ძიუდო

18:26 | 12.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით ქევხიშვილი: "გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ცხვირის ჩამოშვება საჭირო არაა”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოლიმპიური თამაშები თითო ვერცხლ-ბრინჯაოთი ჩაამთავრა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან დღეს ტატამზე მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი გავიდა და პირველსავე წრეში უშანსოდ დამარცხდა იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან. ძნელია მოძებნო ქართველი, რომელიც ძიუდოისტების საბოლოო შედეგით კმაყოფილი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა შვიდი წონითი კატეგორიიდან ორში მედალი მოიპოვა. დაახლოებით იგივე განწყობა შევნიშნეთ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილსაც, ოქრუაშვილის შეხვედრის დასრულებიდან ათიოდ წუთში.

დავით ქევხიშვილი: რა თქმა უნდა, ამ ოლიმპიადაზე ოქროს ველოდი და გულდაწყვეტილი ვარ. ეს ჩვენს გუნდს რეალურად შეეძლო, პოტენციალით და წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე. თან ნაკრების წევრები იმ ასაკში არიან, როდესაც მათგან უმაღლეს შედეგს ყველაზე მეტად უნდა ელოდო.

- რამ შეუშალათ ხელი?

- დავსხდებით, გავაანალიზებთ და შემდეგ უკეთ შეგვეძლება დეტალებზე საუბარი. ამ ეტაპზე კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ცხვირის ჩამოშვება საჭირო არაა. გუნდმა ოლიმპიურ თამაშებზე შვიდი წონითი კატეგორიიდან ორში მედალი მოიპოვა.

- ადამ ოქრუაშვილის ჭიდაობაზე რას იტყვით?

- ადამმა ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მაქსიმალურად მოინდომა, ზედმეტი წონაც დაიკლო, მაგრამ პირველსავე წრეში უძლიერეს მეტოქეს შეხვდა და სამწუხაროდ, ვერ აჯობა. იაპონელმა სისწრაფისა და ფიზიკის ხარჯზე მოიგო.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

0.120812