ძიუდო

18:39 | 9.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარგიანის ვერცხლი და 300 ქულა

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე უშანგი მარგიანმა ბაქოს გრან სლემზე ვერცხლის მედალი და 300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რაც მსოფლიო რეიტინგში მე-15 ადგილზე მყოფ ძიუდოისტს მოწინავე ათეულში შესვლის რეალურ შანსს აძლევს. პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე მარგიანს ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ხასან ხალმურზაევის დამარცხება დააკლდა. ამ უკანასკნელმა ოქროს მედალი ზედმეტი ნერვიულობის და დაძაბულობის გარეშე მოიპოვა – ქართველი ძიუდოისტი ტრავმის გამო ტატამზე არ გასულა.

ფინალამდე უშანგი მარგიანმა ოთხი შეხვედრა მოიგო. შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და ჩეხი იარომირ მუსილი 33 წამში დააძინა, ავსტრიელ მარსელ ოტს ოთხწუთნახევარში იუკო და ორი ვაზარი შეუსრულა, იაპონელ გოკი მარუიამასაც ორი ვაზარით მოუმთავრა საქმე, 3 წუთსა და 40 წამში, ნახევარფინალში კი გერმანელ დომინიკ რესელს ვაზარის უპირატესობა აკმარა.

81 კილოგრამში საქართველოს დროშის ქვეშ ლაშა ზურაბიანმაც იჭიდავა, მაგრამ ტატამზე ერთადერთხელ გავიდა – გერმანელ ალექსანდერ ვიეჟერზაკთან იპონით დამარცხდა.

დღესვე მედლები 73 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა. საქართველოს სახელით კი საქმეში ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი ჩაებნენ, მაგრამ ორივე საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.

შავდათუაშვილი აზერბაიჯანულ ტატამზე ორჯერ გავიდა. უკრაინელი არტემ ხომულა წუთსა და 23 წამში გააკრა ბეჭებით ტატამს. მერვედფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ზელიმხან ოზდოევთან იპონითვე წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ტატალაშვილმა გრან სლემი პორტუგალიელი ანდრე ალვეშისთვის 4 წუთში შესრულებული სუფთა გდებით გახსნა. აზერბაიჯანელ ვუგარ ბაირამოვს ვაზარით აჯობა. მეოთხედფინალში კი გერმანელ იგორ ვანდტკესთან იუკოს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, იპონით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც უკრაინელ სერგეი დრებოტთან ვაზარით წააგო და მეშვიდე ადგილს და 80 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 63 და 70 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე ქალებმაც გამოავლინეს. 70-ში საქართველოს სახელით კონკურენციაში ესტერ სტამი ჩაება, მაგრამ პირველსავე წრეში იუკოთი დამარცხდა ფრანგ მარგო პინოსთან.

გრან სლემის დასკვნით დღეს – 10 მაისს მედლები მამაკაცებში 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება, ქალებში – 78 და +78 კილოგრამებში. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან კიმონოს მოირგებენ: ალექსანდრე მსხალაძე, ლაშა გურული (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).

ძიუდო

გრან სლემი

ბაქო

9 მაისი

კაცები

73 კგ

1 რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)

2 ნიამ-ოჩირ საინიარგალი (მონღოლეთი)

3 ზელიმხან ოზდოევი (რუსეთი)

3 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)

7 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

81 კგ

1 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი)

2 უშანგი მარგიანი (საქართველო)

3 დომინიკ რესელი (გერმანია)

3 გოკი მარუიამა (იაპონია)

ქალები

63 კგ

1 კატრინ უნტერვურზახერი (ავსტრია)

2 მარტინა ტრაიდოსი (გერმანია)

3 ალის შლეზინგერი (ბრიტანეთი)

3 ანიჩკა ვან ემდენი (ჰოლანდია)

70 კგ

1 სალი კონვეი (ბრიტანეთი)

2 კიმ პოლინგი (ჰოლანდია)

3 მარი ევ გაიე (საფრანგეთი)

3 ბერნადეტ გრაფი (ავსტრია)

0.121297