გერმანიის ჩემპიონმა მიუნხენის “ბაიერნმა” ლისაბონის “ბენფიკას” იმედისმომცემი ნახევარმცველი რენატო სანჩესი გაიფორმა. ამის შესახებ ორივე გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 18 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი “რეკორდმაისტერს” 35 მილიონი ევრო დაუჯდა. გერმანულ გიგანტთან სანჩესმა 5-წლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.
რენატო სანჩესი კარლო ანჩელოტისთვის პირველი შენაძენი აღმოჩნდა. სანჩესი “ბენფიკას” აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში პირველად მიმდინარე სეზონში გამოჩნდა. მიუხედავად ასეთი მცირე დროისა, ევროპული გრანდების ყურადღების მიქცევა არ გასჭირვებია. მას ტურინის “იუვენტუსიც” აკვირდებოდა.
სანჩესმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 თამაში ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო. მას პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა უკვე დებიუტი, რომლის ღირსება ორჯერ დაიცვა. აღსანიშნავია, რომ სანჩესს ახლო წარსულში ჰოლანდიელ ფეხბურთელ ედგარ დავიდსს ადარებენ თავისი სათამაშო სტილითა და გარეგნობით...