საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრან სლემის შემდეგ საფრანგეთში დარჩა და ერთობლივ სანაკრებო წვრთნებში მიიღო მონაწილეობა. იქედან კი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც 24-26 თებერვალს დიუსელდორფის გრან პრიზე გამოვა.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ საშეჯიბრო განაცხადი ძირითადად იმ შეგირდებით დააკომპლექტა, რომლებიც პარიზში აჭიდავა. შემადგენლობაში დატოვა: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური (ორივე 100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ). ცვლილებები კი მხოლოდ 81 და +100 კილოგრამებში განახორციელა. 81-ში ზებედა რეხვიაშვილისა და თამაზ კირაკოზაშვილის ნაცვლად, დიუსელდორფის სიაში ნუგზარ ტატალაშვილი და ამბაკო ავალიანი შეიყვანა. მძიმე წონაში კი გურამ თუშიშვილი ადამ ოქრუაშვილით ჩაანაცვლა.
ჯერჯერობით უცნობია, გავა თუ არა ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც პარიზში ახალ წონაში – 100 კილოგრამში იჭიდავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ თითის ტრავმა მიიღო.
წინასწარი ინფორმაციით, გერმანულ ტურნირში 51 ქვეყნის ნაკრები ჩაერთვება. მამაკაცებსა და ქალებში მედლების შვიდ-შვიდი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით კი კონკურენციაში მხოლოდ მამაკაცები ჩაებმებიან. 24 თებერვალს საპრიზო სამეულები 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსება. 25 თებერვალს მედლები 73 და 81 კილოგრამებში გათამაშდება, ხოლო 26-ში – 90, 100 და +100 კილოგრამებში.
დიუსელდორფის გრან პრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრები გერმანიაში კიდევ 4 დღე დარჩება, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად.