ძიუდო

21:37 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი უზნაძე: "დავალებას კარგად ასრულებს და შედეგიც სახეზეა”

"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და იმედია, ასევე გაგრძელდება” – მითხრა დილის პროგრამის დასრულების შემდეგ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ირაკლი უზნაძემ. დღეს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა შორის, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში უნდა გამოვლინდნენ, სადაც პირველ ნომრად ავთანდილ ჭრიკიშვილია განთესილი. მსოფლიოს რეიტინგის ქართველმა ლიდერმა სამი შეხვედრა ჩაატარა, სამივე მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ამერიკელ ტრევის სტივენსს დაეჭიდება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი არაბეთის გაერთიანებული საემიროების მოლდოველი წევრი სერგიუ ტომა და რუსეთის ნაკრების წევრი ხასან ხალმურზაევი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ირაკლი "მსოფლიო სპორტმა” ირაკლი უზნაძეს შეგირდის მიერ ჩატარებული ბრძოლების შეფასება სთხოვა.

- ავთო ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს დავალებას. ძალიან ყურადღებით ჭიდაობს და შედეგიც სახეზეა.

- კონკრეტულად რა დავალება მიეცით?

- მაქსიმალურად მოერიდოს ზედმეტ მოძრაობას და მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული ჭიდაობა აჩვენოს. გეთანხმებით, შემტევი სტილით წარმატების მიღწევა უფრო ლამაზად ჩანს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეფექტურობა გვერდზე გადავდეთ. ჩვეულ, სანახაობრივ ჭიდაობას სხვა ტურნირებზე გააგრძელებს. ეს კი ოლიმპიადაა, სადაც ერთი პატარა შეცდომაც კი ძალიან ძვირად ფასობს.

- თავიდან თითქოს მძიმედ დაიწყო – კუბელ მეტოქეს ერთადერთი იუკოთი აჯობა, ხოლო სალვადორელს უილეთოდ, ორი გაფრთხილებით...

- არც ერთ შემთხვევაში, შეხვედრის მიმდინარეობის კონტროლი არ დაუკარგავს. თავად კარნახობდა ჭიდაობას და ლოგიკურად მოიგო.

- თუმცა მეოთხედფინალში, იტალიელ მარკონჩინისთან, ბოლო წუთზე კინაღამ შებოჭვაზე მოჰყვა. იმ დროს ვაზარით და იუკოთი იგებდა. სუფთა გამარჯვების სურვილის გამო ხომ არ დაისაჯა?

- იტალიელთანაც პირველიდან ბოლო წამამდე აკონტროლებდა ბრძოლას. იმ ეპიზოდშიც დრო გაჰყავდა და მარკონჩინისთვის რეალური შანსი ნამდვილად არ მიუცია. ჭრიკიშვილის ჩოქბჯენიდან დაჭერა ეგრე ადვილი არაა.

- მეორე ნახევარფინალიდან რომელი ძიუდოისტის გასვლას ისურვებდით?

- რა თქმა უნდა, ვიცი, რომელი გვირჩევნია, მაგრამ ბოდიშით, ვერ გაგიმხელთ.

- მაშინ ის გვითხარით, მეოთხედფინალში, სავარაუდო მეტოქეების: ამერიკელი სტივენსისა და ბულგარელი ივანოვის შეხვედრაში ვისი მოგება გერჩივნათ?

- სტივენსის გასვლა მირჩევნოდა და ასეც მოხდა. ივანოვი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ამასთან, ახალგაზრდა და აგრესიული სტილის ძიუდოისტია. სტივენსი კი 30 წლისაა და რაც მთავარია, კარგად ვიცნობთ.

ოთარ მაღლაკელიძე რიო დე ჟანეიროდან WORLDSPORT.GE-სთვის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114725