართველო)

81 კგ

1 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია)

2 ალან ხუბეცოვი (რუსეთი)

3 აზიზ კალკამანული (ყაზახეთი)

3 საეიდ მოლაეი (ირანი)

7 ამბაკო ავალიანი (საქართველო)

7 გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო)

ქალები

63 კგ

1 მაგდალენა კრსაკოვა (ავსტრია)

2 ედვიგ გვენდი (იტალია)

3 ანდრეა ლესკი (სლოვენია)

3 კატრინ უნტერვურზახერი (ავსტრია)

70 კგ

1 მარია პორტელა (ბრაზილია)

2 ელვისმარ როდრიგესი (ძიუდოს საერთ. ფედერაცია)

3 ნატაშა აუსმა (ჰოლანდია)

3 სზაბინა გერჩაკი (უნგრეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120725