რაგბი

15:01 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტულონმა” ნონუ წარადგინა

ჩემპიონთა თასის მფლობელი, ფრანგული “ტულონის” პრეზიდენტმა მურად ბუდჯელალმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ზელანდიელი ახალშენაძენი მაა ნონუ წარადგინა და იქვე გააფრთხილა, რომ მას სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაჯავშნული არ აქვს.

33 წლის შუამარბმა, რომელსაც “ოლ ბლექსის” მაისურით 103 თამაშში 31 ლელო აქვს გატანილი და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია, მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბუდჯელალი ირწმუნება, რომ მის წარსულს მნიშვნელობა არა აქვს და გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად, აწ უკვე ყოფილ “ოლ ბლექსს” გარჯა მოუწევს.

“ის მსოფლიოს ჩემპიონი და “ტულონისთვის” დიდი შენაძენია. ნონუ მართლაც უდიდესი მოთამაშეა და მისი წარსული მიღწევებიც შეუდარებელია, მაგრამ ჩვენ არასდროს ვიმატებთ მორაგბეებს მათი წარსული დიდებების გამო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ის აქაც შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას” - თქვა “ტულონის” პრეზიდენტმა.

ნონუს, რომლის ძირითადი სათამაშო პოზიცია 12 ნომერია, ახალ კლუბში შუამარბის პოზიციაზე ავსტრალიელი მეთ გიტოსა და ფრანგი ვარსკვლავების - მატიე ბასტაროსა და მაქსიმ მერმოზის კონკურენციის დაძლევა მოუწევს. მათგან ნონუს უმთავრესი კონკურენტი გიტოა, რომელიც ასევე 12 ნომრად თამაშობს და რომელიც “ტულონის” საკვანძო მოთამაშეა. ბუდჯელალმა ავსტრალიელი “ბარსელონას” არგენტინელ ვარსკვლავ ლიონელ მესის შეადარა და თქვა:

“თუ გადახედავთ “ტულონის” სტატისტიკას გიტოსთან ერთად და მის გარეშე, მაშინვე თვალში გეცემათ უდიდესი განსხვავება. ეს იგივეა, რომ “ბარსელონას” სტატისტიკას შეხედოთ მესისთან ერთად და მის გარეშე”.

გიტოს მგეზავადაც შეუძლია თამაში და მწვრთნელს მისი და ნონუს მოედანზე ერთობლივად გაყვანის შესაძლებლობის განხილვაც შეუძლია, მაგრამ აქ ადგილს ქუადე კუპერი და ჯეიმს ოკონორი იკავებენ. მოკლედ, ნონუს მისვლით, “ტულონის” უკანა ხაზში კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა.

მაგრამ ნონუს ეს კონკურენცია არ აშინებს. ის ამბობს, რომ “ტულონში” პენსიაზე გასვლის წინა შვებულებისთვის არ ჩასულა და კარიერაში ახალი თავის ჩასაწრად ემზადება. მსოფლიო თასის მეორედ მოპოვებამ, მისი მოტივაცია ოდნავადაც არ გაანელა და ევროპაში თამაშის გამოწვევას ტიტულების მოგების იმედით ხვდება.

“აქ ძალიან ბევრი კარგი მორაგბე დამხვდა, რომელთა წინააღმდეგაც მითამაშია და ახლა მოუთმენლად ველი მათ მხარდამხარ თამაშს. უკანასკნელ ოთხ წელიწადში ბასტარო მნიშვნელოვნად გაიზარდა და ველოდი, რომ საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიო თასზე მას მეტი სათამაშო დრო ექნებოდა. გიტოს წინააღმდეგ ბოლო 10 წელია ვთამაშობ. ის და მერმოზი ამ გუნდის უდიდესი მოთამაშეები არიან. რაც შეეხება მიზანს, აქ ყველას სურს, რომ რაც შეიძლება მეტი ტიტული მოიგოს და წარმატებებით ეს სურვილი სულაც არ მცირდება. სწორედ ესაა ჩემი აქყოფნის სურვილიც - მინდა მაქსიმუმს მივაღწიოთ” - ამბობს ნონუ.

0.130031