მიუნხენის “ბაიერნმა” გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველ მათს ჰუმელსთან შეთანხმების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. როგორ კლუბის ვებგვერდი იტყობინება, 27 წლის ფეხბურთელი მიუნხენში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და “ბაიერნთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
“მოხარულები ვართ, რომ მათს ჰუმელსმა “ბაიერნში” გადმოსვლა გადაწყვიტა. მათსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია და მასთან ერთად ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი უფრო მაღალი გახდება” - ციტირებს “ბაიერნის” გენერალური დირექტორის კარლ ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ტრანსფერის ღირებულება ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა გერმანული გამოცემების ცნობით, დორტმუნდის “ბორუსია” ფეხბურთელის სანაცვლოდ 35-დან 38 მილიონ ევრომდე ოდენობის თანხას მიიღებს.
ჰუმელსი “ბაიერნის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, თუმცა პირველ გუნდში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაუტარებია. ის 2008 წლიდან იცავდა დორტმუნდის “ბორუსიას” ღირსებას და ამ გუნდის მაისურით გერმანიის ჩემპიონატში ჩატარებულ 224 მატჩში 19 გოლი გაიტანა. დორტმუნდელებთან ერთად ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა, ერთხელ გერმანიის თასი და ორჯერ სუპერთასი. გარდა ამისა, ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მიუნხენის “ბაიერნმა” ლისაბონის “ბენფიკასგან” 18 წლის ნახევარმცველის რენატო სანჩესის შეძენის შესახებაც ოფიციალურად გამოაცხადა.