ფეხბურთი

10:50 | 18.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კუმირი - შოთა არველაძე, ოცნება - საქართველოს ნაკრები
"თავში რა უნდა ამივარდეს, ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია"

“ხალხი მართალია თუ ფიქრობს, რომ ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია – მართლაც ასეა. აუცილებლად ვიშრომებ და ყველაფერს გავაკეთებ, დიდი ფეხბურთი რომ ვითამაშო. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, ამით ვსუნთქავ. საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას პსჟ-ში რომ ვთამაშობ – ჩემთვის მთავარი ფეხბურთია. არ მესმის იმ ადამიანების, ვისაც პატარა წარმატება თავში უვარდებათ” – ნიკა ქუთათელაძე 15 წლისაა და რამდენიმე თვეა “პარი სენ ჟერმენის” აკადემიაში ირიცხება. ამჟამად 16-წლამდე გუნდში გამოდის, მაგრამ 17-წლამდელებთან ერთადაც უწევს ვარჯიში. როგორც იმედისმომცემმა თავდამსხმელმა WORLDSPORT.GE-სთან საუბრისას განაცხადა, უფეხბურთოდ ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და ყველაფერს გაიღებს ოცნების ასახდენად – უნდა, შოთა არველაძის დონის ფეხბურთი ითამაშოს. პატრიკ კლუივერტმა შოთაზე თქვა დიდი ფეხბურთელიაო და მაშინ ყველაზე ამაყი ვიყავიო – არველაძის შესახებ წიგნიც წაკითხული მაქვსო...

სიმართლე გითხრათ, როდესაც ეს მითხრა, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი – მის თაობას ხომ ძირითადად მზე და მთვარე რონალდუ-მესიზე ამოსდით...

პირველი ნაბიჯები

“8 წლის ვიყავი, როდესაც მამამ პრაღის “სპარტას” სკოლაში მიმიყვანა სინჯებზე – პირველივე თამაშში სამი გოლი გავიტანე, მეორე შეხვედრაშიც იგივე გავაკეთე და ასე დავრჩი ჩეხეთში. მერე სინჯებზე “ბარსელონასა” და “მილანშიც” ვიყავი, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, დარჩენა ვერ მოვახერხე. ალბათ, ვერ დავაკმაყოფილე მათი მოთხოვნები – “ბარსაში” მითხრეს, ამჟამად ვერ დაგიტოვებთო, იგივე მიზეზი იყო “მილანშიც”, - გულდაწყვეტილი გვიყვება პატარა ფეხბურთელი.

შურისძიება “ბარსელონაზე”

მერე იყო “ლილი”, სადაც ასევე სინჯებზე მივედი და დამიტოვეს. “ლილის” მაისურით 117 გოლი გავიტანე, ჩრდილოეთ საფრანგეთის ჩემპიონი გავხდი და მოვიგე ბავშვთა ჩემპიონთა ლიგა – სხვათა შორის, აქ “ბარსელონას” 6:1 მოვუგეთ”.

მადლობა ოჯახს

საფრანგეთში რომ ვთამაშობ დღემდე, ჩემი ოჯახის დამსახურებაა. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მათ დიდი მადლობა გადავუხადო”.

მეორე ნაბიჯი – პსჟ

პარიზში ყველაფერი კარგად მიდის – მწვრთნელები მენდობიან. ჯერ მხოლოდ 4 თამაში ვითამაშე და სამჯერ ძირითადში ვიყავი. აქ დაგვიანებით ჩამოვედი, რადგან ნაკრებთან ერთად ვიყავი თბილისში და ერთი თამაშის გამოტოვება მომიწია. ჯერ გოლი არ გამიტანია, მაგრამ ორჯერ საგოლე პასი გავაკეთე. ზოგჯერ 17-წლამდელებშიც მავარჯიშებენ - კონკურენცია ძალიან დიდია”.

ახდენილი ოცნება

პატარაობიდანვე, ჩემი ოცნება იყო ნაკრების მაისური ჩამეცვა, ჰიმნი მემღერა და გოლი გამეტანა ნაკრების მაისურით – სამივე ამიხდა: ჰიმნიც ვიმღერე, მაისურიც ჩავიცვი და გოლიც გავიტანე. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი, რაც კი აქამდე გამიტანია. სამწუხაროდ, ვერ მოვხვდი 18 კაცში, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. მთავარი ოცნება კი, ეროვნულ ნაკრებშია თამაშია”.

ვარსკვლავებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან

პსჟ-ს ფეხბურთელების ვარჯიშებს ვესწრებით, თამაშებსაც, სურათებს ვიღებთ და ახლო ურთიერთობა გვაქვს. ბავშვთა და მთავარი გუნდიც ერთ ბაზაზე ვარჯიშობენ. აქ არავის ანსხვავებენ, ყველა ერთია. ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ ერთ დღეს, როდესაც ჩვენ გავალთ მთავარი გუნდის სახელით, განსხვავება ვერ ვიგრძნოთ ვარსკვლავებს შორის – ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან”.

საყვარელი ფეხბურთელი – კუმირი

“შოთა არველაძე – ჩემს ძმასთან ერთად პატრიკ კლუივერტის შვილი ვარჯიშობს, ისიც 2007 წლიანია (პსჟ-ს აკადემიაში ნიკას უმცროსი ძმა, სანდროც ირიცხება – ავტ.) და ერთხელ კლუივერტმა მამაჩემს უთხრა, შოთი უდიდესი ფეხბურთელი იყოო და ძალიან გამიხარდა, ამაყი ვიყავი. შოთის წიგნიც მაქვს წაკითხული და ძალიან მინდა, რომ მეც მისნაირი კარიერა მქონდეს”.

საყვარელი გუნდი, ნაკრები

“პსჟ და საქართველოს ნაკრები”, - ასე დასრულდა ჩემი და ნიკას საუბარი. დამპირდა, თავში არაფერი ამივარდება და ყველაფერს გავაკეთებ დიდი ფეხბურთი რომ ვითამაშოო – თავში ასავარდნი რა მაქვს, ჯერ არაფრისთვის მიმიღწევიაო...

0.129842