ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” აკადემიაში ქართველები რომ ირიცხებიან, ალბათ გეცოდინებათ. ჰოდა, უფროსი, ნიკა ქუთათელაძე 16-წლამდე გუნდის ლიდერია და გოლი გოლზე გააქვს. იმედისმომცემმა ქართველმა შემტევმა გუშინაც პარიზის რეგიონის 16-წლამდე ჩემპიონატის მერვე ტურში “სარსელესს” არც მეტი, არც ნაკლები, 4 გოლი გაუტანა – პოკერის გარდა ნიკუშა საგოლე პასითაც გამოირჩა (გატანილი გოლების ნახვა მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ). აღნიშნული მატჩი პსჟ-მ 7:1 მოიგო და 8 ტურის თავზე მეორე ადგილზე იმყოფება (სწორედ "სარსელესს" გადაასწრო).
ხსენებული რვა თამაშიდან ნიკამ შვიდში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე უკვე 7 გატანილი გოლია. აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს აკადემიაში ირიცხება მისი უმცროსი ძმა სანდროც, რომელიც შესაბამის ასაკში გუნდის კაპიტანიცაა.
worldsport.ge ერთი თვის წინაც წერდა ნიკა ქუთათელაძის შესახებ და მასთან ვრცელი, საინტერესო ინტერვიუც შემოგთავაზათ.