საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ჩემპიონთა თასის მფლობელ “ტულონის” მესამეხაზელ მამუკა გორგოძეს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა, არაა გამორიცხული, მან გუნდი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს.
31 წლის “ბორჯღალოსანი”, რომელსაც მანამდე 9 წელიწადი “მონპელიეში” ჰქონდა გატარებული, “ტულონში” 2014 წელს გადავიდა, მაგრამ ტრავმებმა მას გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრების საშუალება არ მისცა. იყო შემთხვევები, როდესაც ჯანმრთელი, ფორმაში მყოფი ქართველი, რომელიც ერთ თამაშს მაღალ დონეზე ჩაატარებდა, შემადგენლობაში მაინც ვერ ხვდებოდა. მსოფლიო თასზე ნაჩვენები თამაშის შემდეგ, სადაც ის ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და გახდა პირველი ქართველი, რომელიც მსოფლიო თასის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს, კლუბში მიბრუნებულ, საუკეთესო ფორმაში მყოფ გორგოძეს, მწვრთნელები ნდობას მაინც არ უცხადებდნენ.
შედეგად, ის გუნდის გამოცვლაზე უკვე სერიოზულად დაფიქრდა და ფრანგული პრესის ცნობით, “რასინგთან” წინასწარ შეთანხმებასაც მიაღწია. “ტულონის” პრეზიდენტ მურად ბუდჯელალთან შეხვედრის შემდეგ, თუ მამუკა და კლუბი კონტრაქტის გაწყვეტას დათანხმდებიან, ის პარიზში სამი წლით, 2019 წლამდე გადავა. “რასინგის” პრეზიდენტ ჯეკ ლორენცეტის ძლიერი გუნდის შეკვრა სურს და ცოტა ხნის წინ “ოლ ბლექსის” ყოფილი მგეზავი, დენ კარტერი შეიძინა, მაგრამ შეტევაში აგრესიული თამაში იყო, რაც მის კლუბს გასულ სეზონში ყველაზე მეტად აკლდა. აქ იშვიათად უნივერსალი გორგოძე, რომელსაც მესამე და მეორე ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, მართლაც შეუდარებელია და ალბათ იმის გარანტიაც ექნება, რომ ფორმაში მყოფი სათადარიგოთა სკამზე, ან მოედანს მიღმა არ დარჩება.
ბუდჯელალთან შეხვედრამდე, რომელმაც ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი, გორგოძე “ტულონის” სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და აგერ უკვე ორი თამაშია მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.