საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი თავისუფალი აგენტია. აღნიშნული ინფორმაცია მისმა აგენტმა მამუკა ამიროვმა WORLDSPORT.GE-ს ოფიციალურად დაუდასტურა. როგორც მან გვითხრა, "გენკისა" და 24 წლის ქართველი მოთამაშის კავშირი 2 წლის შემდგომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
ამიროვის თქმით, ახლა ქართველი ფეხბურთელი მიღებული შოკიდან გამოსვლას ეცდება და მალე ახალ გუნდსაც მიაშურებს.
"ოქრიაშვილი თავისუფალი აგენტია - "გენკთან" კონტრაქტი გაწყვიტა. ჯერ დავიცადოთ, მდგომარეობა დალაგდეს, თავი უკეთ იგრძნოს და ახალ გუნდსაც მალე იპოვის. მაქსიმუმ სექტემბრის ბოლოს თორნიკე ახალ გუნდში იქნება", - გვითხრა ამიროვმა.
თორნიკე ოქრიაშვილი ხვალ თბილისში ჩამოვა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება და ავსტრიასთან მატჩისთვის მოემზადება.
რაც შეეხება მის ბელგიურ კარიერას, ოქრიაშვილმა "გენკის" რიგებში 2014 წლიდან მოყოლებული 34 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.