ძიუდო

10:04 | 2.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ თითო მოგება

სამსუნში მიმდინარე გრან პრის პირველი დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა. საწყის ორ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით თურქულ ტატამზე ორი ძიუდოისტი გავიდა და მედლებისთვის ბრძოლას ორივე მერვედფინალში გამოეთიშა.

60 კილოგრამში ლუხუმ ჩხვიმიანმა ტურნირი ფრანგი ვალიდ ხიარის ძლევით გახსნა. შემდეგ კი თბილისის გრან პრის უზბეკ ჩემპიონთან - დიორბეკ უროზბოევთან წააგო. უმსუბუქეს წონით კატეგორიაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ბეთქილ შუკვანი ავიდა, რომელიც ბექირ ოზლუს და თურქეთის ნაკრების სახელით იბრძვის საერთაშორისო წარმატებებისთვის. ფინალში ოზლუმ თურქეთისვე ნაკრების წევრი აჰმეთ კაბა დაამარცხა, რითაც შიდა კონკურენციაში კიდევ უფრო დიდი უპირატესობით გალიდერდა და ფაქტობრივად გაინაღდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური.

66 კილოგრამში მოჭიდავე ბექა შავდათუაშვილმა გრან პრი პოლონელი მიხალ ბარტუსიკის ძლევით გახსნა მერვედფინალში კი ყაზახ აზამატ მუკანოვთან ვეღარას გახდა.

დღეს საპრიზო სამეულები მამაკაცებში 73 და 81 კილოგრამებში შეივსება და საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ფრიდონ გიგანი, ზვიად კაპანაძე (ორივე 73 კგ), ლევან გუგავა და გიორგი პაპუნაშვილი (ორივე 81 კგ). დღესვე ჩაებმება კონკურენციაში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ესტერ სტამი (70 კგ).

0.112179