ძიუდო

15:22 | 11.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილი ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბაქოს გრანდ სლემის მეორე დღესაც, პირველი დღის მსგავსად, ერთი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, რეპეშაჟის ფინალში შარშანდელი ევროპირველობის ფინალური წყვილი მივიღეთ – ლაშა შავდათუაშვილი მასპინძელთა ჯილას, რუსთამ ორუჯოვს დაუპირისპირდება და რევანშის აღებას შეეცდება.

პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მეორე ნომრად განთესილმა ქართველმა ოლიმპიურმა (2012) და ევროპის (2013) ჩემპიონმა დილის პროგრამაში სამი შეხვედრა ჩაატარა. ირანელი მეჰდი ფათიპურარდალისა და აზერბაიჯანელი ჰიდაიათ ჰეიდაროვის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში მონღოლ ოდბაიარ განბაატართან დამარცხდა და ბრინჯაოს ფინალში გადაერთო.

73 კილოგრამში საქართველოს სახელით აზერბაიჯანულ ტატამზე ომარ ნიაზაშვილიც გავიდა, მაგრამ გრანდ სლემს მერვედფინალიდან გამოეთიშა.

დღესვე, საპრიზო სამეული 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაშიც უნდა შეივსოს, სადაც საქართველოს ნაკრებს ასევე ორი მონაწილე ჰყავდა. გიორგი პაპუნაშვილი ძირითად ბადეში მეოთხედფინალამდე მივიდა, მაგრამ მერე ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო და მე-7 ადგილს დასჯერდა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თამაზ კირაკოზაშვილი კი პირველივე წრეში დამარცხდა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

0.114098