რაგბი

19:33 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ილია ზედგინიძემ რაგბის განვითარების 4-წლიანი გეგმა წარადგინა

სპორტის საკანონმდებლო დონეზე რეგულაცია, მეტი ყურადღება ბავშვთა და 7-კაცა რაგბის, გაზრდილი დაფინანსება კლუბებისთვის, რეგიონალური ფედერაციები და შემოსავლის წყაროები - ეს ის საკითხები იყო, რომლებზეც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ილია ზედგინიძემ “ჰოლიდეი ინში” გამართულ ქართული რაგბის განვითარების 4-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

პროგრამა 12-გვერდიანია და 12 ძირითად პუნქტს მოიცავს, რომლებიც შემდგომ ქვეპუნქტებადაა დაყოფილი. წარდგენაზე ყველა მათგანზე დაწვრილებით საუბარი შეუძლებელი იქნებოდა და “ბორჯღალოსანთა” ყოფილმა კაპიტანმა და მწვრთნელმაც აქცენტი ძირითად მიმართულებებზე გააკეთეს.

წარდგენისას არ უსაუბრია, მაგრამ პროგრამაში წერია და მისი გუნდის ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი ინიციატივაა საკანონმდებლო პაკეტი სპორტის შესახებ, რომლის ინიციატორი ზედგინიძის არჩევის შემთხვევაში სწორედ რაგბის კავშირი იქნება და სხვა ფედერაციებთან, ასევე ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად, ეს საკითხი საქართველოს პარლამენტში შევა.

“წლებია ისმის, რომ მისაღებია კანონი სპორტის შესახებ, მაგრამ ფაქტია, კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. ჩვენ ვესაუბრეთ სხვა ფედერაციების წარმომადგენლებს, პარლამენტარებს და ჩემი გაპრეზიდენტების შემთხევაში ეს იქნება ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც სპორტისთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად გადაიდგმევა” - უთხრა “მსოფლიო სპორტს ზედგინიძემ.

საკუთარი პროგრამის წარდგენამდე ზედგინიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა:

“ჩემს გუნდთან ერთად გადავწყვიტე რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვა. ის უკვე დიდ ინტერესს იწვევს მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. დიდი ხნის წინ რაგბიზე მხოლოდ ბებიას ვესაუბრევოდი, რომელიც მირჩევდა, იქ არ შემეყო თავი, სადაც ბევრი მოთამაშე გროვდებოდა. ახლა რაგბიზე ბევრ ადამიანთან შეიძლება საუბარი, მაყურებლები გულშემატკივრებად იქცნენ, რომლებიც პროფესიულად ერკვევიან რაგბიში და ის გახდა ეროვნული თამაში.

ამას თავისი ახსნა აქვს. რაგბი ფასეულობებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული თამაშია, რომელსაც ადვილად იზიარებს მაყურებელი და სპორტის ეს სახეობა სწორედ ამ ფასეულობების და ღირებულებების გამო უყვართ. ჩვენი ხედვით რაგბის უმთავრესიმისია ჯანსაღი თაობის აღზრდაა. ჩვენ მათ უნდა გადავცეთ ის, რაც თავის დროზე თავად მივიღეთ უფროსი თაობებისგან და ასე უნდა გაგრძელდეს მომავალშიც. გარდა ამისა, რაგბი უნდა გახდეს ქვეყნის სავიზიტო ბარათი და ის უნდა ვაქციოთ ეროვნულ ფასეულობად. ეს გაზრდის საქართველოს ცნობადობას, რაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. თავის მხრივ, ეს შექმნის სტაბილური ფინანსური რესურსის მოზიდვის შესაძლებლობას რაგბიში და ამრიგად, ორივე მხარე მოგებული დარჩება. ქვეყნის მხარდაჭერის გარეშე რაგბი ვერ განვითარდება, მაგრამ პარალელურად, აუცილებელი და მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართვა”.

ამის შემდეგ იმ მიზნების ჯერი დადგა, რომელმაც ზემოთნახსენებ შედეგებამდე უნდა მიგვიყვანოს:

“ჩვენ გვაქვს პროდუქტი, რომელიც უფრო ხარისხიანი უნდა გახდეს. რაგბი დაახლოებით 20 წელუწადია პროფესიონალური გახდა და “მსოფლიო რაგბი” წესების ცვლილებით ყოველდღიურად ცდილობს მისი სანახაობრივი მხარის ამაღლებას. ჩვენს სწორედ ამ გზას უნდა გავყვეთ, მაგრამ ამისათვის საჭიროა ხარისხის ამაღლება. რაგბი უნდა გახდეს მასობრივი, რათა გაიზარდოს მისი პოპულარობა და ჩვენ ამის მისაღწევად კონკრეტული გეგმები გვაქვს.

ამ მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ დღეს არსებული ვერტიკალური მართვის სისტემა შეიცვალოს და შეიქმნას რეგიონალური ფედერაციები. უნდა შეიქმნას ორი სახის საბჭო: ერთში გაწევრიანებული იქნებიან რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტები და კლუბების წარმომადგენლები და მისი მეშვეობით სწრაფად მოხდება პრობლემების იდენტიფიცირება და არ შეიქმნება კომუნიკაციის ის ხარვეზები, რომელიც დღეს სახეზეა. გარდა ამისა, შეიქმნა 4-5 სპეციალისტით დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვაში დაგვეხმარება და გათვალისწინებული იქნება მათი რეკომენდაციები”.

ბავშვთა რაგბი

“რადგან მომავალი წარმატებების საწინდარი ბავშვთა და მოზარდთა რაგბია, ეს ის მიმართულება უნდა იყოს, რომელსაც მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა. “მსოფლიო რაგბის” შემუშავებული აქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც ბავშვთა და მოზარდთა რაგბი არის უსაფრთხო და ის ჩვენთანაც უნდა გადმოვიტანოთ, რათა მშობელმა მშვიდად მოიყვანოს შვილი რაგბიზე. ბავშვმა, რომელიც ჩვენს ოჯახში შემოდგამს ფეხს, თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს. ხშირად ისმის - “რაგბის ოჯახი” და ეს თავის თავში მოიცავს სითბოს, სიყვარულს, ერთობას, რომლის შემდეგაც, ამ ოჯახში შემოსულ ბავშვს სხვაგან წასვლის სურვილი აღარ უჩნდება და თავადაც ხდება ოჯახის წევრი. არასაკმარისია ბავშვთა მწვრთნელების რაოდენობის ხარისხი და ამის გამო ხარისხი იკარგება. ბავშვობაში უნდა ჩაეყაროს ბევრ რამეს საფუძველი და როდესაც მწვრთნელს 30 ბავშვთან უწევს მუშაობა, შედეგი სათანადო ვერ დადგება. ეს რიცხვი აუცილებლად უნდა შემცირდეს და პარალელურად, მწვრთნელთა ხარიხზეც საზრუნავია. ამისათვის ბავშვთა მწვრთნელების ლიცენზირების პროცესი გამკაცრდება და მეტი ყურადღება მიექცევა სპეციფიურ საკითხებს, ბავშვთა ფსიქოლოგიას.

ასევე პრიორიტეტული უნდა გახდეს მოზარდთა რაგბი, რომელიც ბაზაა ჯერ კაცთა კლუბებისთვის და შემდეგ ეროვნული ნაკრებისთვის. დღეს რაგბი მხოლოდ 45 საჯარო სკოლაშია შესული, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და მომავალ 4-წლიან ციკლში ვიღებთ ვალდებულებას, რომ ასეთი სკოლების რაოდენობა 300-მდე გაიზრდება. ამისათვის შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც ივლის სკოლებში და მასწავლებლებს ჩაუტარებს ინსტრუქციებს, დაეხმარებიან სპეციალური თამაშების დანერგვაში სარაგბო ელემენტებით და შემდეგ მონიტარინგს გაწევენ. მისახედია ჭაბუკთა “ა” და “ბ” ლიგის გათამაშებები.

7-კაცა რაგბი

“პრიორიტეტული უნდა გახდეს 7-კაცა რაგბი. 2000-იან წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატების მიზეზი სწორედ ძლიერი 7-კაცა ნაკრები იყო, რომელიც რატომღაც მივატოვეთ. ის ფლაგმანი უნდა გახდეს ქართული რაგბის, მით უმეტეს, რომ მისი განვითარება შედარებით მარტივია, ვიდრე 15-კაცა რაგბის და დიდი შედეგი მოაქვს. უახლოეს წლებში აბსოლიტური პრიორიტეტი იქნება 7-კაცა მსოფლიო სერიებში დაბრუნება, რისთვისაც ეროვნული ნაკრების მოთამაშეებსაც გამოვიყენებთ და როდესაც იქ დავბრუნდებით, მერე შეიძლება აქცენტი შიდა ჩემპიონატის მოთამაშეებზე გაკეთდეს. ამით ისინი უზარმაზარ გამოცდილებას მიიღებენ და სამომავლოდ გამოადგებენ როგორც კლუბებს და 7-კაცა ნაკრებს, ასევე ეროვნულ გუნდს”.

