საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა “დინამო” თბილისმა მავრიტანელი ლეგიონერი მატიას კურიორი რომ დაიმატა, უკვე ცნობილი გახლვათ. თუმცა, ბუნებრივია, თბილისური გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. ცოტა ხნის წინ, worldsport.ge წერდა, რომ “დინამოს” სალონიკის “პაოკისა” და სლოვაკეთის ნაკრების ნახევარმცველი ერიკ საბო აინტერესებდა.
ჰოდა, ბულგარულ ინტერნეტპორტალ football24.bg-ს თუ დავუჯრებეთ, 24 წლის საბოს ტრანსფერი გადაწყვეტილია. ყოველშემთხვევაში ზემოხსენებული წყარო საბოს, რენე ფერეირასთან, კურიორთან და მიკელ ალვაროსთან ერთად გუნდის ლეგიონერად მოიხსენიებს.
აღსანიშნავია, რომ “დინამოს” ინტერესს ერთი კვირის თვითონ სლოვაკი ფეხბურთელიც ადასტურებდა. მისი ტრანსფერის მთავარი ინიციატორი კი იურაი იარაბეკია, რომელიც ერიკს ტრნავას “სპარტაკში” ავარჯიშებდა. სწორედ ამ გუნდში ირიცხებოდა საბო 5 წელი, ხოლო “პაოკში” გასულ ზაფხულს გადავიდა და საბერძნეთის ჩემპიონატში 14 შეხვედრის ჩატარება მოახერხა.
იგი სლოვაკეთის ნაკრებშია ამჟამად მიწვეული, სადაც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება. თუმცა, სლოვაკთა თავკაც იან კოზაკს ჯერ საბოლოო 23 კაციანი სია არ დაუსახელებია და ვნახოთ, მოხვდება თუ არა მასში “დინამოს” პოტენციური ახლაწვეული. სხვათა შორის, ერიკ საბომ სამი დღის წინ, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშა და აქტიურობითაც გამოირჩა – მან მოედანზე 66 წუთი დაჰყო.