რაგბი

21:46 | 15.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოჩა სვანიძემ პროგრამა წარადგინა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა გოჩა სვანიძემ ის ოთხწლიანი გეგმა წარადგინა, რითაც არჩევის შემთხვევაში ქართული რაგბის წინსვლას და განვითარებას გეგმავს.

თავად კანდიდატმა ამ 9-პუნქტიან გეგმას სტრატეგიული მიმართულება უწოდა და აღნიშნა, რომ სიტყვებით ვერავინ გადმოსცემს იმ გეგმას, რომელზეც წლების განმავლობაში ფიქრობდა. მან აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში საქართველოს რაგბის კავშირი გახდება უფრო გახსნილი ორგანიზაცია და მის მუშაობაში გულშემატკივრებიც მიიღებენ მონაწილეობას. 9 ძირითად პუნქტს ქვეპუნქტები ახლავს და მისი სრულად ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი - http://we.tl/ETZmXVTxSU

წარდგენის დასაწყისში სვანიძემ დამსწრე საზოგადოებას შობა-ახალი წელი მიულოცა და მადლობა უთხრა სამუშაო დღეს ექსპო-ჯორჯიაში მისვლისთვის, მერე კი, დროის სიმცირის გამო ძირითად პუნქტებზე მოკლედ ისაუბრა.

გოჩა სვანიძე: “დღეს სამსჯავროზე გამომაქვს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი გუნდის ნამუშევარი და თხოვნა იქნება, რომ ის მაქსიმალურად კრიტიკულად შევაფასოთ. ზოგადად სოციალური ქსელის მომხმარებელი არ ვიყავი, მაგრამ ბოლო დროს ამ მონაპოვარის გამოყენება მომიწია და უამრავი კრიტიკული აზრი მოვისმინე, რისთვისაც ყველას მადლობას ვუხდი და რისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე 2004 წლიდან ვარ, თუმცა მე სრკ-ს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე 1998 წლიდან ვეხმარებოდი და არც გამგეობის თავმჯდომარეობა იყო ანაზღაურებადი სამსახური.

მთელ ამ პერიოდში, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არასდროს მიმიღია, უბრალოდ, გამგეობის ნააზრევს იურიდიულ სახეს ვაძლევდი. მე არასდროს ვყოფილვარ ვინმეს ხელმძღვანელი.

აქ ჩვენ იმის გამო შევიკრიბეთ, რომ ქართული რაგბი გზაჯვარედინზეა. მიმაჩნია, რომ კლანური მმართველობა უნდა დასრულდეს და რაგბი უნდა გახდეს საჯარო. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ შეიქმნება გულშემატკივართა საბჭო, რომელიც არ იქნება დახურული, მაგრამ იქ ვერც ყველა მოხვდება და ამ საბჭოზე შედგება გულშემატკივართა აზრის გაზიარება და მათი განხილვა.

2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა დასახული ამოცანა შეასრულა და ის შესაძლოა წარმატებასთან ასოცირდებოდეს, მაგრამ აქ მრავლადაა საფრთხეები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს წინ 14-15 ქვეყანაა, რომელთაც შესაძლოა ვერ მოვიგოთ. რაგბი უნდა გახდეს სოციალური სისტემა და ჩემი არჩევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ვიღებ სტრატეგიული გეგმის განხორციელებაზე.

ჩვენი სლოგანი - “რაგბი ჩვენი თამაშია” ნიშნავს იმას, რომ მასში თანაბრად უნდა იყვნენ ჩართული მოთამაშეები, მწვრთნელები, ტექნიკურ და სამედიცინო პერსონალსა და რაც მთავარია გულშემატკივარი. ჩვენი მიზანია ქართულ საზოგადოებაში დავნერგოთ რაგბი, სარაგბო ღირებულებები და შევქმნათ სოციალური ურთიერთობების სისტემა. მნიშვნელოვანია სანაკრებო დონის ამაღლება. ეროვნულ გუნდს კვლავ მილტონ ჰეიგი უხელმძღვანელებს, რომელიც ახალ სამწვრნთელო შტაბთან ერთად ახალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ასაკობრივი ნაკრების და საკლუბო რაგბის განვითარება. 18-წლამდელთა ასაკში ორი რეგიონალური ნაკრები გვეყოლება, რომლებიც საერთაშორისო ტესტებს გამართავენ. ტესტ-მატჩების ჩატარებაში დახმარებას კლუბებსაც გავუწევთ. ამ ასაკში მნიშვნელოვანია, რომ თავის გამოჩენის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ მოთამაშეს მივცეთ. რეგიონალური ნაკრებების შექმნით, უფრო მეტი მოთამაშე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს და ეს ქართულ რაგბის წაადგება. ელიტაში ადგილი აუცილებლად უნდა დაიმკვიდროს 20-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ზედიზედ ორჯერ ითამაშებს მსოფლიო თასზე. მნიშვნელოვანია, რომ 7-კაცა ნაკრებს ყავდეს სტაბილური შემადგენლობა.

მნიშვნელოვანია მსაჯების დონის ამაღლება და საქართველოში უნდა დავნერგოთ ვიდეორეფერი, რათა მსაჯების მიმართ ნდობა გაიზარდოს. ვიმუშავებთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ამ პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი დეტალია ერთობლივი, საფეხბურთო-სარაგბო ბაზების შექმნა, რაც გაცილებით იაფი დაჯდება”.

ამის შემდეგ კითხვების დასმის შესაძლებლობა გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს მიეცათ:

“ზედგინიძეს და მის გუნდს ჩვენს შემცვლელებად მოვიაზრებდით, ოღონდ მას შემდეგ, რაც გარკვეულ საფეხურებს გაივლიდნენ. საარჩევნო გარემო ამჯერად მშვიდია და ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. არავის არაფერს არ ვპირდები და თუ გავიგე, რომ ვინმე ხმების მოსყიდვას აპირებს, მისი პირადი მტერი ვიქნები. ქართული რაგბი გზაგასაყარზეა. ან თვალები უნდა დავხუჭოთ და ვთქვათ, რომ კვლავ ოჯახი ვართ, ან უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ რაგბი ღირებულებათა სისტემად გადაიქცა. ჩემს მიმართულებებში ვეტერანები არაა ნახსენები, რადგან ისინი აქ არიან და რაღაც ფორმით ჩართული არიან ჩვენს საქმიანობაში”.

0.150751