საკლუბო რაგბი

“მნიშვნელოვანია კლუბების გაძლიერება, რათა გულშემატკივარმა არა მხოლოდ ნაკრების, არამედ შიდა ჩემპიონატის თამაშებზეც იაროს. ამისათვის მნიშვნელოვანია კლუბების ფინანსური და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ჩემი გუნდის წევრები წლების განმავლობაში ვთამაშობდით პროფესიულ კლუბებში და გვაქვს გამოცდილება, კონტაქტები, რომელსაც ამ საქმეს მოვახმართ. აუცილებლად ჩამოვიყვანთ უცხოელ სპეციალისტებს ქართველი სპეციალისტებისთვის სემინარების ჩასატარებლად და ქართველ სპეციალისტებსაც გავუშვებთ განათლების მისაღებად, რათა ამაღლდეს მწვრთნელების დონე. საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, კლუბებს სპონსორების მოზიდვის საშუალებას მისცემს. უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კერძო სექტორთან დამატებითი თანხების მოზიდვისა. უკვე გვაქვს თანხმობა კერძო კომპანიებისგან და ჩვენი არჩევის შემთხვევაში დიდი 10-ის თითოეული კლუბი, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხის გარდა, მიიღებს 70-70 ათას ლარს. ფინანსური წახალისება შეეხებათ პირველი და რეგიონალური ლიგის კლუბებს. აუცილებელია ქართული კლუბები რეგულარულად მონაწილეობდნენ ევროთასებზე და საერთაშორისო ტურნირებში”.

ნაკრებები

“რადგან ეროვნული ნაკრები პირამიდის მწვერვალია, კლუბების მსოფხედველობა სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული. მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხი გაიზარდოს და არ ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ შედეგზე. ეროვნულმა გუნდმა მაღალი დფონის გუნდებთან მაქსიმალურად ბევრი უნდა ითამაშოს და ჩაერთოს მაღალი დონის ტურნირებში. 2019 წლის მსოფლიო თასზე ეროვნული ნაკრების მიზანი მინიმუმ ორი თამაშის მოგება და 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება იქნება. მე 2015 წლის მსოფლიო თასზე გუნდის ნაწილი ვიყავი და მერწმუნეთ, ეს ურთულესი შესასრულებელი მიზანი იყო. თუმცა მჯერა, ამ მიზნის მიღწევა სავსებით შესაძლებელია.

ივნისში საქართველოს ნაკრები ვერასდრტოს ახერხებს სრული შემადგენლობით შეკრებას და ამიტომ თბილისის თასზე “მზარდი საქართველოს” სახელით უნდა ვითამაშოთ. ეს მწვრთნელებს მისცემს საშუალებას, რომ აქ გამოსცადონ უფრო მეტი მორაგბე, რომელთა გამოცდის საშუალებაც არ ეძლევათ. გარდა ამისა, მომავალ 4-წლიან ციკლში უმნიშვნელოვანესი იქნება 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც შედეგს უკვე დიდი ყურადღება მიექცევა. ამ ტურნირის ორგანიზებაზე და მის შედეგებზე, სამომავლოდ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული”.

საუბარი შეეხო ქალთა რაგბის, სადაც 7-ქალა ნაკრების და გუნდების გარდა, მნიშვნელოვანია შეიქმნას 15-ქალა გუნდები და ნაკრები. ასევე ილიამ ისაუბრა სტუდენტური რაგბის მნიშვნელობაზე, იმ ინტელექტზე, რომელსაც აქედან იღებს რაგბი და ადაპტირებულ რაგბის (თოვლის, ქვიშის, თაჩ-რაგბი). თავად ზედგინიძემ გამოთქვა სურვილი, რომ თვეში ერთხელ ჩატარდეს მსგავსი ტურნირები და მასში ისიც სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება დამატებითი ფინანსების მოზიდვას, აქ ზედგინიძემ დასძინა:

“საქართველოს რაგბის კავშირის შემოსავლებით 99 პროცენტს სახელმწიფო პროგრამა, სასპონსორო შემოსავლები და გრანტები წარმოადგენს, ხოლო შიდა წყაროს წილი მხოლოდ 1 პროცენტია, რაც ძირითადად ბილეთების გაყიდვებით მიიღება. ვფიქრობთ, რომ ამის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი არხები გაგვაჩნია და საუბარი არაა მხოლოდ ბრენდირებაზე. საქართველოს რაგბის კავშირს გააჩნია უძრავი ქონება, რომლის სათანადოდ გამოყენებაც არ ხდება. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ირლანდიის რაგბის კავშირმა, კრედიტებით შეიძინა უძრავი ქონება, მერე კრედიტი გაისტუმრა და ახლა მისგან უზარმაზარ მოგებას იღებს. ჩვენ ეს მიმართულება ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ და ეს უნდა იყოს არა ერთჯერადი, არამედ მუდმივი” შემოსავალი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს, 13 საათზე თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” გაიმართება და ილია ზედგინის კონკურენტი სრკ-ს გამგეობის თავმჯდომარე გოჩა სვანიძე იქნება, რომლის პროგრამის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ შედგა.

http://dw.convertfiles.com/files/0300245001453308951/zedgenidze-presentation.ppt

0.200557