ფეხბურთი

19:16 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ ზენაიშვილი: “ზაზა ურუშაძე თანხებს არასწორად განკარგავს”

ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი რაიონის გამგებელს და ამავდროულად საფეხბურთო კლუბ “გურიას” პრეზიდენტ ზაზა ურუშაძეს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს. ს/კ “გურიას” განცხადებას, რომლის მიხედვითაც ზენაიშვილი ზაზა ურუშაძის დისკრედიტაციას ცდილობს, ზენაიშვილი “მოამბე ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა.

“ლანჩხუთის მასშტაბებისთვის ასტრონომიული თანხა, თითქმის 3 მილიონი ლარი, ბიუჯეტმა ფეხბურთისთვის არ უნდა გამოყოს. წინა მთავრობა 400 000 ლარის ფარგლებში აფინანსებდა “გურიას”, რეგიონის ეკონომიკური წინსვლა არ მომხდარა, ამიტომაც შეუსაბამოა ბიუჯეტში არსებული მილიონების ფეხბურთისთვის გამოყენება.

თანხით, რომლითაც შეიძლებოდა სუფსაში საბავშვო ბაღის აშენება, გრიგოლეთის ბაზის რეკონსტრუქციისთვის გამოიყენეს. მე არ ვეწინააღმდეგები საფეხბურთო კლუბ “გურიას”, მე წინააღმდეგი ვარ ფეხბურთის საფარქვეშ საბიუჯეტო თანხების განიავების. ზაზა ურუშაძემ საფეხბურთო კლუბი “გურია” საარჩევნო შტაბად გადააქცია, რომელსაც ბიუჯეტის ფულით ინახავს. ნახეთ რამდენი ადამიანი მუშაობს კლუბში, იქ ზედმეტად ბევრი პირია დასაქმებული, რომელთა ნაწილი პოლიტიკური ნიშნითაა შერჩეული და არა პროფესიული კუთხით, რაც არასწორ მენეჯმენტზე მიუთითებს” – განაცხადა ვახტანგ ზენაიშვილმა “გურიის მოამბესთან” საუბარში.

შეგახსენებთ ლანჩხუთის “გურიას” განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ვახტანგ ზენაიშვილი ლანჩხუთის გამგებელისა და ამავდროულად “გურიას” პრეზიდენტ ზაზა ურუშაძის დისკრედიტაციას ცდილობდა (იხილეთ).

0.151444