ფეხბურთი

17:05 | 13.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელის ევრო 2016-ზე თამაში გადაწყვეტილი არაა

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე აცხადებს, რომ “სკუადრა აძურას” კარი დახურული არავისთვისაა, თუმცა, იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ, გუნდში მოხვედრა გაუჭირდებათ.

ასეთ შემთხვევაში მარიო ბალოტელის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მწვრთნელმა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ის ნაკრებში ერთადერთხელ გამოიძახა, მაგრამ მაშინაც ტრავმა მიიღო და შეკრებიდან ნაადრევად, უთამაშებლად გაემგზავრა. კენჭისყრის შემდეგ, რომელმაც “სკუადრა აძურას” ჯგუფურ ეტაპზე ბელგია, შვედეთი და ირლანდია შეახვედრა, “სუპერ მარიომ” საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა: “მოუთმენლად ველი!”.

ანტონიო კონტეს სწორედ ბალოტელის ამ პოსტზე სთხოვეს კომენტარის გაკეთება: “მოუთმენლად ელის რას? ტელევიზორში ჩვენი თამაშების ყურებას თუ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს? ეს სრულად მასზეა დამოკიდებული. მან თავი უნდა წარმოაჩინოს, ისევე როგორც სხვა დანარჩენებმა. მას ძალიან ბევრი, მართლა ძალიან ბევრი შრომა მოუწევს. მე კარს არავის ვუხურავ. ევროპის ჩემპიონატამდე ხუთი თვეა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველანაირი ცვლილება გამჭვირვალედ მოხდება. იმ ფეხბურთელებს, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპზე დაგვეხმარნენ, დანარჩენებთან უპირატესობა ექნებათ და თუ ვინმე სხვას უნდა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება, ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს”.

0.124306